2025 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია.
ის რეჟისორ ნიკოლოზ შენგელიასა და მსახიობ ნატა ვაჩნაძის ოჯახში 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა. არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფის შედევრებია მის მიერ გადაღებული ფილმები: "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "შერეკილები“, "სამანიშვილის დედინაცვალი“, "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.
მომავალმა რეჟისორმა უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში.
1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში“.
თავისი სადებიუტო ფილმი "თეთრი ქარავანი" გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად, 1963 წელს.
შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის "მიქელას“ ეკრანიზაცია (1964.) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო "სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977).

ელდარ შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები "არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და "შერეკილები“ (1973).
10 წლის იყო, როდესაც მამა დაკარგა, ნიკოლოზ შენგელია 1943 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა ცდილობდა შვილებისთვის არაფერი მოეკლო, ყველაფერს აკეთებდა მათი კეთილდღეობისთვის.


ელდარ შენგელაია 20 წლის იყო, როდესაც ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე ტრაგიკულად დაიღუპა.
მსახიობი 1953 წლის ივნისის დასაწყისში მურმანსკში წავიდა საქმეზე, იქიდან მოსკოვში გამოიარა შვილის სანახავად. ელდარ შენგელაია ასე იხსენებდა დედასთან უკანასკნელ შეხვედრას.
“მოსკოვში ვსწავლობდი. დედამ ჩამომაკითხა. მეგობრები თემიკო ჩირგაძესთან წავედით ვარატინსკის ოლქში, სადაც ჯარში მსახურობდა. დედამ გამაფრთხილა, თუ შენ არ ჩამოხვალ, თბილისში არ წავალო. თემიკოსთან კარგად ვიქეიფეთ და დავწექით. საერთოდ, ღრმა ძილი ვიცი, მაგრამ ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა. თემიკოს ვუთხარი, ახლავე მოსკოვში მივდივარ-მეთქი. მან მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო. ვუპასუხე, საბარგო მატარებელი მაინც იქნება. როგორმე წავალ, რადგან დედას დავპირდი-მეთქი. სულ იმავეს ვფიქრობ, ნეტავ მოსკოვში არ წავსულიყავი. დედა ბილეთს აღარ იყიდდა და მოსკოვში დამელოდებოდა. არც იმ საბედისწერო თვითმფრინავში მოხვდებოდა.
როგორც იქნა, მოსკოვში ჩავედი და დედა გავაცილე. აეროპორტში მისულ დედაჩემს ბილეთი არ დახვდა. შემდეგ მოლარეს აუხსნა, რომ სასწრაფოდ უნდოდა გაფრენა. მან კი ცნობილ მსახიობს უარი ვერ უთხრა. ასე იშოვა დედამ საბედისწერო რეისის ბილეთი და ასე მოხვდა იმ თვითმფრინავში. დამთხვევაა ისიც, რომ ავიაკატასტროფა მამაჩემის სოფელ ობუჯთან მოხდა. მანამდე, წლებით ადრე კი, მამა დედაჩემის სოფელ გურჯაანთან ახლოს გარდაიცვალა..."
მის ცხოვრებაში ტრაგედიები ამით არ დასრულებულა, 2009 წელს მან ასევე ტრაგიკულად, ავტოავარიაში დაკარგა ნაბოლარა ქალიშვილი, 23 წლის ელენე.
"არ მინდა ამაზე ხშირად ვილაპარაკო. ზოგჯერ სიჩუმეში მეტი იკითხება, ვიდრე სიტყვებში… უბრალოდ, არ არსებობს დღე, როცა არ ვიხსენებ. ვცდილობ, ძლიერი ვიყო, მაგრამ ვერ ვივიწყებ", - ამბობდა რეჟისორი...
ელდარ შენგელაია ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე იყო არიადნა შენგელაია (ქალიშვილობის გვარი - შპრინკი). ისინი სტუდენტობისას დაქორწინდნენ და და თითქმის 20 წელზე დიდ ხანს იყვნენ ერთად. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა - ნატო (ნატაშა) და ეკატერინე შენგელაიები.

რეჟისორის მეორე ცოლი ნელი დავლიანიძე - შენგელაია პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია. მუშაობდა რუსთაველის თეატრში სერგო ზაქარიაძის მდივნად. შემდეგ რობერტ სტურუას თანაშემწედ.


ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ყვებოდა:
"ნელი აქამდე იყო ცოლი, თორემ ბოლო ხანს ვხუმრობ ხოლმე, რომ ის ჩემი დედაა. მან იცის როდის უნდა ვჭამო, როდის რა წამალი მივიღო, როდის წავიდე შეხვედრაზე და რა მაქვს დაგეგმილი. ის მედეა ჩახავას დაბადების დღეზე გავიცანი, იქიდან გამოვაცილე. შემდეგ ვხვდებოდით, ერთხელ ნარდი ვითამაშეთ და მომიგო. მე არ მიყვარს წაგება, ჰოდა, ვიფიქრე, მოდი, ცოლად მოვიყვან, აღარ მომიგებს, დამითმობს -მეთქი..."
წყვილი იხსენებდა, რომ მათ თანაცხოვრებაში იყო კონფლიქტები და შეხლა-შემოხლაც, მაგრამ შვილის ტრაგედიამ ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა და ისინი ერთ მთლიანობად იქცნენ...












ელდარ შენგელაია მრავალმხრივი ინტერესების ადამიანი იყო და ქვეყნის ცხოვრებაშიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას - 1990 წლიდან ჩაერთო პოლიტიკაშიც. გახდა რა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. შენგელაია იყო 1992, 1995, 1999 და 2004 წლების მოწვევების საქართველოს პარლამენტის წევრი.

თუმცა მასზე ყველაზე მეტს მაინც მისი ფილმები ლაპარაკობენ. ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მემატიანეში ვიპოვეთ ელდარ შენგელაიას არაერთი უნიკალური ფოტო, რომელზეც აეგო ეს მასალა.
იხილეთ ასევე: