ავტორი:

38 წლის მამაკაცი თურქეთში თმის გადანერგვის ოპერაციისას დაიღუპა - რა განმარტებას აკეთებს კლინიკა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე მიმართავს

38 წლის მამაკაცი თურქეთში თმის გადანერგვის ოპერაციისას დაიღუპა - რა განმარტებას აკეთებს კლინიკა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე მიმართავს

წარმოგიდგენთ 38 წლის ბრიტანელი ტურისტის პირველ ფოტოს, რომელიც თურქეთში, £1,500 ღირებულების თმის გადანერგვის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. 38 წლის მარტინ ლეჩმენი ამ კვირის დასაწყისში გარდაიცვალა. მომხდარზე თურქეთში გამოძიება დაიწყო "გაუფრთხილებელი მკვლელობის" მუხლით.

ლეჩმენს გართულებები სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში მდებარე „Cinik“-ის კლინიკაში განუვითარდა. საინტერესოა, რომ სწორედ ამ კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია ცნობილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა. მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკას რეიტინგი Google-ზე 4.8-ია, სტამბოლის ჯანდაცვის დირექტორატის წარმომადგენლებმა კლინიკის თანამშრომლები და ექიმები უკვე დაკითხეს და გამოძიებაც დაწყებულია.

მარტინის ცხედარი დიდ ბრიტანეთში გადმოასვენეს. მისმა ოჯახმა და მეგობრებმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით მიაგეს პატივი.

ვინ იყო მარტინ ლეჩმენი?

მარტინ ლეჩმენი წარმოშობით ბრიჯენდიდან იყო, თუმცა მილტონ-კეინზში, ბაკინგემშირის საგრაფოში ცხოვრობდა. 2016-დან 2024 წლამდე ის გოლდინგტონის აკადემიაში დირექტორის ასისტენტად მუშაობდა და პარალელურად კომპიუტერული მეცნიერების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გასულ წელს მან სკოლა დატოვა და ნორთჰემპტონში, კერძო თავდაცვით კომპანიაში ქსელური ადმინისტრატორის პოზიციაზე გადავიდა. მარტინს კომპიუტერულ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხი დე მონფორტის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული, განათლების მაგისტრის ხარისხი კი ბედფორდშირის უნივერსიტეტში მოიპოვა.

სოციალური ქსელების მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში ის შობამდე ყოველდღე 10 კილომეტრს დარბოდა, რითაც £1,870 შეაგროვა საქველმოქმედო ფონდ „Tree of Hope“-სთვის, რომელიც ავადმყოფ ბავშვებს ეხმარება. მისი მთავარი მიზანი იყო უელსში მცხოვრები ბავშვობის მეგობრის 5 წლის ავადმყოფი შვილისთვის თანხის შეგროვება.

თურქეთი, როგორც ესთეტიკური ტურიზმის ცენტრი

ბოლო წლებში თურქეთი ესთეტიკური ქირურგიის პოპულარულ ცენტრად იქცა, განსაკუთრებით თმისა და კბილების პროცედურების გამო. ეს იმიტომ, რომ იქ მომსახურება გაცილებით იაფია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. მაგალითად, თმის გადანერგვა თურქეთში სულ რაღაც £1,500 დაჯდება, როცა ბრიტანეთში იგივე ოპერაციის ღირებულება £3,000-დან £10,000-მდე მერყეობს. თურქეთის ჯანდაცვის ტურიზმის საბჭოს მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი მიემგზავრება დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში სამედიცინო პროცედურებზე.

კლინიკის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ დოქტორ ჩინიკმა კლინიკა დაახლოებით 20 წლის წინ დააარსა და მას შემდეგ 50,000-ზე მეტ პაციენტს უმკურნალა. მათ ფილიალი ლონდონშიც აქვთ. ვებსაიტი კლინიკას „თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ“ და „სპეციალიზებულ სფეროში გამორჩეულ ცენტრად“ მოიხსენიებს.

კლინიკის ოფიციალური განცხადება

"დეილი მეილისთვის“ მიცემულ კომენტარში დოქტორმა ჩინიკმა განაცხადა:

"ძალიან ვწუხვართ ჩვენი პაციენტის გარდაცვალების გამო. 2024 წლის ივლისში მას უკვე ჩაუტარდა წარმატებული თმის გადანერგვის პროცედურა ჩვენს კლინიკაში. შედეგით კმაყოფილი იყო, ამიტომაც მეორე ოპერაციისთვის დაგვიბრუნდა.

მეორე ოპერაციამდე ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა, მათ შორის სისხლის ანალიზები, გულმკერდის რენტგენი და კარდიოგრამა, ჩატარდა ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და პაციენტი ოპერაციისთვის მზად იყო.

თუმცა, პროცედურის დაწყებამდე, მომზადების ფაზაში, პაციენტი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია. დაუყოვნებლივ მივაწოდეთ სამედიცინო დახმარება და ის სრულად აღჭურვილ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, პაციენტი სამწუხაროდ იმავე საღამოს გარდაიცვალა.

ჩვენი კლინიკა გამოცდილი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც დღემდე 70,000-ზე მეტი თმის გადანერგვის ოპერაცია აქვს ჩატარებული. მომხდართან დაკავშირებული ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია შესაბამის უწყებებისთვის და საქმეს ამჟამად სასამართლო იძიებს.

სამწუხაროდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. მტკიცება, რომ პაციენტი პროცედურის დროს გარდაიცვალა ან ოპერაცია შეწყდა, მცდარია. ინციდენტი თმის გადანერგვის დაწყებამდე მოხდა. მიმდინარე სამართლებრივი პროცესის და ოჯახის კონფიდენციალურობის პატივისცემის გამო, დამატებით დეტალებს არ გავამჟღავნებთ".