ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, აქტივისტმა მალხაზ ირემაძემ პერფორმანსი გამართა.
მან შენობის წინ სხვადასხვა შინაარსის ბანერები განათავსა, წარწერებით - "სასამართლომ უნდა დაიცვას ხალხი და არა სისტემა“, "მზიასთვის, მაგრამ არა მხოლოდ მზიასთვის“, ღმერთი არ დგას უსამართლობის მხარეს“, "ნუ იტყვი ეს ჩემი საქმე არაა“, "წესიერება არ არის დანაშაული“, "მზიას პროცესზე ტარდება წესიერების გამოცდა“, "ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას“ და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე დასასწრებად სასამართლოსთან საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.
ცნობისთვის, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი უნდა გაიმართოს, დღევანდელ პროცესზე ჟურნალისტი საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
ინფორმაციისთვის, გამოცემა "ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.