ავტორი:

"...როგორც კი უარი თქვა სხეულმა ამ პერსონაჟის თამაშზე, იმ წუთას გაჩნდა კიბო, ორი მკერდი მოვიკვეთე" - ჟურნალისტი ნინო ხაჟომია მძიმე დიაგნოზსა და გამოცდილებაზე

"...როგორც კი უარი თქვა სხეულმა ამ პერსონაჟის თამაშზე, იმ წუთას გაჩნდა კიბო, ორი მკერდი მოვიკვეთე" - ჟურნალისტი ნინო ხაჟომია მძიმე დიაგნოზსა და გამოცდილებაზე

ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, საშა კაცმანის პოდკასტში საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბრისას, საზოგადოებას უზიარებს ემოციურ და მტკივნეულ გამოცდილებას, რომელიც კიბოს დიაგნოზს მოჰყვა. მისი მოყოლილი არ არის უბრალოდ პირადი ისტორია, ეს არის ქალებისთვის ძლიერი მესიჯი სიმამაცეზე, აღიარებაზე და ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასებაზე. ნინო ხაჟომია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სიკვდილის შიში ვაქციოთ ბრძოლის სტიმულად და როგორ შეიძლება ტკივილმა შეგვძინოს ახალი სიბრძნე:

- პირველი ეტაპი არის აღიარება, უნდა აღიარო რაც გჭირს. მე რომ ვამბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღიარებაა. მეგობრები მეჩხუბებიან რატომ ამბობ, რომ კიბო გაქვს, ადამიანი ხომ ამბობს, როცა რამე სტკივა, წონაშია მომატებული, მე რატომ არ უნდა ვთქვა? - ეს აღიარება ბრძოლისთვის შემართებას მაძლევს.

სანამ მეტყოდნენ, ტვინში უკვე ვიცოდი, რომ კიბო მქონდა. მთელი ცხოვრება ხომ რაღაცა ფობია ხომ გვაქვს. მთელი ცხოვრება ველოდებოდი კიბოს და ვიცოდი, რომ კიბო უნდა მქონოდა. ერთი დეიდა ძუძუს კიბოთია გარდაცვლილი, მეორეს რემისია აქვს ოცწლიანი. თან როგორი მოწესრიგებულად ვაკეთებდი იცით, 6 თვეში ერთხელ ვიმოწმებდი თავს. ასპროცენტიანი ვიცი, რომ მე დავმართე საკუთარ თავს. ახლა ამ გადმოსახედიდან სხვანაირად წარვმართავდი ჩემს ფიქრებს. იქ მივდივართ და ის გვემართება რისიც გვეშინია. ყველა შიშს სიკვდილის შიში უდგას უკან, არ არსებობს სხვა შიში. ქალებს მინდა ვუთხრა, არ იტირონ და არ აღიქვან ეს როგორც განაჩენი. ძალიან კარგი წლები გელოდებათ წინ და მოდი 6 თვე გადავდოთ და ვიმკურნალოთ.

მე მივხვდი რატომ დავიწყე მთაში სიარული, ეს უყო ჩემი გლოვის რიტუალი, მარტო რჩები საკუთარ თავთან. მეშინია, რომ რამდენად აისახება ეს ექვსი თვე ჩემი დარჩენილი ცხოვრების ხარისხზე.

ემოციებს, ადამიანებს ფერებით აღვიქვამ, გემოც ასეა ჩემთვის. კარიერიდან არაფერი დამრჩა, დროის ფუჭი დანახარჯია. ჩემი 21 წლის შვილი რამდენიმე თვის წინ მომიტრიალდა და მითხრა დე, ყოველთვის ყველაზე ძალიან რომ მჭირდებოდი შენ იყავი სამსახურშიო. მარტო ვიყავი რომ გავიგე კიბო მაქვს, იმ დღიდან არ დამიშვია სხვა გამოსავალი, რომ მე მექნება რემისია, მერე რა იქნება, არავინ იცის. პატარამ შვილი 13 წლის არის, მკითხა, დე, ხომ არ მოკვდები, უფროსი შვილი 21 წლის არის, ერთად გავიზარდეთ, მეგობრები ვართ.

ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ამას არასოდეს ვამჟღავნებ. ვკლავ, სადღაც ვაგდებ, უკან. არაფერი არ ხდება ცხოვრებაში კანონზომიერების გარეშე, ეს ჩემი „ვირუსიც“ კანონზომიერებაში ჯდება. რაღაც უნდა მასწავლოს. ჩემს შვილებს ვეფერებოდი როცა ეძინათ, არ ვაძლევდი ემოციებს გამოხატვის საშუალებას.

ნინო იყო უხეში, არარომანტიკული, დამოუკიდებელი ქალი. როგორც კი უარი თქვა სხეულმა ამ პერსონაჟის თამაშზე, იმ წუთას გაჩნდა კიბო. რაში მჭირდებოდა პოპულარობა, რა, ბომონდურ „ტუსოვკებზე“ დავდიოდი, პრეზენტაციებზე? როგორი დროის ხარჯვაა, სხვა რამით ჩაანაცვლე, იოგით დაკავდი, ერთი ფურცლით მეტი წაიკითხე, ერთით მეტი ენა ისწავლე. ორ თვეში ტვინმა დაისვენა.

ერთადერთი რაზეც ჩავიციკლე, ადრე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო როგორი კომბინეზონი მეცვა, ვიდრე როგორ ჯანსაღ საჭმელს ვჭამდი. ახლა ჩატჯიპიტის ვეკითხები ყველაფერს ჯანსაღ კვებაზე. ორი მკერდი მოვიკვეთე, ანჯელინა ჯოლის ოპერაცია გავიკეთე, იმაზე შიშით, რომ არ მინდა მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში, რომ რეციდივის შიშით ვიცხოვრო, თუმცა არ იყო ამის საჭიროება.