სოჭში ნავთობის ბაზის ხანძრის ფონზე გადაღებული ვიდეოს გამო სამი ახალგაზრდა დააკავეს.
კრასნოდარის მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოჭში სამი ახალგაზრდა დააკავეს. მათ ვიდეო გადაიღეს ნავთობის ბაზის ხანძრის ფონზე. ვიდეოში ორი გოგონა და ერთი ბიჭი ჩანს, ფონად კი რეპერ Miyagi-ის სიმღერა "ჟოლოსფერი განთიადი“ ადევს. ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ბიჭი ამბობს, რომ ვიდეო ნასვამ მდგომარეობაში გადაიღეს. ის ბოდიშს იხდის და აცხადებს: "ვიდეო არ დაგვიდია იმ მიზნით, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა. მზად ვართ, პასუხი ვაგოთ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად“.

ხანძარი სოჭის ადლერის რაიონში, ნავთობის ბაზაზე, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად გაჩნდა. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ნავთობპროდუქტების ცისტერნას მოხვდა. ხანძარი 12 საათის შემდეგ სრულად ლიკვიდირებული იყო.
თავდასხმისას, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ავიაციის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხების ბაზაზეც ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხუთი ავტოფარეხი დაზიანდა. ასევე დაშავდა ერთი ქალი. თავდასხმის საფრთხის გამო სოჭის აეროპორტი დროებით დაიხურა, რამაც 20-ზე მეტი რეისის გადადება გამოიწვია.