“ნინო დათაშვილის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმი იყენებს საბჭოთა რუსული დიქტატურისთვის კარგად ცნობილ, სასტიკ და ბინძურ მეთოდს - იძულებითი ფსიქიატრიული ჩარევა, რასაც სამი მიზანი აქვს: 1. მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა პატიმრის წინააღმდეგ, მისთვის პატიმრობაში ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უმძიმესი წნეხია ნებისმიერ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის; 2. პატიმრის რეპუტაციული დაზიანება, მისი სახელისა და ღირსების შელახვა საზოგადოების თვალში; 3. უკანონო პატიმრობის ვადის ხელოვნურად გახანგრძლივება“,- ამის შესახებ პარტია „დროას“ განცხადებაშია აღნიშნული.
„გარდა ამორალურობისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ნინო დათაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლა უთანაბრდება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე პარტია „დროამ“ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რათა ამ ბოროტმოქმედების გამო რეჟიმს მაქსიმალურად მოუწიოს პასუხისგება.
ხვალ, 4 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“,- ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.