ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ, დილის საათებში რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია წერს, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა და ათობით ადამიანი დაშავდა.
მედია ავრცელებს ინფოგრაფიკას, რომელზეც ნაჩვენებია გამთენიისას რუსი ტერორისტების მიერ უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული კამიკაძე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების ფრენის ტრაექტორია. გაშვებული იყო 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და 8 რაკეტა.

მხოლოდ კიევში, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის თავდასხმები 27-ზე მეტი ადგილას მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
“5 რაკეტიდან ერთ-ერთი კიევში მდებარე საცხოვრებელ შენობას მოხვდა. ხოლო 21 საფრენი აპარატის პირდაპირი დარტყმა დაფიქსირდა 12 ადგილას, თითქმის ყველა დაეცა დედაქალაქში“, - ავრცელებენ საჰაერო ძალები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის იგორ კლიმენკოს განცხადებით, რაკეტა სვიატოშინსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე პირდაპირ შევარდა, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას ეძინა.
მათი ნანგრევებიდან ამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, ბეტონის ფილების ქვეშ ბევრი ადამიანი იმყოფება. უცნობია მათი მდგომარეობა.


დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვია.
„ამ დროისთვის, 6 დაღუპული გვყავს. დაღუპულებს შორის არის ექვსი წლის ბავშვი. გვყავს 52 დაშავებული, 30-მდე საავადმყოფოშია, მათ შორის 9 ბავშვია. სამწუხაროდ, ეს რიცხვი გაიზრდება. რუსი ტერორისტების მიზანმიმართული დარტყმის შედეგად კიევის ორი მცხოვრები დაიღუპა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა კიევის გენერალური შტაბის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ.
“რუსებმა დღეს ღამით უკრაინის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და 8 რაკეტა გაუშვეს. დაღუპულებს შორის 6 წლის ბავშვი და მისი დედაა. დღეს მსოფლიომ კვლავ იხილა რუსეთის პასუხი ამერიკის, ევროპისთვის და ჩვენს სურვილზე -მშვიდობის დამყარების შესახებ.
ეს არის ახალი დემონსტრაციული მკვლელობები. ამიტომ, ძალის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია“, - განაცხადა ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კიევის მერის, კლიჩკოს განცხადებით, “ეს დედაქალაქში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ერთ ღამეში დაშავებული ბავშვების ყველაზე დიდი რაოდენობაა“.

“პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო...კიევში საშინელი დილა გათენდა. რუსეთის სასტიკმა დარტყმებმა საცხოვრებელი შენობები დაანგრია, სკოლები და საავადმყოფოები დააზიანა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრე სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ X-ზე.
„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
იხილეთ ასევე: