ახალი სატელიტური კადრების ანალიზმა შემაშფოთებელი ფაქტები გამოავლინა. სამხრეთ ჩინეთის სასაზღვრო ზოლზე, ქვეყანამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი სამხედრო ძალები. როგორც მედია წერს, 3,200 ჰექტარზე გადაჭიმულ სამხედრო ბაზების ქსელზე განთავსებულია ბირთვული ბომბდამშენები.
Asia Maritime Transparency Initiative-ის (AMTI) მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე მკაფიოდ ჩანს მიშიფის რიფზე განლაგებული მასშტაბური ასაფრენი ბილიკები, რაკეტების საცავები, დიდი ზომის ანგარები და სხვა თანამედროვე სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთად პატარა ქალაქს წააგავს.

“კუნძულის სამ ძირითად ბაზაზე გამანადგურებლებისთვის განკუთვნილი 72 -ზე მეტი ანგარია განთავსებული, აქვე არის თავმოყრილი “მიწა-ჰაერი“ კლასის სარაკეტო კომპლექსები, ფრთოსანი და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, უამრავი რადარი, დეტექტორი და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემა“, - განუცხადა ჟურნალისტებს AMTI-ის დირექტორმა გრეგორი პოლინგმა.

AMTI-ის მონაცემების მიხედვით ჩინეთი ამჟამად სპრატლის კუნძულებზე შვიდ, ხოლო პარასელის კუნძულებზე 20 - ზე მეტ ფორპოსტს აკონტროლებს, აქედან ოთხი მთლიანად მოქმედ სამხედრო-საჰაერო ბაზებს წარმოადგენს, გარდა ამისა პეკინს მუდმივმოქმედი სანაპირო დაცვა ჰყავს განლაგებული სკარბოროს რიფზე, თუმცა აქ რაიმე სამხედრო ინფრასტრუქტურის არსებობა თანამგზავრს ჯერ არ დაუფიქსირებია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თითქმის მთელ ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის იმ წყლებზე რომლებსაც თავის მხრივ ბრუნეა, ინდონეზია, მალაიზია, ფილიპინები, ტაივანი და ვიეტნამი საკუთარ ნაწილად მიიჩნევს.
2016 წელს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა პეკინის პრეტენზიები უსაფუძვლოდ ცნო, თუმცა ამ უკანასკნელმა უარყო მიღებული გადაწყვეტილება. დღეს პეკინი ამტკიცებს რომ სადავო წყლებში სამხედრო ძალების მობილიზება მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს და მიზნად საკუთარი „სუვერენული უფლებების დაცვას“ ისახავს.

მიმდინარე წლის მაისში, გადაღებულმა სატელიტურმა სურათებმა კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა, ჩინეთმა თავისი ორი ყველაზე თანამედროვე H-6 ტიპის ბომბდამშენები პარასელის სადავო კუნძულებზე განათავსა, რაც ექსპერტების მტკიცებით ძალის დემონსტრირება უფროა ვიდრე აუცილებლობა, ვინაიდან H-6 -ის მოქმედების რადიუსის გათვალისწინებით მისი კუნძულზე ბაზირება სრულიად არ არის საჭირო.
H-6 ები პირველად 2020 წელს გამოჩნდნენ, შემდეგ ტაივანთან გამართულ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო 2023 წლის ივნისში აშშ-ს კონტინენტურ ტერიტორიას მიუახლოვდნენ. ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ჩინეთის სამხრეთ სარდლობის განკარგულებაში, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოქმედებს, ორი ორი H-6 ტიპის ბომბდამშენების პოლკია.