“ყოველ დღე უფრო მძიმე, უფრო დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რეალობის წინაშე ვდგებით. თითქოს ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს სრულიად ერზე,“ - ამის შესახებ მომღერალმა და მუსიკოსმა ირმა სოხაძემ “ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ყველა ლაბილური ემოციებით ვართ, ყველაფერზე გვეტირება, საოცრად გაშიშვლებული გვაქვს ემოციები, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო წელიწად ნახევარია... მესმის, რომ თანდათან ტვინი ყველაფერს ეგუება. გუშინ მიუღებელი, დღეს მისაღები ხდება. ალბათ იმასაც რაღაცნაირად მივიღებთ, რასაც ხვალ გვიმზადებენ, მაგრამ დღეს ვერ წარმოგვიდგენია. თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ ამასაც აქვს ზღვარი.
ნინოს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ეს არ არის მთავარი. პირველივე კადრიდან, როდესაც სამ მანდატურს, ამხელა ბრგე კაცებს მოჰყავთ დაკავებული ეს პატარა ქალი და ის გააფთრებული თავს ითავისუფლებს - თურმე ეს თავდასხმაა. მე არ ვიცი რას ვიზამდი იმ მომენტში, ალბათ გადახვალ ჭკუიდან. შეურაცხმყოფელია... ჯერ ხელი როგორ უნდა მოგკიდოს ვიღაცამ, როგორ უნდა გაგათრიოს ასე.
პირველი კადრიდან საოცარი ემპათია მაქვს და თანაგრძნობა მაქვს მის მიმართ,“ - განაცხადა ირმა სოხაძემ.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.