"ბოლო 8 წელია, რაც ციფრული ნომადი გავხდი, რაც იმას ნიშნავს რომ 2016 წლის აგვისტოდან ნონ-სტოპ რეჟიმში ვმოგზაურობ და ვცხოვრობ დედამიწის სხვადასხვა საინტერესო ადგილებში. ამ დროისთვის მოვინახულე 80 ქვეყანა" - ამბობს ირაკლი ნინუა, რომელიც ათ ენას ფლობს. იგი თავის განსაკუთრებულად შთამბეჭდავ, ექსტრემალური თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე გვიამბობს.
- ირაკლი, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ, ბავშვობაში რამდენად ხშირად სტუმრობდით საქართველოს სხვადასხვა მხარეს?
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. აქ დავამთავრე სკოლა და მივიღე ოთხიდან ორი უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი და პირველი მაგისტრატურა. ბავშვობაში იმერეთში, კერძოდ ბაღდათში ჩავდიოდი ყოველ ზაფხულს, სადაც სახლი გვქონდა. ასევე მშობლებთან ერთად ნამყოფი ვარ აფხაზეთსა და აჭარაში.
- საქართველოს შემდეგ პირველად რომელ ქვეყანას ეწვიეთ და როგორი იყო შთაბეჭდილებები?
- საქართველოს შემდეგ პირველი ქვეყანა იყო საბერძნეთი. მახსოვს როდესაც სალონიკში მოვხვდი, საოცრად აღფრთოვანებული ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც საბერძნეთის ვიზის მიღება ფანტასტიკის ტოლფასი იყო... როდესაც საბერძნეთში გავფრინდი, ერთი მეგობრის გარდა ამის შესახებ არავინ იცოდა. საბერძნეთში დასარჩენად მივდიოდი, თუმცა ორ კვირაში უკან დავბრუნდი, რაც ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იყო. მაშინ რომ იქ დავრჩენილიყავი ვერ გავაგრძელებდი სწავლას (თსუ-ს სტუდენტი ვიყავი) და ვინ იცის, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა...

- როდის და როგორ დაიწყეთ მოგზაურობა და თავიდანვე გეგმავდით, რომ ამდენ ქვეყანას ეწვეოდით?
- რაც თავი მახსოვს, მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა. თუმცა ადრე არ მქონდა ამის ფინანსური რესურსი. მე როდესაც მოგზაურობა დავიწყე, მაშინ ეს გაცილებით რთული იყო. თითქმის ყველა ქვეყანაში გვჭირდებოდა ვიზა, დაზღვევა... მაშინ არ არსებობდა ბიუჯეტური ავიახაზები. ვოცნებობდი იმაზე რომ ბევრ ქვეყანაში მემოგზაურა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე მაგალითად ავსტრალიაში მოვხვდებოდი. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ 80 ქვეყნის მონახულებას მოვახერხებდი ასეთ ადრეულ ასაკში.
- რამ გაგიადვილათ ამდენ ქვეყნებში მოგზაურობა?
- სოლო მოგზაურობის დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რასაც ბევრი ენის ბარიერის გამო ვერ ახერხებს. მე ეს პრობლემა იშვიათად მაქვს, რადგან ჯეროვნად ვფლობ ათ ენას. ფრანკოფონურ ქვეყნებშიც საკმაოდ კარგად ვახერხებ ადგილობრივებთან კომუნიკაციას, იმისდა მიუხედავად, რომ ფრანგული არ ვიცი. ეს უკვე გამოცდილების დამსახურებაა. ზოგადად ყოველთვის ვცდილობ რამდენიმე სიტყვა მაინც ვისწავლო ადგილობრივ ენაზე, ეს მოგზაურობის პროცესს არამარტო ამარტივებს, არამედ უფრო სახალისოა ხდის!

