92 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელმაც უკვდავი და გენიალური შემოქმედება დატოვა... „თეთრი ქარავანი," „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „შერეკილები,“ „სამანიშვილის დედინაცვალი,“ „ცისფერი მთები“ - ეს არასრული ჩამონათვალია ელდარ შენგელაიას ნამუშევრების, იმ ფილმების, რომელიც მისთვის შვილებივით იყო და მათი ერთმანეთისგან გარჩევა თუ განსჯა არ შეძელო.
მუდმივად მადლობას უხდიდა მაყურებელს, ვინც, ამდენი წლის მერეც, მის კინოს უყურებდა და ახსოვდა ფრაზები მისი ფილმებიდან.
მუშაობის სურვილი, ხალისი სულ ჰქონდა და ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 90 წლის იუბილესთვის „ფორმულამ" ჩაწერა ამბობს:
ამ სიტყვების შემდეგ სამწუხაროდ 2 წელი იცოცხლა, მაგრამ დარჩა მისი მდიდარი შემოქმედება, რომელიც ფაქტობრივად დროს უძლებს კი არა, მუდმივად უსწრებს. ამიტომაცაა შედევრი თითოეული მათგანი.
დღეს სოციალურ ქსელი გადაივსო სამძიმრის ტექსტებით, რეჟისორის ფოტოებით.
„ძია ელდარი!
უკანასკნელი მოჰიკანი! ყველა თავის გვერდზე დებს თავისთან გადაღებულ მის სურათს. მე კი თავის საყვარელ და ულამაზეს დედასთან გადაღებულ სურათს დავდებ!
ელდარი ძიას გარდაცვალებით წავიდა ნატო ვაჩნაძის ცხოვრების უკანასკნელი მემატიანე!
მიუვა იქ თავის დედიკოს და მეორე დღესვე მოძებნის 2 რეზოს: ჭეიშვილს და გაბრიაძეს - აბა, სცენარზე დავიწყოთ მუშაობაო!“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.
„დიდი რეჟისორი წავიდა! ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი გულშემატკივარი.
P.S. მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის, რომელიც მიგქონდათ კიტას საფლავზე, - ელენიკოსთან ისე არ მივალ კიტასთან რომ არ გამოვიაროო. წავიდა თავის ელენიკოსთან მიყვარხართ და მომენატრებით! – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.
„გარდაიცვალა ჩემი უძვირფასესი მამიდაშვილი და გენიალური რეჟისორი ელდარ შენგელაია. მან საკუთარი შემოქმედებით და ცხოვრებით თავად თქვა მის შესახებ და გენიალურად მოყვა ქართველების ამბავი... ჩვენი ქვეყნის კულტურა გააცნო მთელს მსოფლიოს და ბოლოს წავიდა მის უსაყვარლეს შვილთან, ელენიკოსთან...
მადლობა ელდარ ყველაფრისთვის მე ყოველთვის ვამაყობდი შენით...
კირა, “ - წერს თავის გვერდზე მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი.
საოცარი ფილმია „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ რომელიც დაწუნებული სცენარით გადაუღია. რეზო გაბრიაძის ეს სცენარი სადიპლომო ნამუშევარი იყო, რომელიც სასწავლებელში დაიწუნეს, თუმცა „ვგიკის" რექტორს სერგეი გერასიმოვს ძალიან მოეწონა.
„ფილმის სცენარს, რომელსაც თავიდან „სიყვარული, ხანჯალი და ღალატი“ ერქვა, რეზო გაბრიაძის სადიპლომო ნამუშევარი იყო. რეზო მოსკოვში სწავლობდა... მისი ჯგუფის ხელმძღვანელი ცნობილი ჟურნალისტი კაპლერი იყო, რომელსაც ცოლად სტალინის ქალიშვილი - სვეტლანა ალილუევა ჰყავდა. კაპლერს გაბრიაძისთვის სცენარი დაუწუნებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ქართველებს ვერ იტანდა, გასაკვირი ნამდვილად არ არის. მეტიც, რეზო გაბრიაძე ამ სცენარისთვის კინაღამ დაიჭირეს კიდეც, როგორ შეიძლება დიპლომიანი მხატვარი სასაფლაოზეო?!.
დაწუნებული სცენარი რეზო გაბრიაძემ თბილისში რეჟისორ ელდარ შენგელაიას აჩვენა, რომელსაც სიუჟეტი ისე მოეწონა, რომ დიდხანს არ უფიქრია, გადაღება გადაწყვიტა.
სცენარის დახვეწა რომ დაიწყეს და სწორედ იმ დროს კინოსტუდიაში გურამ ლორთქიფანიძე მისულა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში ორწლიან სარეჟისორო-სასცენარო კურსებზე სწავლობდა. კინოსტუდიაში კი პრაქტიკის გასავლელად იყო მივლენილი, რათა დიპლომი აეღო... მოკლედ, „ლორთქია" ელდარ შენგელაიასთან სტაჟიორად მოხვდა და...
თავიდან ფილმისთვის „ვერნისაჟის" დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ რადგან სიტყვა „ვერნისაჟი" შესაძლოა ბევრისთვის გაუგებარი ყოფილიყო, ამიტომ „გამოფენით“ შეცვალეს“ - ეს თამარ ოქრუაშვილის მოგონებაა.
„საკმაოდ დიდი დროა გასული, მაგრამ როცა „არაჩვეულებრივ გამოფენას ვუყურებ“, თითქოს მეც უბრალო მაყურებელი ვარ და სიმართლე გითხრათ, მომწონს.
ამ ფილმს აქვს რეზო გაბრიაძის ძალიან კარგი სცენარი, ყანჩელის მუსიკა და ჰყავს კარგი მსახიობები...
ვერ გეტყვით, ეს ფილმი რატომ უყვარს მაყურებელს, ალბათ თავად უკეთ იციან... საბჭოთა კავშირში იყო კატეგორიები - მე-3, მე-2 და უმაღლესი - 1-ელი კატეგორია. ამ ფილმმა ყველაზე დაბალი - მესამე კატეგორია მიიღო... საბჭოთა ცენზურას არ მოეწონა. განსაკუთრებით ის სცენა, როდესაც აგულის პერსონაჟს სამამულო ომში ჰიტლერის ხმა ედო. მითხრეს, ეს არის სამამულო ომის დაცინვაო. მერე თბილისში დავბრუნდი, ეს კადრი ამოვიღე და ფილმი ასე გადარჩა ფილმი,“ - იხსენებდა ბატონი ელდარი.
„შერეკილები“ არის თავისუფლებაზე. მაშინ კომიტეტში მითხრეს, ეს არის ზღაპარიო. ჩვენ კი მალვით ვამბობდით სიმართლეს, თუ რა ხდებოდა საბჭოთა საზოგადოებაში... რეზო გაბრიაძე რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც „შერეკილები“ და არც „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ხოლო რეზო ჭეიშვილი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა „სამანიშვილის დედინაცვალი,“ „ცისფერი მთები,“ - მწერალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სცენარი არის საფუძველი და როცა ასეთ ხალხთან თანამშრომლობ, შანსი გაქვს გააკეთო კარგი ფილმი... საერთოდ ყველა ჩემს ფილმში კარგი ადამიანები არიან. ფილმებით ვამბობთ, რომ არ არის აუცილებელი იყო დიდი ადამიანი, მთავარია, უბრალოდ იყო ადამიანი,“ - ჰყვებოდა რეჟისორი, რომლის ფილმებიც გაზავებულია სევდითა და იუმორით, რასაც თავად ხშირად აღნიშნავდა.
„შერეკილების“ გადაღებისას მთავარი სირთულე საფრენი აპარატი ყოფილა.
„მოსკოვში ვინახულე ჩემი ნაცნობი გენერალი რუდეცი და ავუხსენი, რა მინდოდა. მე და რეზო გაგვიშვა იქ, სადაც სამხედრო კონსტრუქტორები მუშაობდნენ.
შენობა გარედან ორსართულიანი იყო, მაგრამ ლიფტით მინუს მერვე სართულზე ჩაგვიყვანეს. ჩვენი აპარატი კონსტრუქტორმა სათაროვმა დაამზადა და თვითმფრინავით თბილისში ჩამოგვიტანეს. გადაღებები გვქონდა იმერეთსა და კახეთში. ის კადრები, როცა ფილმის გმირები გაფრინდებიან და ულამაზესი ხედები ჩანს ზემოდან, სულ ჩემი გადაღებულია.
საფესტივალო ჩვენება თეირანში გვქონდა. ფესტივალი ამ ფილმით გაიხსნა და ირანის დედოფალი და ელიტა ესწრებოდა. როცა გავედი, გავოცდი, უამრავი ციცინათელა დაფრინავდა, ბოლოს მივხვდი, რომ ეს ციცინათელები კი არა, დარბაზში მსხდომი მანდილოსნების ბრილიანტების ათინათები იყო,“ - ჰყვებოდა ჟურნალ „სარკესთან“ ელდარ შენგელაია.
თურმე ყველა ფილმის დაწყების წინ მშობლების (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია და მსახიობი ნატო ვაჩნაძე) საფლავზე, პანთეონში მიდიოდა და მათ იმაზე ესაუბრებოდა, რაც უნდა გადაეღო. რაღაცნაირად ეგონა, რომ მნიშვნელოვანი საქმის დაწყების წინ ისინი ლოცავდნენ.
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია კინოლეგენდა დედასთან ნატო ვაჩნაძესთან დაკავშირებით სხვადასხვა ამბავს ჰყვებოდა:
„ქუჩაში დედაჩემთან, ნატო ვაჩნაძესთან ერთად რომ გავიდოდი, ვინც კი შეგვხვდებოდა, დედას დიდხანს ესაუბრებოდა. მერე ეტყოდნენ, ეს რა ლამაზი ბიჭი გყავსო. არადა, თავი სულ გადახოტრილი მქონდა მკბენარებისგან დასაცავად და პარტყუნა ყურები მქონდა. კომპლიმენტებზე ძალიან ვბრაზდებოდი. ერთხელაც, დედას გამოვუცხადე, ამის შემდეგ წინ შენ ივლი, მე ათი ნაბიჯით უკან ვიქნები-მეთქი...
