ავტორი:

რატომ დუმს კრემლი და რას წერს რუსული მედია ტრამპის "ბირთვულ ნაბიჯზე"? - "დარწმუნებული ვარ, არავითარი ბრძანება წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით, არ გაუცია“

რატომ დუმს კრემლი და რას წერს რუსული მედია ტრამპის "ბირთვულ ნაბიჯზე"? - "დარწმუნებული ვარ, არავითარი ბრძანება წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით, არ გაუცია“

შესაძლოა, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყოს, როდესაც სოციალურ მედიაში დაპირისპირებამ ბირთვული ესკალაცია გამოიწვია?

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პოსტებით განაწყენდა, აცხადებს, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის რუსეთთან მიახლოების ბრძანება გასცა.

როგორ უპასუხებს მოსკოვი? ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული დაპირისპირების გზაზე ვდგავართ? 1962 წლის კუბის კრიზისის ინტერნეტის ეპოქის ვერსიის წინაშე ვართ?

ბრიტანელი ჟურნალისტი, სტივ როზენბერგი თავის ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ რუსეთის თავდაპირველი რეაქციიდან გამომდინარე, ამაში ეჭვი ეპარება.

  • რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა ტრამპის განცხადება, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ უარყოფითად შეაფასეს.

გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ საუბრისას სამხედრო ექსპერტმა თქვა, რომ ტრამპს "მრისხანების ტანტრუმი" აქვს. პენსიაზე გასულმა რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა კი "კომერსანტს" უთხრა, რომ "ტრამპი უაზროდ ხუმრობს და ამით თვითონ ერთობა".

"დარწმუნებული ვარ, ტრამპს არავითარი ბრძანება წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით, არ გაუცია“, - უთხრა რუსმა უსაფრთხოების ექსპერტმა ამავე გაზეთს.

  • "კომერსანტი" ასევ იხსენებს 2017 წელს, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის გაფრთხილების მიზნით, კორეის ნახევარკუნძულზე ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გაგზავნა. თუმცა მალევე მან შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.

როზენბერგი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლების რეაქცია საინტერესოა, რადგან ოფიციალურად არც კრემლისგან, არც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და არც თავდაცვის უწყებისგან ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ან კვლავ სწავლობს სიტუაციას და წყვეტს თუ რა უნდა გააკეთოს, ან მოსკოვი არ გრძნობს რეაგირების საჭიროებას. რუსული პრესის რეაქცია კი მეორეს მიანიშნებს.

  • ტრამპი რამდენიმე დღის განმავლობაში ეკამათებოდა სოციალურ ქსელებში მედვედევს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასრულების 50-დღიანი ვადა ორ კვირაზე ნაკლებ დრომდე შეამცირა, მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმის თამაშს თამაშობს, ყოველი ახალი ულტიმატუმი კი საფრთხე და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.“.

ტრამპმა უპასუხა: "უთხარით მედვედევს, რომელიც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, რომ ფრთხილად ისაუბროს, ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედის“.

მედვედევის შემდეგი პოსტი შეიცავდა მინიშნებას, საბჭოთა კავშირში შემუშავებულ ავტომატურ ბირთვულ საპასუხო სისტემაზე. რაც ცხადია თეთრი სახლის ხელმძღვანელს არ მოეწონა.

"ერთია არ მოგწონდეს სოციალურ მედიაში პოსტი, ეს ყველას გამოგვიცდია, მაგრამ იმდენად არ მოგწონდეს, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავები განალაგო, გადაჭარბებულად ჟღერს“, - წერს BBC.

მაშ, რატომ გააკეთა ეს ტრამპმა?

აი, მისი ახსნა Newsmax-თან ინტერვიუში: "მედვედევმა ბირთვულ იარაღზე საუბრისას ძალიან ცუდი რაღაცები თქვა. როდესაც სიტყვა ბირთვულს ახსენებ, თვალები მინათდება და ვამბობ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს უკიდურესი საფრთხეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მედვედევის მსგავსი რიტორიკა უცხო არ არის. დიდი ხანია ის ბირთვული იარაღით იმუქრება სოციალური მედიის საშუალებით და ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ცხადია, ტრამპმა მედვედევის ბოლო პოსტები პირადად მიიღო და შესაბამისად, რეაგირება მოახდინა.

შესაძლოა სტრატეგიაც იყოს ამაში? არაპროგნოზირებადობა ტრამპის პოლიტიკური ქცევის მთავარი მახასიათებელია. ის იღებს მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება მოწინააღმდეგეებს წონასწორობა დააკარგვინოს მოლაპარაკებების დაწყებამდე ან მოლაპარაკებების დროს.

წყარო