დღეს ქართული კინოს ოქროს ხანას, კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი დააკლდა. გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი, ჩვენი საყვარელი ფილმების შემოქმედი - ელდარ შენგელაია. ის ფილმები, რომლებზეც თაობები გაიზარდა, მას როგორც შემოქმედს უკვდავად აქცევს. ინფორმაცია ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შესახებ ambebi.ge-ს ოჯახის წევრმა, მისმა რძალმა, ეკა ჭიჭინაძემ დაუდასტურა.
ლეგენდარულ რეჟისორს მსახიობი ნანა შონია სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით იხსენებს:
"როცა ელდარზე ვფიქრობ, სულ ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება. კამერით ხელში მესაუბრებოდა და რეპლიკებს მაწვდიდა, რომ მე მეთამაშა, თავი კომფორტულად მეგრძნო და შემძლებოდა, სწორად მივმხდარიყავი იმ ამოცანას, რასაც ითხოვდა.
მეხმარებოდა, მეფერებოდა და ამ გზით ცდილობდა, როგორმე ის პერსონაჟი დაენახა ჩემში და ასეც მოხდა, დაინახა და მერე დაიწყო ის, რაც არასდროს დამავიწყდება, სულ მემახსოვრება და სულ მადლიერი ვიქნები მისი. იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერი წუთებისთვის, რაც მასთან ყოფნის და მუშაობის დროს განვიცადე.
ოცნების ასრულებას ჰგავდა მასთან ერთად მუშაობა და ურთიერთობა. ეს გენიოსი როგორი უბრალოებით, ბავშვური გულწრფელობით მეკიდებოდა და მამხნევებდა. ზოგჯერ ყურებსაც არ ვუჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.

ცოტა დაუჯერებელი იყო, როცა მეტყოდა: "შენ ხომ უკეთ იცი, როგორ უნდა ითამაშოო?“ მე ხომ მაშინ სულ ახალგაზრდა ვიყავი, კინოში დიდი გამოცდილება სულაც არ მქონდა. ის უდიდესი პიროვნება იყო და განუმეორებელი რეჟისორი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და რომანტიკოსი.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ქართულ კინოს და ქართველ ხალხს. და მადლობას ვუხდი მას, რომ ასე გაგვაბედნიერა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი თაობის ჩამოყალიბებაში. წავიდა და თან წაიღო უზარმაზარი სიყვარული და თან დატოვა დიდი სევდა და მონატრება. მიყვარს და სულ მეყვარება. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი", - წერს ნანა შონია.