ევა და მის და - ანამარია ბუთიაშვილები ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან არიან. მათ სოციალურ ქსელებიდან კარგად იცნობენ - ფაქტობრივად უკვე ინტერნეტვარსკვლავები არიან. გოგონებს ვიდეოს დედა - ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ყოველდღიურად უღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს. ფიქრია გავაზის საბავშვო ბაღის პედაგოგია. მისი გადაღებული ვიდეოების დამსახურებით გოგონებს ინტერნეტმომხმარებელი ხომ კარგად იცნობს და უკვე ტელემაყურებლებისთვისაც აღარ არიან უცნობები, - არაერთი გადაცემის სტუმრები ყოფილან. მათი ახლოს გაცნობა ჩვენც გადავწყვიტეთ და ფიქრია ჩეკურიშვილ-ბუთიაშვილს გავესაუბრეთ.
- ევა საბავშვო ბაღში 4 თვის ასაკიდან დამყავს. კალათში ჩავსვამდი ხოლმე და ისე ვატარებდი. სამსახური და უფროსები ხელს მიწყობდნენ. 8 წელია, რაც იქ ვმუშაობ, ევა კი უკვე 4 წლისაა, უფროსი გოგონა - 11 წლის.
- საოცარი გოგონები გყავთ, ევა მაინც განსაკუთრებული ბავშვია...
- თავიდანვე ასეთი იყო, 7-8 თვისას თუ ვინმე მოეფერებოდა, გაუღიმებდა, ხელში აიყვანდა, მაგალითად, მეზობელი გარეთ გაიყვანდა, გაასეირნებდა, მადლიერების ნიშნად, ხელზე კოცნიდა. სიყვარულს მის მიმართ ასე გამოხატავდა.
- ძალიან არტისტულია, - ვის ჰყავს?
- ჩემს ბაბოს - ფადიშა ცუკოშვილს. უდიპლომო არტისტი იყო. "თეატრალურში" ჩააბარა, მაგრამ იქ ვერ გაძლო, დედა მენატრებაო და აღარ ისწავლა. ფადიშა მამაჩემის დედა იყო, ანუ ევას დიდი ბებო, რომელიც ცოცხალი აღარ არის, 8 წლის წინ გარდაიცვალა. ევას დაბადებას ვერ მოესწრო. პაპა კი ცოცხალია, მისი მეუღლე, 89 წლისაა. ევა რაც არ უნდა დავარიგო და ვუთხრა, მაინც თავისით და თავისებურად აკეთებს ყველაფერს, გინდაც იმ ვიდეოებში, რომელსაც ვიღებ.
- ვიდეოს ყოველდღე უღებთ?
- დილა რომ თენდება და ევა გაიღვიძებს, პირველი უფალს მადლობას ეუბნება, რომ ცოცხალია, კარგად არის და მერე ანამარიასთან ერთად ლოცულობს... შემდეგ ხელ-პირს დაიბანენ, მოწესრიგდებიან და თუ საქმე მაქვს, ვთქვათ, ბოსტანში, მომყვებიან. სულ ჩემთან არიან, სულ ერთად ვართ - სადაც მივდივარ, შვილები თან დამყავს. მოკლედ, დილით ყველა ძირითად საქმე რომ მოილევენ, ევა მეტყვის, - არ ჩავწეროთ? უნდა, რომ მიესალმოს ხალხს და ასე ყოველდღიურ საქმედ გვექცა ვიდეოს გადაღება. ისეთი ბავშვია, ისეთი საქციელი აქვს, ისეთი თვისებები, რომ სულ ტელეფონი უნდა გეჭიროს და ვიდეოს უღებდე. უბრალოდ ამის დრო მუდმივად არ მაქვს, ოჯახი, თავად ბავშვები, სამსახური, უამრავი საქმეა. სასწაულებს აკეთებს და საოცრებებს ლაპარაკობს, საიდან იგონებს, არ ვიცი.
- ვიდეოს მაყურებლებს მოუწოდებს, ერთმანეთი უყვარდეთ, მოეფერონ, აკოცონ... ამას თქვენ ასწავლით?
- მცხეთის წინამძღვარმა, მამა სერაფიონმა ბიბლია გვაჩუქა, სადაც იგავ-არაკები წერია. საღამოობით თითო თავს ვუკითხავ, ყველაფერს იმახსოვრებს და მერე იმ ყველაფერს თვითონ როგორც აღიქვამს, ისე გადმოსცემს. რა თქმა უნდა, ეს სწავლებით არის, ვასწავლი და მერე ასე თავისებურად ლაპარაკობს. ხშირად ვუკითხავ ასევე ლექსებს, მოთხრობებს. ვუსახელებ მწერლებს, პოეტებს, ავტორებს მისი ასაკისთვის შესაფერისად. ძალიან არ ვტვირთავ, სკოლაში რომ მივა, იქაც ხომ უნდა ისწავლოს. საერთოდ მოსიყვარულე ბავშვია, თბილი, კეთილი.
- კი, ბოლო ვიდეოებში ვნახე, რომ ლექსებს გვიკითხავს და ასე გვესალმება...
- მაკა შალიკაშვილთან გვაქვს კონტაქტი, ანა კალანდაძის ლექსი „თქვი, არჯაკელო ხვიარა“ ასწავლა და იმდენად მოეწონა, ისე გაითავისა, ყოველ დღე მეუბნება, ლექსი მასწავლე, რომ დილას ხალხს ასე მივესალმოო. მერე შეიძლება მოთხრობაც მომთხოვოს, რომ თავისი ენით გადმოსცეს.

