ავტორი:

5 საინტერესო ამბავი ძველ თბილისზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

5 საინტერესო ამბავი ძველ თბილისზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

თბილისი უბრალოდ დედაქალაქი არ ყოფილა. აივნიანი ქალაქის ქუჩები უამრავ ისტორიას ინახავს... აქ ისვენებდნენ ქარავნები, აქ იყო ოსტატების სამფლობელო, მტკვრის კუნძულებზე შეფენილი ბაზრებისა და მცურავი წისქვილების სამყარო. ფერადი ხის რიკულებიანი ლამაზი აივნები, ძველი თბილისის მაცხოვრებლების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახლდათ. აივნებზე მოსმენილი ჭორები, ბანქოს თამაშები, ცეკვა-სიმღერები, მეჯლისები - ძველი თბილისი თავისი განუმეორებელი სულიერებით ყოველთვის ახერხებდა მოგზაურთა გაოცებას.

ალბათ ბევრი გსმენიათ ძველი თბილისზე, მაგრამ მე 5 საინტერესო ამბავს მოგიყვებით, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით, ან არასდროს შეგიხედავს ამ კუთხით.

1. აქლემების ქარავნები

თუ ფიქრობთ, რომ პირველი აქლემის ნახვა საქართველოში ცირკში ან ზოოპარკში იყო შესაძლებელი, - ცდებით! ძველ თბილისში აქლემები სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სავაჭრო ქარავნები ცენტრალური აზიიდან და ირანიდან შემოდიოდნენ, ზურგზე დატვირთული საქონლით. ისინი ქალაქის ქარვასლებში ჩერდებოდნენ, წყურვილს კი მდინარე მტკვარის სანაპიროებზე იკლავდნენ. XIX საუკუნეში საქართველოდან აქლემებით გადაჰქონდათ ღვინო, ხილი, ხმელი ხილი, ცხვრის მატყლი, ბატკნის ტყავი, ხალიჩები, აბრეშუმი, თიხის და მინის ნაწარმი — ყველაფერი, რაც ადგილობრივ ოსტატობას და ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენდა.

2. ქარვასლა — არა მხოლოდ ბაზარი, არამედ მულტიფუნქციური შენობა

ქარვასლა წარმოადგენდა არა მარტო სავაჭრო სივრცეს, არამედ მინი-საზოგადოებას — აქ იყო დუქნები, საცხოვრებელი ოთახები, საჯინიბოები და ეზოები. XIX საუკუნეში თბილისში სულ 13 დიდი ქარვასლა არსებობდა, რომლებიც უცხოეთიდან შემოტანილი საქონლის გასანაწილებელ ნაგებობად ფუნქციონირებდნენ. ვაჭრები ბაჟს იხდიდნენ, იქვე ასვენებდნენ საქონელს და ხშირად, მთელ დღეს საქმეში ატარებდნენ.

3. გრიფონები - შენობის მცველები

თბილისის გრიფონები დედაქალაქის უძველესი ქანდაკებებია, რომლებიც 1851 წელს აშენებულ ოპერის თეატრს ამშვენებდნენ და ნაგებობის ერთგვარ მცველებად ითვლებოდნენ — ლომის ტანითა და არწივის თავით აღჭურვილი ეს მითური არსებებები მზის ღმერთ აპოლონს ეტლით დაჰყავდა და შუა საუკუნეებში ქრისტეს ორმაგ ბუნებასაც განასახიერებდნენ. თავდაპირველად გრიფონები ოთხი იყო, თავზე ლამპრები ედგათ და არქიტექტურულად სფინქსის მსგავს ფუნქციას ასრულებდნენ.

4. პირველი ევროპული სასტუმროები ძველ თბილისში

XIX საუკუნის 20-იან წლებში თბილისში გამოჩნდა პირველი ევროპული ტიპის სასტუმროები, რაც ქალაქის ურბანული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. გერმანელი კოლონისტის, ზალცმანის მიერ ავლაბრის ხიდთან გახსნილი სასტუმრო ერთ-ერთი პირველი იყო, რასაც მალევე მოჰყვა ზუბალაშვილების მიერ აშენებული სასტუმრო და სხვა პრესტიჟული შენობები, როგორიცაა "ლონდონი", "კავკაზი", "პალას-ოტელი" და "მაჯესტიკი". მათგან გამორჩეული იყო "ლონდონი", რომელიც არა მხოლოდ ევროპული სტანდარტების მომსახურებას სთავაზობდა სტუმრებს, არამედ მოიცავდა ბიბლიოთეკას, კითხვით დარბაზს და კომუნიკაციას სხვადასხვა უცხო ენაზე. აქ ჩერდებოდნენ ისეთ გამოჩენილი პიროვნებები, როგორიც იყვნენ ჩაიკოვსკი და კნუტ ჰამსუნი. თბილისის სასტუმროები ქალაქის მოდერნიზაციის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში მათი ნაწილი სხვა დანიშნულებით გადაკეთდა, ზოგი კი სრულად გაქრა ქალაქის რუკიდან.

5. მცურავი წისქვილები

მტკვრის აუზში წყლის ენერგიის გამოყენება თბილისის ურბანული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მე-19 საუკუნის და უფრო ადრეულ პერიოდებში, სანამ ბენზინისა და ორთქლის ძრავებზე მომუშავე საწარმოები გავრცელდებოდა, მდინარის დინება ერთ-ერთ ძირითად ენერგიის წყაროდ მიიჩნეოდა. მტკვარში განთავსებული წისქვილები სწორედ ამ ძალას იყენებდნენ: წყლის მძლავრი ნაკადი მბრუნავი მექანიზმების ამოძრავებას უზრუნველყოფდა, რაც საშუალებას აძლევდა წისქვილებს დიდი რაოდენობით ფქვილი დაეფქვათ. ბევრი მათგანი პატარა კუნძულებზე იდგა, რომელიც პირდაპირ მდინარეში იყო ჩამოყალიბებული — ეს მათი სტრატეგიული და ფუნქციური განლაგება გახლდათ: წყლის უკლებლივ მიღება და მუდმივი მოძრაობის გარანტია. ზოგიერთი ასეთი კუნძული დროებით იქმნებოდა წვიმიან სეზონზე, ზოგი კი წლების განმავლობაში არსებობდა, იქ კი რამდენიმე წისქვილი ერთად მოქმედებდა. ეს არ იყო მხოლოდ სამეურნეო დანიშნულების ობიექტი — წისქვილები ხშირად სოციალური სივრცეებიც იყო, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ, ცვლიდნენ ამბებს და აშენებდნენ ურთიერთობებს. ასეთი წისქვილების კვალი დღეს მხოლოდ ფოტოებში ან ძველ რუკებზე შეიძლება მოიძებნოს, თუმცა ისინი მნიშვნელოვანი სიმბოლოა იმ დროის თბილისური ინჟინერიისა და ბუნებრივ რესურსებთან თანაცხოვრების ტრადიციისთვის.

წიგნი, რომელიც მე-19 საუკუნის თბილისში გამოგზაურებთ

„აივნიანი ქალაქი“ ვალერიან გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ქართველს წაკითხული უნდა ჰქონდეს. ძველი თბილისური ამბები, საოცრად ჩამთრევი სიუჟეტი, იმ პერიოდის ყოფა-ცხოვრება - ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულში გამოგზაურებთ.

ვალერიან გაბაშვილს, როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრს, ხალხის მტრის შვილის მძიმე ხვედრი ერგო. მამა – ნიკოლოზ გაბაშვილი, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მოგვიანებით, ვალერიან გაბაშვილმა ლიტერატურულ ფსევდონიმად მამის სახელი – ნიკოლოზი აიღო, გაბაონი კი გაბაშვილების გვარის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.

შესაძენად გვეწვიე ბმულზე: https://www.palitral.ge/product/6058/aivniani-qalaqi აპლიკაციაში ან "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში.

ავტორი: თეა ინასარიძე

ფოტოები გაფერადებულია Chat GPT-ს მიერ

R