ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დარჩენას მოითხოვდა.
პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, პატიმრობის გამოყენების საფუძვლები კვლავ ძალაშია. მარშანიას თქმით, საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, ბევრი მოწმეა დასაკითხი, ამასთან, ქონებებია მოსაძიებელი და მათი წარმომავლობა შესასწავლი, თავისუფლებაში ყოფნისას კი მიქაუტაძემ შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს, რომლებთანაც მას მჭიდრო კავშირი აქვს.
ამასთან, პროკურორის თქმით, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, მიქაუტაძე შესაძლოა, მიიმალოს, „მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ და ის ესპანეთში ფლობს ქონებას”.
სხდომათა დარბაზში მიქაუტაძის ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან.
„მეუღლეა და ბოდიში, ვერ იკავებს თავს“, - განაცხადა მოსამართლის საპასუხოდ რომეო მიქაუტაძემ.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატი მალხაზ სალაყაია აცხადებდა, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
„ბრალდებული გამოკეტილია საკანში, ყველანაირი კომუნიკაცია აქვს აკრძალული. თქვენ მეუღლის ემოცია გაგიკვირდათ, მაგრამ იმ დღის მერე, მეუღლემ პირველად ნახა, ხმაც არ გაუგონია....“ - განაცხადა სალაყაიამ.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.