- ვიდეოებით ორივე შვილს წარმოაჩენთ, მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც ევაზე კათდება. "ტიკ-ტოკზე" ბევრი ბავშვია, რომლებიც ტელეფონს თვითონ მართავენ და ცოცხალი დიალოგი არავისთან აქვთ, ევა კი კომუნიკაციას თქვენთან, ანამარიასთან ითხოვს. ამითაცაა გამორჩეული...
- კი, საუბარს ვიდეოშიც ითხოვს და ვიდეოს მიღმაც, მთელი დღე უამრავ კითხვას სვამს, დაუსრულებლად. არც მე მგავს, არც მამიკოს და არც თავის დას. დედაჩემი ამბობს, დეიდას ჰგავსო, ანუ ჩემს დას, რომელიც ახლა ემიგრაციაშია. ბავშვობაში ისიც ასეთი იყო, მაგრამ მგონი, ეს სხვანაირია, მართლა განსხვავებული ბავშვია. უნდა ნახოთ, როცა ტირის, როგორ ახერხებს წამებში გაცინებას, მართლა არტისტია. როცა ვტუქსავ, ცრემლები მოსდის, მაგრამ უცებ სად და როგორ იქრობს ცრემლებს, ვერ ვხდებით, წამიერად კისკისით გვაოცებს. საერთოდ, ვცდილობ, ბავშვები ტელეფონში ნაკლებად იყვნენ თავჩარგულები, ამისთვის ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს, რომელშიც მათ ვრთავ. ევას ტელეფონი არც აინტერესებს, მისი ინტერესის სფეროა, როგორც ვთქვი, კითხვების დასმა და სულ პასუხის მოლოდინშია. კომუნიკაციას, დიალოგს ითხოვს, ლაპარაკი უნდა. მოწყენილი რომ დაგინახოს, არ მოგასვენებს, - რა გჭირს? როგორ ხარ? ნამდვილი ჭრიჭინაა... ყველა უყვარს, სითბოს გასცემს და რასაც გასცემს, მერე იმას იმკის. არ არსებობს ადამიანი, ევას არ უყვარდეს და ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, ევა არ უყვარდეს... ნუ, ძალიან აქტიური რომაა, ეს ისედაც ჩანს...

- მამიკოს რატომ არ აჩენთ ვიდეოებში?
- არ უყვარს ვიდეოში გამოჩენა და მიზეზიც ესაა.
- ანამარია კარგად უკრავს და მღერის...
- 5 წლიდან ფანდურზე ახალსოფელში იზა წყალობაშვილთან დადის. ამჟამად ახალი ამბავი ის გვაქვს, რომ ორივე დავით არჩვაძესთან მუსიკალურ სტუდიაში უფასოდ ივლიან და იმეცადინებენ. ანამარია ასევე გავაზში, მუსიკალურ სასწავლებელში, ექვსწლედში დადის, ასევე დადის გიტარაზეც, ტამტამზეც უკრავს, ინგლისურს სწავლობს. დიდი სურვილი აქვს, რომ კარგი, შემდგარი მსახიობი, მომღერალი დადგეს, რომ თავისი სტუდია ჰქონდეს. ისეთ ბავშვებს უნდა ვასწავლო, ვისაც საშუალება არ ექნებაო.

- თქვენს შვილებს ხშირად ხელში ეზოს ყვავილები უჭირავთ, ხან ლობიოს არჩევენ, ხან პამიდორზე გველაპარაკებიან, ქლიავზე, ტყემალზე - ე.ი. მეურნეობას მისდევს თქვენი ოჯახი, ხომ?
- დიდი ფართობი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, იქ ყველაფერი ბავშვებისთვის მოგვყავს. ამაზე მეტად დედაჩემი ზრუნავს. მოჰყავს ლობიო, პამიდორი, კიტრი. გვაქვს ასევე შინა ვენახიც. დიდი ვენახი შორს არის და იქ მანქანით მივდივართ ხოლმე. ოჯახის წევრები ჩართულები ვართ ამ საქმეში, მაგრამ დედაჩემი, როგორც გითხარით, ყველაზე აქტიურად.

- როდის ატვირთეთ პირველი ვიდეო და როგორ დაიწყეთ ეს ყველაფერი?
- ანამარია ფანდურზე რომ დადიოდა, მისი ყველა სიმღერა მაქვს გადაღებული... ის სიმღერები ევამაც ხომ იცოდა. ერთ დღესაც არ გაჩერდა, მეც ჩამაწერინეთო და „დიპლიპიტო“ ჩაწერეს. დადეო მითხრა, არ დავდე, ოღონდ მოვატყუე, რომ დავდე-მეთქი. როცა დაიძინა, ქსელში მერე ავტვირთე. იქნებ ბავშვს რა გულით უნდა-მეთქი. დილას თვალი რომ გავახილე, გაოცებული დავრჩი - ვიდეოს 70.000 ლაიქი ჰქონდა. მოკლედ, მარტიდან დავიწყეთ და მეექვსე თვეა, ძალიან ბევრი გამომწერი გვყავს, „ფეისბუქზე“ - 118.000. „ტიკ-ტოკზე“ 2 კვირაა, რაც ვართ და უკვე 67.000-ზე ავედით... ამ ფაქტმაც გამაოცა, მაგრამ ასეა.