ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სამხედროებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ისინი კლინიკაში ვერტმფრენით მიიყვანეს.

„ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების მიმდინარეობის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, გადაბრუნდა ავტომობილი. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თავის დაზღვევის მიზნით უტარდებათ კვლევები. არიან ღუდუშაურის კლინიკაში, აქვთ საშუალო სიმძიმის დაზიანებები“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ამერიკელი სამხედროები თავდაპირველად ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, პირველადი კვლევების ჩატარების შემდეგ ისინი "მედიქლაბში" გადაიყვანეს.

