5 წიგნი, რომელიც ამ 5 ქალაქში მოგზაურობამდე უნდა წაიკითხო - „ბიბლუსი“ გირჩევთ

5 წიგნი, რომელიც ამ  5 ქალაქში მოგზაურობამდე უნდა წაიკითხო - „ბიბლუსი“ გირჩევთ

არსებობს წიგნები, რომლებმაც იმდენი რამ გვიამბო ქალაქების ისტორიაზე, კულტურაზე, არქიტექტურასა თუ ცხოვრების წესზე, თითქოს ვიმოგზაურეთ და საკუთარი თვალით ვნახეთ ყველაფერი.

მათი მეშვეობით აღმოვაჩინეთ ამ ქალაქების მცხოვრებთა გასაჭირი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, მეტი შევიტყვეთ ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის შესახებ და თუ ახლა ვგეგმავთ მათ აღმოჩენას, შეუძლებელია ესა თუ ის ლიტერატურული ნაწარმოები არ გაგვახსენდეს და არ დავაკავშიროთ მათთან.

ყველა ქვეყანას ათობით გამორჩეული მწერალი ჰყავს, რომელთა ნაწარმოებებიც მსოფლიო ლიტერატურის ფასდაუდებელი მონაპოვარია, თუმცა გადავწყვიტეთ ჩვენს მოკლე სიაში ქალაქების მიხედვით შემოგვეთავაზებინა რამდენიმე ნაწარმოები, რომელიც მოგზაურობამდე უნდა წაიკითხოთ:

  1. სტამბოლი - ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარი“

თურქეთი ბევრი ნიჭიერი მწერლის სამშობლოა, მათ შორის არიან ორჰან ფამუქი, საბაჰატინ ალი, ელიფ შაფაქი და სხვა.

მათი შემოქმედება თურქული კულტურისა და ისტორიის სხვადასხვა პრიზმაში დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. ადამიანური ისტორიები გვიჩვენებს საუკუნეების განმავლობაში არსებული კონფლიქტების, პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული პროცესების შედეგებს, რომელიც თაობებზე აუცილებლად აისახება.

ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, რომელსაც სტამბოლში მოგზაურობამდე წაიკითხავთ ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარია“. რომანში მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. ჩახმახჩიანების ოჯახი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, 1915 წელს სომხების გენოციდის მსხვერპლი გახდა, ამ მოვლენის გამო ისინი დევნილებად იქცნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ჭრილობები ბოლომდე არ შეხორცებულა. მათ მაინც გადმოსწვდებათ იმ დღეების ექო, რომელიც ეგონათ, უკან მოიტოვეს.

მთავარ პერსონაჟთან ერთად ბევრს ივლით სტამბოლის ქუჩებში, იფიქრებთ, იხეტიალებთ და შეიგრძნობთ ქალაქის ყოფა-ცხოვრებას.

სტამბოლის, მისი კულტურისა და ისტორიული კონტექსტის შესაცნობად ასევე გირჩევთ ორჰან ფამუქის რომანებს: „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“, „მე წითელი მქვია“ და სხვა.

  1. პარიზი - ვიქტორ ჰიუგო - „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“

პარიზი კულტურის დედაქალაქია, სადაც ყველა ქუჩა და ნაგებობა ამბავს გიყვება, ყველა ადგილს აქვს თავისი ისტორია, რომელიც ან კლასიკოსმა მწერლებმა შექმნეს ან რეალურია და ჩვენამდე მოაღწია ისტორიული ცნობების სახით.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მთელი თავისი დიდებულებითა და იდუმალებით ყოველთვის იყო მწერლების შთაგონება. კლასიკოსი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს უკვდავი რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც“ სწორედ ამის გამოძახილია.

ჰიუგო არამარტო ფრანგი კლასიკოსი მწერალი, არამედ სახელმწიფო მოღვაწე და აქტივისტიც იყო. შესაბამისად, თუ ფრანგულ მწერლობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უდავოდ მისი შემოქმედებით უნდა დავიწყოთ.

ჰიუგოს რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. რომანში სამი მთავარი გმირია: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს.

ჰიუგოსთან ერთად ფრანგული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ბალზაკი, ფლობერი, ბოდლერი, კამიუ და ზოლა, რომელთა შემოქმედებაშიც ერთი მხრივ ჩანს მათი ეპოქის საფრანგეთის სახე და მეორე მხრივ იკვეთება საკითხები, რომელსაც დრო და სივრცე არ აქვს.

  1. პრაღა - მილან კუნდერა - „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“

თუმცაღა მიზეზი, რის გამოც ამ სიაში წარმოშობით ჩეხი ფრანგი მწერლის მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ მოხდა, ერთი მხრივ, საბჭოთა თემა და რეპრესიებია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამაც გამოიარა და მეორე მხრივ, მაშინდელი პრაღის მცხოვრებთა ყოფის აღქმის შესაძლებლობა.

