ავტორი:

როგორი იყო 1,8 მილიონი წლის წინ უძველესი ადამიანი ოროზმანში აღმოჩენილი ქვედა ყბის მიხედვით - რას ჰყვება ექსპედიციის ხელმძღვანელი დმანისის მორიგ სენსაციურ აღმოჩენაზე

როგორი იყო 1,8 მილიონი წლის წინ უძველესი ადამიანი ოროზმანში აღმოჩენილი ქვედა ყბის მიხედვით -  რას ჰყვება ექსპედიციის ხელმძღვანელი დმანისის მორიგ სენსაციურ აღმოჩენაზე

ოროზმანის საერთაშორისო გათხრების მიმდინარეობისას, საექსპედიციო ჯგუფმა არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.

  • გათხრები მიმდინარეობს 1,84-1,77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში - ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. მუშაობა 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ექსპედიციაში პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან.

საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელი არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი, ამ ეტაპზე ილიაუნის მოწვეულ ლექტორი (ლექციებს ქვის ხანის არქეოლოგიაში კითხულობს) Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის მიმდებარედ, 2019 წელს აღმოვაჩინეთ ადრეული პალეოლითის, ქვის ხანის ძეგლი. 2021 წელს დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და მას შემდეგ 2022 წელს ვიპოვეთ ევრაზიის უძველესი ადამიანის კბილი, რომელიც 1.800.000 წლითაა დათარიღებული.

2025 წელს 3 ივლისს არქეოლოგიური გათხრები განახლდა და რამდენიმე დღის წინ ადამიანის ქვედა ყბას მივაგენით. რომელიც ეჭვს არ იწვევს, რომ კონკრეტულად 1 800 000 წლის არის, იმდროინდელ პოპულაციას მიეკუთვნება (დაახლოებით დმანისის თანატოლი ადამიანია).

დმანისიდან ეს დასახლება 20 კილომეტრითაა დაშორებული და უფრო მაღლაა - ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, მამუთლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც მაშავერას ხეობის მარჯვენა შენაკადია. თვითონ დმანისი 950 მეტრზეა, ამიტომ, ჩვენ ახლა დაახლოებით 300 მეტრით მაღლა ვიმყოფებით.

- როგორც ფაქტები მეტყველებს, ზოგადად ეს ტერიტორია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა არქეოლოგიური თვალსაზრისით...

- ასეა. არის არტეფაქტები, ქვის იარაღები (პირველყოფილი ადამიანის მიერ დამზადებული), არის ასევე ადრეული პლეისტოცენის პერიოდის განამარხებული ფაუნა - ეტრუსკული მგელი, სამხრეთული სპილო, ჟირაფი, მარტორქა, გადაშენებული ცხენები და ამასთან ერთად დადასტურებულია ადამიანი. ეს კი კაცობრიობისთვის და არა მარტო საქართველოსთვის, ჩვენს ოროზმანს მაღალი მნიშვნელობის არქეოლოგიურ ობიექტად ქმნის. საუბარია ევრაზიაში პირველ ადამიანებზე, კაცობრიობის პირველ ნაბიჯებზე.

ამ მოცემული თარიღებიდან გამომდინარე, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა უკვე ადრეული ჰომინიდების ჯერ აზიის მიმართულებით განსახლება და შემდეგ უკვე ევროპის მიმართულებით.

- აღმოჩენილი ქვედა ყბა როგორი ტიპის ადამიანზე მიანიშნებს, შეგვიძლია მისი პარამეტრების განსაზღვრა?

- აღნიშნული ქვედა ყბა ქანთან ერთად არის ამოღებული, ლამის 2 მილიონი წელი მიწაში იყო და შედუღებულია. მის განცალკევებას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა კბილების ემალი და ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს, შემონახულია.

დაახლოებით ამ პოპულაციის ადამიანის 5 თავის ქალა და 4 ყბა გვაქვს დმანისში ნაპოვნი (1991 წლიდან 2005 წლის პერიოდში). ის, რაც ახლა აღმოვაჩინეთ, ვფიქრობთ, იგივე პოპულაციაა, ადრეული ჰომოერექტუსია, რომელმაც დატოვა აფრიკა, ევრაზიაში შემოვიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დასახლდა იქ, სადავ ადრე ვულკანურად აქტიური ტერიტორია იყო. ვულკანებს მდინარეთა ხეობები ჰქონდა გადაკეტილი და ვულკანური ტბები იყო წარმოქმნილი.ფაუნაც ძალიან საინტერესოა. ევრაზიული ფაუნაა წარმოდგენილი, რაც დაახლოებით 1 800 000 წლისაა. ის ადამიანები ამ ტერიტორიაზე ფაუნასთან თანაცხოვრობდნენ და ამიტომ გვაქვს განამარხებული სახით შემონახული მათი ძვლები და მათ მიერ დამზადებული ქვის იარაღები - არტეფაქტები.

ამით ბევრი რამის თქმა შეგვილია, ეს ძალიან მაღლა სწევს საქართველოს მნიშვნელობას, როგორც ქვეყნისას და საერთაშორისო კუთხით უფრო მაღალი იქნება დაინტერესება, რადგან საუბარია კაცობრიობის პირველ ნაბიჯებზე.

ოროზმანი უმაღლესი კატეგორიის ძეგლია, ასეთი ძეგლები მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. მარტივად ასახსნელი ენით რომ ვთქვათ, ეს არის ადამი. პირველი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მომცემი ძეგლები. ეს ადამიანები რომ არა, მათი არგადარჩენა, არგამრავლება და ა.შ. ჩვენ საერთოდ არ ვიარსებებდით.