მახსოვს, პირველი კლასის მოსწავლე ვიყავი და გვერდით ერთი ლამაზი გოგონა დამისვეს. ძალიან მომეწონა და უცბად შემიყვარდა. სახლში რომ მივედი, დედას ყელსაბამები მოვიპარე და იმ გოგოს ვაჩუქე. მეორე დღეს სამასწავლებლო ოთახში დამიბარეს და მკითხეს, - ეს ყელსაბამები ვისიაო. დავიბენი, შემრცხვა და ვუპასუხე, დედაჩემის არის, ეს გოგო მომეწონა და მას მოვუტანე-მეთქი. ამის მერე ნატო სკოლაში დაიბარეს და სიტუაცია აუხსნეს. დედამ ამაზე ძალიან ბევრი იცინა და ყელსაბამები იმ გოგოს აჩუქა“.
ეპიზოდი ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემული ინტერვიუდან.
ელდარ შენგელაია:
„სამანიშვილის დედინაცვალს“ ვიღებდი, როცა ჩემმა მეგობარმა, მწერალმა რეზო ჭეიშვილმა, პატარა მოთხრობა „ცისფერი მთები“ წამაკითხა. ვუთხარი, ამისგან კარგი ფილმი გამოვა-მეთქი. სცენარზე მუშაობას 1 წელი მოვუნდით.
მოსკოვში გვითხრეს, ანტისაბჭოთა ფილმიაო... სწორედ იმ ზაფხულს ბიჭვინთაში ისვენებდა საკავშირო ცკ-ის მდივანი მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც მოისურვა ქართული ფილმების ყურება. სასწრაფოდ გავუგზავნეთ „ცისფერი მთები,“ რომელიც ქართულ ენაზე იყო და თარჯიმანი დასჭირდა.
შემდგომ თარჯიმანი მიყვებოდა, გორბაჩოვმა ბევრი იცინა, მერე გვერდით მჯდომ შევარდნაძეს გადაულაპარაკა, - რამე თუ არ ვიღონეთ, თავზე დაგვექცევა ქვეყანაო.
ამის შემდეგ გავფრინდი მოსკოვში და ერმაშს, რომელსაც შეეძლო ფილმები დაეშვა ან აეკრძალა, ფილმი ვაჩვენე. ვუთხარი, გორბაჩოვმა უკვე ნახა და მოეწონა-მეთქი. რას იზამდა, ასე ჩაეშვა ფილმი კინოგაქირავებაში.
შემდეგ მოითხოვეს კანის ფესტივალზე, მაგრამ დიდი საფესტივალო ჩვენებისათვის ერმაშმა უარი განაცხადა. მხოლოდ დილის ჩვენებაზე დაუშვეს სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის, მაგრამ მოხდა საოცრება, იმდენად მოეწონათ, მეორე დღესაც აჩვენეს და პრესა აჭრელდა ქება-დიდებით. „ეს არის კაფკა“, - წერდნენ კინოკრიტიკოსები.
რეჟისორის ცხოვრებაში იყო ხანგრძლივი შემოქმედებით პაუზა, ამისთვის მიზეზი ჰქონდა. ეს ელენე შენგელაია გახლდათ - ელდარ შენგელაიას უმცროსი ქალიშვილი, რომელიც 23 წლის ასაკში ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.
„ჩემი უდიდესი ტკივილია ჩემი უმცროსი ქალიშვილი - ელენე. ის რომ დაიღუპა, თავის მოკვლა მინდოდა. სასწაული გოგო იყო. სწავლობდა გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისში. ყველგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 23 წლის ასაკში შეწყდა".
ელდარ შენგელაიას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მეუღლეს ეხებოდა: „ნელი აქამდე იყო ჩემი მეუღლე, ახლა ვხუმრობ ხოლმე, არის ჩემი დედა, რადგან მან იცის, როდის უნდა ვჭამო, როდის რა წამალი მივიღო, როდის წავიდე შეხვედრაზე, რა მაქვს დაგეგმილი. ნელი მედეა ჩახავას დაბადების დღეზე გავიცანი. იქიდან გამოვაცილე, მერე ვხვდებოდით. ერთხელაც ნარდი ვეთამაშე და მომიგო. მე კიდევ არ მიყვარს წაგება. ჰოდა, ვიფიქრე, მოვიყვან ცოლად და აღარ მომიგებს, დამითმობს-მეთქი“.
დიდ რეჟისორზე კიდევ ბევრი მოგონების გახსენება შეიძლება, რასაც ერთი სტატია არ ეყოფა.
AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს რეჟისორის ოჯახს, ქართულ კულტურას და საზოგადოებას.
იხილეთ ასევე: