ავტორი:

"წყალგარეული ღვინო, ყველგან მიმოფანტული ნაგავი და თაღლითობა ყოველ ნაბიჯზე - იქ მეტად აღარ ჩავალ“ - რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ

"წყალგარეული ღვინო, ყველგან მიმოფანტული ნაგავი და თაღლითობა ყოველ ნაბიჯზე - იქ მეტად აღარ ჩავალ“ - რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ

"დოშირაკის" სკანდალის შემდეგ, აფხაზეთის კურორტებზე რუსი ტურისტების უკმაყოფილების ახალი ტალღა აგორდა. ამ სკანდალს საფუძვლად დაედო აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლის, ქრისტინა ლაკერბაიას განცხადება. მან თქვა, რომ აფხაზეთს არ სჭირდება ღარიბი ტურისტები, რომლებიც ადგილობრივი პროდუქტების ყიდვის ნაცვლად, "დოშირაკით“ იკვებებიან.

ოკუპირებული აფხაზეთი, რომელიც წლების განმავლობაში მილიონობით რუსი ტურისტისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა, 2025 წელს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით, ზღვის სანაპიროებითა და სტუმართმოყვარეობით, ახლა უფრო ხშირად ასოცირდება თაღლითობასთან, უხარისხო სერვისსა და ანტისანიტარიასთან, - ამის თაობაზე რუსული მედია. სოციალური ქსელები და ტურისტული ფორუმები სავსეა იმედგაცრუებული დამსვენებლების ნეგატიური შეფასებებით.

"წყალგარეული ღვინო, ყველგან მიმოფანტული ნაგავი და თაღლითობა ყოველ ნაბიჯზე - იქ მეტს აღარასდროს ჩავალ“, – ეს მხოლოდ ერთ-ერთია ათასობით მსგავსი კომენტარიდან.

ინტერნეტში გავრცელებული რუსი ტურისტების ახალი გამოხმაურებების საფუძველზე, შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ იქცა დაპირებული სამოთხე რუსებისთვის ჯოჯოხეთად.

  • დაპირებული სამოთხიდან რეალურ ჯოჯოხეთამდე

რუსების დიდი ნაწილი აფხაზეთში იაფი და ეგზოტიკური დასვენების იმედით მიემგზავრება, თუმცა რეალობა ხშირად მოლოდინს არ ამართლებს. 2025 წელს, ისეთი პლატფორმების გამოკითხვებით, როგორიცაა IRecommend და TripAdvisor, გაგრაში, ბიჭვინთასა და ახალ ათონში დატოვებული შეფასებების 70% ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს.

ტურისტები ლაპარაკობენ მუდმივ პრობლემებზე წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. "სამი დღე უწყლოდ ვიყავით. ცხელი წყალი არ იყო, სინათლე ციმციმებდა, პლაჟები კი ნაგვით იყო სავსე“, - წერს ერთ-ერთი დამსვენებელი.

ნაგავი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ოდესღაც სუფთა პლაჟები დღეს ნაგავსაყრელებს ჰგავს.

"ბიჭვინთის სანაპიროზე ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და სიგარეტის ნამწვავები ყრია. სეზონის პიკში ძროხა შეზლონგებს შორის დადის, იქვე კი ბავშვები თამაშობენ“, - ჩივის ეკატერინბურგელი ტურისტი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურა 1990-იანი წლების დონეზეა გაჩერებული: დაზიანებული გზები, მიტოვებული შენობები და თანამედროვე კომფორტის არარსებობა უკვე ტურისტების მასობრივ გადინებას იწვევს.

  • თაღლითობა და ქურდობა ტურიზმის სახეს აზიანებს

ტურისტების მიმოხილვებში ხშირია საუბარი თაღლითობაზე, განსაკუთრებით ღვინოსა და თაფლთან დაკავშირებით. დამსვენებლები აცხადებენ, რომ მათ ხშირად ატყუებენ, ჰპირდებიან შინაურ, ნატურალურ პროდუქტებს, მაგრამ საბოლოოდ უხარისხო და გაზავებულ საქონელს ასაღებენ.

"შინაური ღვინის ნაცვლად, წყალში გაზავებული, საღებავიანი სითხე მოგვყიდეს. გემო ქიმიურ კომპოტს ჰგავდა“, – წერს ტურისტი.

გარდა ამისა, გავრცელებულია ქურდობის ფაქტებიც. სასტუმროებსა და სასტუმრო სახლებში სტუმრებს ნივთებს ხშირად ჰპარავენ.

"ჩემს მეგობარს 2000 დოლარი და სხვა ნივთები მოჰპარეს. პერსონალმა უბრალოდ ხელები დაიბანა, პოლიციამ კი არაფერი იღონა“, - ვკითხულობთ ერთ-ერთ ფორუმზე.

  • უხეშობა და ანტისანიტარია: დამსვენება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ

აფხაზეთში სერვისის დაბალი დონე და ადგილობრივების უხეში დამოკიდებულება ტურისტების ყველაზე დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

"უხეშობა ყველგანაა: კაფეებში გიყვირიან, საზღვარზე გამცირებენ, სასტუმროებში კი საჩივრებს უყურადღებოდ ტოვებენ“, - წერს ერთ-ერთი ტურისტი.

პრობლემას ამწვავებს ანტისანიტარია, რაც ტურისტების ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. საკვებით მოწამვლა და ნაწლავური ინფექციები, განსაკუთრებით როტავირუსი, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

"გაგრაში ყველას ღებინება ჰქონდა კაფეს საჭმლისგან და წყლისგან. ბავშვი ერთი კვირა იყო ავად“, - იხსენებს კიდევ ერთი ოკუპანტი ტურისტი.

  • რუსი ტურისტების გადინება და სამომავლო პერსპექტივები

ზოგიერთი ტურისტული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს აფხაზეთში ტურისტული ნაკადი წინა წელთან შედარებით 5-7%-ით შემცირდა. ახალი კანონები სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს: 2026 წლიდან ბავშვებს საზღვრის გადასაკვეთად საზღვარგარეთის პასპორტი დასჭირდებათ, რაც ოჯახურ ტურიზმს (ტურისტების 80%) სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. რუსი დამსვენებლები უკვე ირჩევენ ალტერნატიულ მიმართულებებს: სოჭს, ყირიმს ან თურქეთს.