- რაც ევროპაში ნახეთ, რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის ყველაზე სამახსოვრო?
- ევროპაში ვცხოვრობ 2008 წლიდან. სხვადასხვა ეტაპებზე მომიწია ჩეხეთში, იტალიაში, გერმანიასა და ავსტრიაში ცხოვრება. მიჭირს ერთი რომელი კონკრეტული ქვეყნის გამოყოფა. ადრე ძალიან მიყვარდა შოტლანდია. ედინბურგი დარჩა ჩემს მეხსიერებაში როგორც ძალიან მისტიური და ამავე დროს ჯადოსნური ქალაქი. ასევე ძალიან მიყვარს ნიდერლანდები, შვეიცარია და კვიპროსი. რადგან ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ნამყოფი ვარ და თანაც არაერთხელ. ამ კონტინენტზე მოგზაურობა ისეთ ემოციებს უკვე ვეღარ იწვევს ჩემში როგორ ადრე...
- აფრიკის, აზიის ქვეყნების ვიზიტები როგორ გახსენდებათ?
- 2024 წლამდე ვიყავი ნამყოფი აფრიკის მხოლოდ და მხოლოდ სამ ქვეყანაში: სამხრეთ აფრიკაში, ეგვიპტეში და მადაგასკარზე. გასული წლის ოქტომბრიდან ამა წლის ივნისამდე აფრიკის კონტინენტზე გავატარე 8 დაუვიწყარი თვე. ამ დროის განმავლობაში ვიმოგზაურე და ვიცხოვრე 10 სხვადასხვა ქვეყანაში, როგორებიცაა: სენეგალი, გვინეა, კოტ დიუვარი, განა, ტოგო, ბენინი, ნიგერია, რუანდა, უგანდა და კენია. ასევე შარშან გავატარე ორი დაუვიწყარი თვე კუნძულ ბალიზე. აზიის კონტინენტზე ვარ ასევე ნამყოფი ტაილანდში, კამბოჯაში, ჩინეთში, სინგაპურში, მალაიზიაში, ყაზახეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ბაჰრეინში, ომანში. ასევე საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში. აზიაში გამოვარჩევდი ორ ლოკაციას: ანგკორ ვატს კამბოჯაში და კომოდოს ნაციონალურ პარკს ინდონეზიაში. შარშან წინ 9 თვე გავატარე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მას შემდეგ ავსტრალია ჩემი უსაყვარლესი ქვეყანაა. ის იმდენად უკიდეგანო და ამოუწურავია, რომ ნახევარი ცხოვრებაც რომ გაატარო ალბათ ვერ ამოწურავ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ძალიან ბევრი მოგზაურია. რამდენიმე წლის წინ გავატარე ექვს თვეზე მეტი პერუში, ჩილეში, არგენტინასა და ბრაზილიაში.

- რომელია, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული ადგილი, სადაც ყოფილხართ?
- აღდგომის კუნძული! ეს ადგილი იმდენად გარიყული და ჯადოსნურია რომ სხვა ვერცერთ ადგილს ვერ შევადარებ. ალბათ ძალიან გაგიმართლა რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ჯადოსნურ კუნძულზე მთელი ერთი კვირა გამეტარებინა.
- თუ აღმოჩენილხართ სადმე ძალიან სახიფათო მდგომარეობაში.
- კი, რამდენჯერმე საკმაოდ სახიფათო სიტუაციებში აღმოვჩენილვარ, თუმცა ყოველთვის მომიხერხებია ამ სიტუაციებიდან თავის უვნებლად დაღწევა. ყველაზე ცუდად გასახსენებელი ფათერაკები გადამხდა კუბაზე, ბრაზილიაში, არგენტინაში, სენეგალში, სამხრეთ აფრიკაში. მქონდა ასევე უსიამოვნო შემთხვევები მალაიზიაში და მექსიკაში.

- მალაიზიაში რა შეგემთხვათ?
- მრავალსაათიანი გადაფრენის შემდეგ ჩამოვფრინდი მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, საიდანაც 3 დღეში ავსტრალიაში მივფრინავდი. მივედი სალაროსთან რომ მატარებლის ბილეთი მეყიდა, რომელიც აეროპორტიდან პირდაპირ ქალაქის ცენტრში მიმიყვანდა. გადახდის მომენტში გავაცნობიერე რომ აღარ მქონდა ჩანთა, რომელშიც ორი მთავარი საკრედიტო ბარათი მქონდა. ელდა მეცა - მაგრამ არ დავიბენი: დავიწყე იმაზე ფიქრი როგორ დამებრუნებინა ჩემი ნივთები. ვიცოდი რომ ცხრა მილიონიან ქალაქში ჩემი ჩანთის პოვნის შანსები თითქმის ნულის ტოლი იყო. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ როგორმე შეუძლებელი უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე კიდეც! სადგურის მენეჯერს ავუხსენი ჩემი სიტუაცია. მან დაათვალიერა სათვალთვალო კამერები, სადაც ჩანდა რომ ჩემი ჩანთა მოიპარა ქალმა, რომელიც მაშინვე მატარებლით გაემგზავრა სადგურიდან.
ეს ნიშნავდა იმას რომ ჩანთას უკვე ვეღარასდროს ვნახავდი, მაგრამ მე გამიზნული მქონდა ბოლომდე მებრძოლა. დროის მოგების მიზნით სადგურის მენეჯერმა თავისი ტელეფონით გადაიღო დანაშაულის ფაქტი კამერის მონიტორებიდან და ჩვენ ერთად გავეშურეთ პოლიციის განყოფილებაში, რომელიც აეროპორტის შიგნით მდებარეობდა. როდესაც პოლიციის განყოფილების უფროსმა ნახა ვიდეო, ჰოი საოცრებავ - მან იცნო ქალი რომელმაც ჩემი ჩანთა მოიპარა. როგორც გაირკვა ეს ქალი აეროპორტში დამლაგებლად მუშაობდა. პოლიციის განყოფილების უფროსმა პირდაპირ სისტემაში მოძებნა მისი ნომერი და მაშინვე პირდაპირ მობილურზე დაურეკა. უთხრა, რომ მისი ქმედებები კამერების ჩანაწერში დაფიქსირდა. მას მოსთხოვეს ჩემი ნივთებითურთ დაუყოვნებლივ აეროპორტში დაბრუნება. დაახლოებით ერთ საათში ქალბატონი, რომლებიც ინდონეზიელი აღმოჩნდა, განყოფილებაში მობრძანდა და ჩემი ჩანთა მოიტანა, რომელშიც ყველა ნივთი უკლებლივ შიგნით იყო. იმდენად გახარებული ვიყავი რომ გადავწყვიტე განცხადება არ დამეწერა. ქალი დავტუქსე, ყველას ვინც დამეხმარა უდიდესი მადლობა გადავუხადე და წამოვედი საკუთარი თავით ძალიან ამაყი - მე შეუძლებელი შევძელი!