„პრაღის გაზაფხულის“ (50 წლის წინ კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ გადაწყვიტა, ჩეხოსლოვაკიაში შეეყვანათ საბჭოთა ჯარები და ძალის გამოყენებით ჩაახშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით. მოვლენების დროს ოფიციალურად 100 ადამიანი დაიღუპა) შემდეგ დაიწყო რეპრესიები, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ეწირებოდა ყველა, ვინც რეჟიმს წინ აღუდგებოდა. არც იმას მოერიდებოდნენ, რომ ქალაქის ყველაზე კვალიფიციური ქირურგი ფანჯრების მწმენდავის პოზიციამდე დაექვეითებინათ და საზოგადოებისთვისაც წაერთმიათ მისგან მიღებული სიკეთე. ეს ერთი მხრივ იყო საჩვენებელი აქტი სხვებისთვის და მეორე მხრივ, სადამსჯელო ღონისძიება ურჩი ადამიანის მიმართ.

ჩეხურ ენაზე დაწერილი ეს რომანი პირველად ფრანგულად გამოიცა. მისი გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.

ამ სიაში მილან კუნდერასთან ერთად უდავოდ უნდა იყოს ფრანც კაფკა, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი მწერალი. ქალაქში ჩასვლისას მის კულტსაც მარტივად შეამჩნევთ - პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში აღმართულია კაფკას გიგანტური ფოლადის ბიუსტი, რომელიც ათასობით ნაწილად იშლება და შემდეგ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ცენტრში კი კარლის ხიდის მიმდებარედ მწერლის მუზეუმში შეგიძლიათ გაეცნოთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

  1. ბარსელონა - კარლოს რუის საფონი - „ქარის ჩრდილი“

ბარსელონა უდავოდ ანტონიო გაუდის ქალაქია, რომლის მიერ შექმნილი თითოეული შენობა ხელოვნების ნიმუშია. აქ მოგზაურობამდე სწორედ გაუდის ისტორიასა და მის ნამუშევრებს უნდა გავეცნოთ.

ქალაქის კულტურული და ისტორიული კონტექსტის გაგებაში კი შეიძლება მხატვრული ლიტერატურაც და მისი თვალსაჩინო წარმომადგენელი კარლოს რუის საფონი დაგვეხმაროს. „ქარის ჩრდილი“ მკითხველის თავგადასავალია, პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს და მიგიზიდავს. კარლოს რუის საფონის მთავარი გმირი მკითხველია. მისი თხრობის მანერა იმით არის განსაკუთრებული, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობ. პირველი ეს თავად წიგნში მოთხრობილი ახალგაზრდის ამბავია, რომელიც მამის გზას ადგება და წიგნების მაღაზიაში გამყიდველად იწყებს მუშაობას. მეორე ამბავი ერთი იდუმალი რომანის შინაარსია, რომლის პერსონაჟები წიგნიდან წიგნში გადმოდიან და მთავარ გმირს ათას თავსატეხს უქმნიან.

რომანში მოთხრობილი მისტიკური ამბავი გოთურ კვარტალში ვითარდება. მკითხველს შთაბეჭდილება ექმნება, რომ თავად ხეტიალობს კვარტლის ნისლიან ხეივნებში და სუნთქავს ძველი ქაღალდის სუნს, რომელიც მივიწყებული წიგნის მაღაზიებიდან გამოდის.

  1. ლონდონი - ართურ კონან დოილი - „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“

დაგვეთანხმებით, კონან დოილის ამ უკვდავი პერსონაჟის ამბების კითხვა არცერთ ასაკში არ მოგვბეზრდება. ყოველთვის ამაღელვებელია, როგორ ხსნიან ლონდონსა და მის შემოგარენში მომხდარ ჩახლართულ ამბებს ჰოლმსი და მისი განუყრელი პარტნიორი და მეგობარი უოტსონი ისე, რომ სკოტლანდ-იარდიც გაოცებული რჩება.

ლონდონში ჩასულები კი აუცილებლად ესტუმრეთ ბეიკერ-სტრიტს, სადაც შერლოკის სახლი დაგხვდებათ და თქვენს გონებაში სწრაფად გაცოცხლდება დეტექტივებში მომხდარი ამბები, შერლოკისა და უოტსონის დიალოგები ბუხართან, ჩიბუხის თანხლებით.

უფრო მეტი საინტერესო საკითხავის შესარჩევად კი მიჰყევით ბმულს და მოიმარაგეთ შორ გზაზე წასაღები წიგნები - Biblusi.ge-დან.

R