რაც შეეხება მათ პარამეტრებს - მეტრი და 30 სანტიმეტრის იყვნენ, მცირე ზომის თავის ქალა ჰქონდათ, ტვინის მოცულობაც ძალიან მცირე - 550-დან 750 კუბურ სანტიმეტრამდე. თუკი ჰომოსაპიენსს ავიღებთ, მას 1200-1400-მდე აქვს, ანუ ამ პოპულაციაზე 2-ჯერ პატარა თავის ქალაზეა საუბარი. თუმცა შეძლეს და გამრავლდნენ, მერე გადარჩნენ, გაუძლეს ურთულეს გარემოს.

- ოროზმანის არქეოლოგიური სკოლაზე რას გვეტყვით?

- ეს არის ჩვენი დაფინანსების წყარო. აქ სწავლა ფასიანია, უცხოეთიდან არიან სტუდენტები, მათი გადახდილი გადასახადით ვახერხებთ ქართველი სტუდენტებიც მოვიწვიოთ აქ და ვამუშაოთ, რადგან სამწუხაროდ, დაფინანსების სხვა წყარო არ გაგვაჩნია. ვაძლევთ განათლებას. კურსის გავლის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული საველე არქეოლოგიის მაღალი კვალიფიკაციის ცოდნა აქვთ. ჩვენთან ლექციებს უმაღლესი კატეგორიის ლექტორები კითხულობენ. ეს ადამიანები მონაწილეობენ ამ ექსპედიციებში.

- ემოციურად თქვენთვის რას ნიშნავს ეს აღმოჩენა?

- ამას ველოდებოდით, თან გვჭირდებოდა იმიტომ, რომ ასეთი სიახლეები, საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენები ქვეყნისთვის აუცილებელია. თავიდან როცა ქვის იარაღები ვიპოვეთ, ველოდებოდით ადამიანს და ამ ადგილას კბილი აღმოჩნდა. ახლა უკვე მთლიანად ქვედა ყბა. შესაბამისად ამ ყველაფერს დიდი პოტენციალი აქვს. შესაძლოა, რაღაც კიდევ აღმოჩნდეს. თან ამ უაღრესად დიდი არქეოლოგიური ძეგლის მცირე ნაწილს ვსწავლობთ.

- დაფინანსებისთვის სპონსორებსაც მიმართეთ, რომ გამოგეხმაურონ...

- კომპანიებს ასეთი საკითხების მიმართ, წესით ინტერესი უნდა გააჩნდეთ. საერთოდ ყველა განვითარებულ ქვეყანაში კერძო სექტორი აფინანსებს განათლებას და მეცნიერებას - ეს ოქროს წესია. სწორედაც უნდა მოვუწოდოთ მაღალი პასუხისმგებლობის კომპანიებს, რომ არა მარტო ჩვენს ექსპედიციას, სხვა სამეცნიერო კვლევებსაც ხელი შეუწყონ. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ასეთ საქმეს ხელს ვუწყობთ. მათი მხარდაჭერა იმისთვისაა საჭირო, რომ ექსპედიცია დაფინანსდეს, რადგან ძვირი შესანახია. ტრანსპორტირება, საცხოვრებელი ადგილი, მოსახლეობაში სახლებს ვქირაობთ და პირობებით ვერ დავიკვეხნით, თუმცა ისეთი მნიშვნელობის საქმეს შევეჭიდეთ, რომ ამ ყველაფერს ყურადღება კერძო სექტორმა უნდა მიაქციოს. ვაპირებთ სამუშაოების გაგრძელებას და შეგვიძლია ამ ძეგლიდან ზაფხულის მანძილზე კიდევ მეტი საინტერესო ინფორმაცია ამოვიღოთ. ამიტომ გადავწყვიტე, მოვუწოდო, წესით ამაყი უნდა იყოს ნებისმიერი კომპანია, ვინც ასეთი მნიშვნელობის კვლევას ხელს უწყობს. ამ ტერიტორიაზე 2022 წელს კბილი რომ აღმოჩნდა, ეს სენსაციური ინფორმაცია მსოფლიოს ცნობილი გამოცემების „გარდიანის,“ „შპიგელის“ ყდებზე იყო განთავსებული, რადგან კაცობრიობას ეხება და არ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას.

- ძალიან საინტერესო პროფესია გაქვთ

- ჩვენი ქართული არქეოლოგიური სკოლა 150 წლის არის, - ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. თუნდაც ბოლო ფაქტები და ამის გარდა უამრავი საინტერესო აღმოჩენა ამას აჩვენებს. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაც არის გავაგრძელოთ მუშაობა. ძალიან მდიდარი ქვეყანა გვაქვს და ამ პოტენციალის არ გამოყენება არასწორია.

ამ წუთას ჩვენ ანთებული ვართ იმით, რომ ასეთ "ოქროს საბადოს,“ "კლონდაიკს“ მივაგენით და ეს მთელ მსოფლიოს დააინტერესებს. ვიმეორებ, აქედან იმდენი საინტერესო ინფორმაციის ამოღება შეიძლება.

- რა ბედი ეწევა ამ ახალ აღმოჩენას - ქვედა ყბას?

- წავა ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში, მერე მისი სკანირება მოხდება, შემდეგ გაცალკევება, კვლევა და მაღალი ცნობადობის საერთაშორისო ჟურნალში სტატია გამოქვეყნდება. ამ ყბის ასლები კი დამზადდება და მსოფლიოს მუზეუმებში დაიდებს თავის ადგილს.