- ძარცვის მცდელობებიც იყო?
- ბრაზილიაში და არგენტინაში იყო ძარცვის მცდელობები. სამხრეთ აფრიკაში და სენეგალში იყო ფულის გამოძალვის მცდელობები. მექსიკაში იყო, სავარაუდოდ, გატაცების მცდელობა. თუმცა ყველაზე უარესი შემთხვევა ჰავანაში მოხდა, სადაც ღამის საათებში ბოლივიელი მამაკაცი თავს დამესხა დაყაჩაღების მიზნით, ყელში მწვდა და ჩემი დახრჩობა სცადა, რაც თითქმის გამოუვიდა... მაგრამ ალბათ ჯერ ჩემი დრო არ იყო - საბედნიეროდ თავის დაღწევა და გაქცევა მოვახერხე. დაახლოებით ნახევარ საათში იმ ადგილას უკვე პოლიციელებთან ერთად დავბრუნდი და დამნაშავის პოვნა შევძელი. განყოფილებაში რომ წაგვიყვანეს უკანა სავარძელზე გვერდი-გვერდ დაგვსვეს. მაშინ ესპანური ჯერ კარგად არ ვიცოდი, თუმცა google-ის თარჯიმნით დავწერე საჩივარი. დღემდე არ ვიცი მას რა ბედი ეწია- მე კი თითქმის ორი კვირა ჩალურჯებული ყელით დავდიოდი და საკვების ყლაპვის დროს ძლიერ ტკივილს განვიცდიდი...
- სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოზე რას იტყოდით?
- მოგზაურობის დროს ყოველთვის ვცდილობ დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები. ვარ ეგზოტიკური ხილის დიდი მოყვარული. თუმცა ზოგ ქვეყანაში რთულია ხოლმე შესაფერისი საკვების პოვნა, რადგან მე ფაქტობრივად დაბადებიდან არ ვჭამ თევზს და ზღვის პროდუქტებს. ზოგ ქვეყნებში, მაგალითად განაში, ბევრ კერძებში იყენებენ სანელებლებს, რომლებიც თევზს შეიცავს და ამის უკვე მეშინოდა ახალი კერძების გასინჯვა. რომც მეკითხა, მეტყოდნენ რომ საკვები თევზს არ შეიცავდა, იმის გაუცნობიერებლად რომ სანელებლები უკვე შეიცავდა თევზის პუდრას. ზუსტად განაში ყოფნის დროს შევეშვი ექსპერიმენტებს და ორი თვის განმავლობაში ყოველ დღე მხოლოდ ბრინჯს და ქათმის ხორცს ვჭამდი.

- ამდენ ქვეყნებში იშვიათი ცხოველების, ფრინველების ნახვასაც შეძლებდით.
- ძალიან მიყვარს ცხოველები. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ცხოველებს ხვდები მათი ბუნებრივი ბინადრობის არეალში. ავსტრალიაში ყოფნისას მქონდა კოალებთან შეხვედრის ბედნიერება. კენგურუები თითქმის ყველგან იყვნენ. ტასმანიის კუნძულზე ვნახე ბევრი იშვიათი ცხოველი, როგორიცაა ვომბატი, ექიდნა, პლატიპუსი და რა თქმა უნდა ტასმანიური დემონი. თუნდა ცხოველების მოყვარულებისთვის აფრიკაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს! გამოვარჩევდი უგანდას, სადაც მოვინახულე ჟირაფები, ჰიპოპოტამები, სპილოები და მარტორქები მათ ბუნებრივ საარსებო არეალში. ასევე უგანდაში როგორც იქნა ვნახე ჩემი უსაყვარლესი და ამავე დროს უიშვიათესი ფრინველი - ვეშაპთავა ყანჩა. მარტორქები გამორჩეულად მიყვარს - ამიტომაც საოცრად ბედნიერი ვიყავი როდესაც შესაძლებლობა მომეცა უგანდაში ორი დღე გამეტარებინა მარტორქების თავშესაფარში. ასევე უგანდაში შედგა ჩემი შეხვედრა მთის გორილებთან - ეს უდავოდ იყო შეხვედრა რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება...
- როგორ ახერხებთ ამდენ ქვეყნებში მოგზაურობას, ამას განსაკუთრებით დიდი ფინანსები ჭირდება...
- სხვა მოგზაურებისგან განსხვავებით არც ტურებს ვაწყობ და არც ტოტალიზატორებს ვაფინანსებინებ ჩემს მოგზაურობებს. ზოგადად, ვთვლი რომ არც თუ ისე ბევრს ვხარჯავ მოგზაურობისას, რადგან ვცდილობ რომ ბიუჯეტურად, თუმცა ამავე დროს კომფორტულად ვიმოგზაურო. შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ბიუჯეტურად მოგზაურობის ნამდვილი ექსპერტი. ყოველთვის ვახერხებ ფრენების ძალიან იაფად ყიდვას. საცხოვრებელი ადგილის საუკეთესო ფასად პოვნაც საკმაოდ კარგად მაქვს დამუღამებული; ასევე ექსპერტის დონეზე ვერკვევი სხვადასხვა ქვეყნების სავიზო საკითხებში. მიმიღია ისეთი რთული ვიზები, როგორიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. საქმე იმაშია რომ მოგზაურო ჩემთვის უკვე ცხოვრების სტილად იქცა. ბოლო 8 წელია, რაც ციფრული ნომადი გავხდი, რაც იმას ნიშნავს რომ 2016 წლის აგვისტოდან ნონ-სტოპ რეჟიმში ვმოგზაურობ და ვცხოვრობ დედამიწის სხვადასხვა საინტერესო ადგილებში. ამ დროისთვის მოვინახულე 80 ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ყოველთვის ვცდილობ რომ თითო ქვეყანაში მინიმუმ 1-2 თვე მაინც გავატარო, რაც ადვილს ხდის ადგილობრივი კულტურის კარგად გაცნობას და ამ ქვეყნების საგულდაგულოდ დათვალიერებას.

- სადმე შორს თუ შეგხვდათ ქართველები, ან რამე ქართული?
- ქართული რესტორნები ძალიან ბევრ ქვეყანაში შემხვედრია. ძალაინ გამიკვირდა, როცა გავიგე რომ ბალიზეც კი არის ქართული რესტორანი. ავსტრალიაში ყოფნის დროს გავიცანი რამდენიმე ქართველი, რაც ასევე დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის. არ მეგონა რომ პლანეტის მეორე ბოლოში ამდენი ქართველი ცხოვრობდა.
- გვიამბეთ იმაზე, რაც თქვენ ნახეთ და საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებად, ან სულ არ ვიცით.
- ის, თუ რამდენად ბედნიერები ვართ რომ დავიბადეთ საქართველოში და არა სადმე ნიგერიაში ან კონგოში. ქათველმა ხალხმაც რა თქმა უნდა გამოსცადა ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ ამის შედარებაც კი შეუძლებელია იმ ყოფასთან, რაც ბევრს სხვა ქვეყანაში ვნახე. საქართველოში ყოველთვის ბევრად მეტი შესაძლებლობები იყო და ზოგადად ცხოვრებაც გაცილებით მარტივი. ბევრი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე ჩვენთან გაცილებით მარტივია თავის გატანა - რაც ბევრ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში ძალიან, ძალიან რთულია.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ძალიან მინდა უახლოეს მომავალში ვიმოგზაურო კანადაში, ვიეტნამში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში. ასევე უკვე ვგეგმავ შემდგომ მოგზაურობას აფრიკაში. ამჯერად მინდა რომ ვიმოგზაურო სახმელეთო გზით კენიიდან ნამიბიამდე. ამ მოგზაურობის ფარგლებში გავივლი 5000 კმ-ზე მეტს და მოვინახულებ შვიდ ახალ ქვეყანას.