რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიის ზღვაში საბრძოლო წვრთნები წამოიწყეს, მიუხედავად იმისა რომ დაგეგმილი სწავლებების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, ისინი ზუსტად იმ დღეს დაიწყო, როდესაც დიმიტრი მედვედევის მუქარის პასუხად დონალდ ტრამპმა ამერიკის ბირთვული წყალქვეშა ნავების რუსეთთან მიახლოების ბრძანება გასცა.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადებით, წვრთნები სახელწოდებით “ერთობლივი ზღვა 2025“ წყნარ ოკეანეში, რუსეთის უმსხვილეს პორტთან, ვლადივოსტოკის სიახლოვეს ჩატარდა, მასში ოთხი ჩინური ხომალდი, მათ შორის შაოსინგისა და ურუმჩის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ორი ნაღმოსანი მონაწილეობდა. პროგრამა წყალქვეშა ნავის ერთობლივი გადარჩენის ოპერაციას, საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო მანევრებს, საზღვაო ბრძოლების სიმულაციას და წყნარი ოკეანის შესაბამის ზონებში პატრულირებას ითვალისწინებდა.

რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც “უწყვეტი პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმება უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააფორმეს, წლებია უკვე ერთობლივ რეგულარული წვრთნებს ატარებენ, მიუხედავად იმისა რომ მათი განცხადებით ეს სამხედრო თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იაპონიამ მიმდინარე სწავლებები გააპროტესტა და განაცხადა რომ პეკინსა და მოსკოვს შორის გაღრმავებული სტრატეგიული კოორდინაცია მისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის “სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს.
განცხადებას პეკინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჟანგ სიაოგი გამოეხმაურა და იაპონიას აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან ერთად წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში გამართული სამხედრო-საჰაერო წვრთნები შეახსენა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს, ხოლო “ერთობლივი ზღვის“ სწავლებები 2012 წლიდან ტარდება, მათი თანამშრომლობა ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად გაღრმავდა, მარტო ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.