რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.


რუსული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა. ასევე, მიწისძვრის შედეგად საბავშვო ბაღის შენობის კედელი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ცუნამის ტალღამ სახალინის ოლქში პორტი და თევზსაჭერი საწარმო დატბორა.


ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“წყნარ ოკეანეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ჰავაის მაცხოვრებლებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება ძალაშია”, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცნობით, ეს 1952 წლის შემდეგ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.