2024 წლის 28 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებდა, საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა საკუთარი პროევროპული არჩევანი დაეცვა. თუმცა, პროტესტს მალევე მოჰყვა დაკავებები.
განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა 17 დეკემბერს რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის დაკავების საქმე. წყვილი, რომელმაც თბილისში თავშესაფარი იპოვა, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მათი ვერსია მკვეთრად განსხვავდება ოფიციალურისგან: ისინი ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. არტემ გრიბული კონკრეტულ პოლიციელსაც კი ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, ნარკოტიკების ჩადებაში მონაწილეობდა. დაკავებულები აღნიშნავენ, რომ დაკავებისას პოლიციელები მათ ემუქრებოდნენ და ხაზს უსვამდნენ მათ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში.

ვინ არიან ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული და რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში?
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული არიან რუსი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ პუტინის რეჟიმს და მონაწილეობდნენ ანტირეჟიმულ აქციებში. ანასტასია საჯაროდ გამოხატავდა მხარდაჭერას ალექსეი ნავალნისა და მოძრაობა "Открытая Россия"-ს მიმართ, ხოლო არტემი აქტიურად ჩაერთო მობილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.
ომის დაწყების შემდეგ წყვილმა დატოვა რუსეთი: ზინოვკინა საქართველოში პირველად 2022 წლის დეკემბერში ჩავიდა, ხოლო გრიბული თავიდან სომხეთში გადავიდა, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. 2024 წლის ზაფხულში წყვილი ერთად ჩამოვიდა თბილისში, როგორც ისინი ამბობენ – უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ცხოვრების იმედით, სადაც შეეძლებოდათ სამოქალაქო აქტივიზმის გაგრძელება.
საქართველოში ისინი დაუფარავად მონაწილეობდნენ პროევროპულ აქციებში, ეხმარებოდნენ მოძრაობას "არა რუსულ კანონს", სხვა აქტივისტებთან ერთად აწვდიდნენ პირველადი დახმარების ნივთებს მომიტინგეებს.
2025 წლის თებერვალი-ივლისი
2025 წლის იანვრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების საქმეების განხილვა დაიწყო. 10 თებერვალს, სასამართლოს დერეფნები ხალხით იყო სავსე. პარალელურად მიმდინარეობდა რამდენიმე გახმაურებული პროცესი, მათ შორის, დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის საქმე, რომლებსაც მიტინგების დროს ვიდეოკამერების დაზიანება ედებათ ბრალად, ასევე ვაჟა გაფრინდაშვილის ადმინისტრაციული საქმე.
თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა დარბაზი #14, სადაც მოსამართლე ლელა კალიჩენკო ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის აღკვეთის ღონისძიებას იხილავდა. სხდომაზე ბრალდებულებმა შოკისმომგვრელი დეტალები გააჟღერეს დაკავების პროცესზე: ანასტასია ამტკიცებდა, რომ მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ხოლო პირადი ჩხრეკა კაცებმა ჩაუტარეს. არტემი კი ჰყვებოდა, თუ როგორ მოატყუეს და ნარკოტიკები ჩაუდეს. მათი თქმით, პოლიციელები ახსენებდნენ მათ აქციებში მონაწილეობას, რაც პოლიტიკური მოტივის ეჭვს აჩენს.
ადვოკატებმა მრავალ პროცედურულ დარღვევაზე გაამახვილეს ყურადღება: პირადი ჩხრეკა ვიდეოჩანაწერის გარეშე მიმდინარეობდა, ბრალდებულებს ზედა ტანსაცმლის გახდა აიძულეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩხრეკა სასამართლოს ნებართვის გარეშე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით ჩატარდა, რაც, ბრალდების თქმით, „კონფიდენციალური წყაროდან“ მიღებული ინფორმაციით იყო განპირობებული – თითქოს ზინოვკინა და გრიბული ნარკოტიკებს საპროტესტო აქციებზე ავრცელებდნენ.
დაცვის მხარე დაჟინებით ითხოვდა მაღაზია „ორი ნაბიჯის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საქმეზე დართვას, რადგან წყვილი სწორედ იქიდან გამოსვლისას დააკავეს. ეს ჩანაწერები, ადვოკატების თქმით, სრულად ამხელს დაკავების ოქმში არსებულ ტყუილს. თუმცა, სასამართლომ უარი თქვა ამ მოთხოვნაზე. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაღაზიამ წაშალა კამერების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ექვსი თვის განმავლობაში შენახვა ევალებოდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შინაპატიმრობით და წყვილი პატიმრობაში დატოვა. ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
შიმშილობა და ახალი მოთხოვნები: 2025 წლის ივლისი
2025 წლის 21 ივლისს, მორიგი სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ დაძაბული აღმოჩნდა. არტემ გრიბულმა შიმშილობა გამოაცხადა. მისი მთავარი მოთხოვნაა, სასამართლომ შსს-დან გამოითხოვოს ზარების დეტალიზაცია იმ თარჯიმნებთან, რომლებიც დაკავებისას იმყოფებოდნენ. არტემის თქმით, ეს დაამტკიცებს, რომ დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი, ხოლო თარჯიმნები პოლიციასთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

მოგვიანებით, 23 ივლისს, შიმშილობას შეუერთდა კიდევ ერთი რუსი პატიმარი, ანტონ ჩეჩინი. ორივე მათგანი მშრალ შიმშილობას აცხადებს. არტემ გრიბულმა ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, სადაც არაერთი მოთხოვნაა ჩამოთვლილი, მათ შორის: მედიისთვის ყველა პროცესზე დასწრების ნებართვა, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, ანასტასიას პატიმრობის პირობების გაუმჯობესება და მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება.
სიყვარული გისოსებს მიღმა: ქორწინება ციხეში

ამ მძიმე ვითარებაში, არტემ გრიბულმა და ანასტასია ზინოვკინამ გადაწყვიტეს დაქორწინდნენ. მათი მეგობრის თქმით, წყვილი ამ ნაბიჯზე წასვლას ჯერ კიდევ პირველივე სასამართლო სხდომიდან განიხილავდა. ქორწინებით მათ იმედი აქვთ, რომ ციხეში ერთმანეთთან ურთიერთობისა და შეხვედრის უფლება მოიპოვონ, რასაც კანონი ითვალისწინებს.