ავტორი:

მიწისძვრა ოპერაციის დროს, დატბორილი დასახლებები რუსეთში და პანიკა - შოკისმომგვრელი კადრები კამჩატკიდან, სადაც 8.8. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა ოპერაციის დროს, დატბორილი დასახლებები რუსეთში და პანიკა - შოკისმომგვრელი კადრები კამჩატკიდან, სადაც 8.8. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 119 კმ-ის დაშორებითა და 19,3 კმ-ის სიღრმეში იყო.

მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.

რუსული მედია მიწისძვრისა და ცუნამის შედეგების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ცუნამმა დააზარალა კამჩატკაში, სანაპიროზე მყოფი კაიაკერები. როგორც აღმოჩნდა, ისინი საცურაოდ არასახარბიელო დროს გავიდნენ სანაპიროზე.

ვრცელდება საოპერაციო ბლოკში გადაღებული ვიდეო.

მიწისძვრის დროს, ონკოლოგიურ დისპანსერში ოპერაცია მიმდინარეობდა, რა დროსაც ბიძგებთან გამკლავება ექიმებს თავად მოუწიათ. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელით იჭერდნენ პაციენტს. როგორც მედია წერს პაციენტი კარგადაა, ხოლო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, მიწისძვრის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა სერიოზული დაზიანებები არავის აქვს.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა. ძირითადად, პაციენტები არითმიის, ეპილეფსიის და არტერიული წნევის ჩივილებით რეკავდნენ.

  • მგზავრი, რომელმაც ვიდეო აეროპორტში გადაიღო, აცხადებს, რომ მიიღო სერიოზული დაზიანებები თავის არეში. მას ჭერიდან ჩამოვარდნილი ბლოკი მოხვდა.

განხორციელდა აეროპორტში მყოფთა ევაკუაციაც, ისინი შიდა ეზოში გაიყვანეს.

განახლებული მონაცემებით, 8.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა სევერო-კურილსკის სანაპირო ზონაში სამი ცუნამის ტალღა ჩამოაგდო. ბოლო ყველაზე ძლიერი იყო. გემები პორტში მდებარე ნავმისადგომებიდან გამოძვრნენ და სრუტეში გადაიყვანეს (ვიდეო 2).

  • საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მთლიანად დაიტბორა სევერო-კურილსკის პორტი. წყალმა დაფარა საწარმოები, შენობები და მცირე ზომის დასახლებები.

მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

  • ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს მიწისძვრის დროს გადაღებულ ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ ძლიერად ირყევიან ავტოსადგომზე მდებარე ავტომობილები.

ადგილობრივ სუპერმარკეტებში კი ჩამოინგრა თაროები. როგორც ამ დროისთვის მედია წერს, შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია, რომ წყნარ ოკეანეში, კამჩატკაზე მომხდარი მიწისძვრა 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო. მოსალოდნელია, რომ ბიძგები მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

იხილეთ ასევე: