ავტორი:

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430-გვერდიანი დასკვნის პროექტი წარადგინა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430-გვერდიანი დასკვნის პროექტი წარადგინა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

როგორც კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა, ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად თავმოყრილია “ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც ამ დოკუმენტის ღირებულებაა“.

  • წულუკიანის ინფორმაციით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 46 სხდომა გამართა, გამოჰკითხა 139 პირი, გაიმართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

წულუკიანის თქმით, დასკვნა გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს დაეფუძნა, რომელიც მოცემულ პერიოდში გამოიცა.

“კომისიის დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით.

ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი რომ გაეცნობა, განურჩევლად ასაკისა - და დიდი იმედი მაქვს, რომ მას ახალგაზრდები გაეცნობიან - ნახავს, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება.

ასევე იმედი მაქვს, რომ მოცემული დოკუმენტი შესაბამისს საგამოძიებო ორგანოებს გამოადგება სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამისს სასამართლოებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი და ნამდვილი კვლევა აწარმოონ და საკუთარი სამშობლოს ინტერესებისათვის გამოიყენონ. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც სხვა შორის არსებობს და გაძლიერება სჭირდება, ეს მასალა გამოადგებათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.