ავტორი:

"ეზოში მდებარე სათავსოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს..." - უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა: რა მოხდა 2022 წელს ბოდბეში

"ეზოში მდებარე სათავსოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს..." - უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა: რა მოხდა 2022 წელს ბოდბეში

უზენაესმა სასამართლომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მომხდარი ფემიციდის საქმის განხილვა დაასრულა და ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ცოლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ინფორმაციას "უფლებები საქართველო" ავრცელებს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილებისა და მშობლების ინტერესებს 2022 წლიდან.

  • საუბარია 2022 წელს მომხდარ ფაქტზე, როდესაც მარიამ აბაზაძეს თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში, შმაგი ხუნაშვილმა ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მსხვერპლი ქალი კლინიკაში 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ქალს 2 შვილი დარჩა. 2025 წლის 21 ივლისს ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილებმა "უფლებები საქართველოს" დახმარებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და 10 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციის მოითხოვეს.

"უფლებები საქართველო“ განაგრძობს არასრულწლოვანების სამართლებრივ წარმომადგენლობას, ვიდრე არ დასრულდება სახელმწიფო კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

საქმის დეტალები:

2022 წლის 04 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში, მოძალადე კაცმა ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად მსხვერპლი ქალი კლინიკაში 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

"უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეში გამოძიების ეტაპზევე ჩაერთო მსხვერპლი ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილების სამართლებრივი ინტერესების დასაცავად.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, 2023 წლის 29 მაისის განაჩენით, მოძალადე მამაკაცი დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც პროკურატურამ, ისე მსჯავრდებულმა კაცმა. ეს უკანასკნელი მოითხოვდა გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში, მისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქ დანაშაულზე და, შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო პროკურატურა ითხოვდა მოძალადის მიერ ჩადენილი ქმედების განსაკუთრებული სისასტიკის მაკვალიფიცირებელი ნიშნითაც მსჯავრდებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა მხარეთა სააპელაციო საჩივარი და, 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.