ავტორი:

"ვინმემ რომ მკითხოს, მამას იმქვეყნად რას წაუღებდიო? - ჩვენი დღევანდელი ნაკრების რამდენიმე თამაშის ჩანაწერს..." - გუგა ქაშიბაძე პროფესიაზე, ხატვაზე, ლეღვის ნახარშით დამწვრობასა და ფეხბურთზე

"ვინმემ რომ მკითხოს, მამას იმქვეყნად რას წაუღებდიო? - ჩვენი დღევანდელი ნაკრების რამდენიმე თამაშის ჩანაწერს..." - გუგა ქაშიბაძე პროფესიაზე, ხატვაზე, ლეღვის ნახარშით დამწვრობასა და ფეხბურთზე

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია გუგა ქაშიბაძე - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი.

მოგეხსენებათ, რესპონდენტები ამ პროექტში ჩვენი მკითხველის დასმულ შეკითხვებს პასუხობენ. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიას ნახავთ სტატიის ბოლოში.

იზა:

- ბატონო გუგა, მოგესალმებით. რატომ აირჩიეთ პროფესიად ექიმობა?

- მოგესალმებით, კიდევ კარგი ექიმობა ავირჩიე. არ ვიცი, შემთხვევით მოხდა, ბედმა გადაწყვიტა, პლანეტები განლაგდნენ ასე, თუ რა იყო, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ბავშვობიდან ვგრძნობდი, ისეთი პროფესია მინდოდა, ამერჩია, რომელიც ადამიანების დახმარებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ვიმეორებ, კიდევ კარგი ექიმობა ავირჩიე!

აკა:

- დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელობა რა არის თქვენთვის და ამ საქმის მთავარ სირთულედ რას მიიჩნევთ?

- პირველ რიგში ვალდებულებაა, დიახ, სათავეში ედგე დარგს, რომელიც ქვეყანაში ერთადერთია, საკმაოდ სერიოზული ვალდებულებაა. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო და ის თამასა, რაც დამწვრობის ცენტრს უკავია, დაბლა არ დავწიო.

მკითხველი:

- გაიხსენეთ ყველაზე მძაფრი ემოცია, რომელიც სამედიცინო პრაქტიკისას გქონიათ?

- ალბათ ეს არის 9 წლის ბიჭის ოპერაცია, რიგი მიზეზების გამო, საოპერაციოში ჩვენ (ანესთეზიოლოგთან ბესიკ იაშვილთან ერთად) მარტო არ ვიყავით... ღიმილით ვამბობ ხოლმე, ალბათ წმინდა გიორგიც ჩვენთან ერთად იყო, გამოუვალი სიტუაციიდან გამოვედით...

თემო:

- ცოტა უცნაურად ჟღერს ალბათ, მაგრამ როგორები არიან, რას ავლენენ კლინიკაში დამწვრობით შემოსული პაციენტები?

- ერთადერთი, რაც მიკვირს, ისაა, რომ სხვადასხვა სოციალური ფენის, ასაკის ადამიანები უმეგობრდებიან ერთმანეთს და მათი ეს მეგობრობა წლების მერეც გრძელდება. დიდი ალბათობით საერთო გასაჭირი და ერთად გადატანილი ტკივილი, განსაცდელი აახლოებთ. ისეთ ფაქტებს შევსწრებივარ, რომ დამწვრობის ცენტრში დაწყებული მეგობრობა, დანათესავებით დამთავრებულა, ვიმეორებ, არადა, ერთი შეხედვით, თითქოს საერთო მათ არაფერი უნდა ჰქონდათ.

ლია:

- სამედიცინო პრაქტიკიდან ხშირად ჰყვებით ხოლმე სასაცილო ისტორიებს. იმ ადამიანების ვინაობას მართალია, არ ამხელთ, მაგრამ ისტორია შესაძლოა, ვინმეს ეცნოს კიდეც. მათგან საყვედური ხომ არ მიგიღიათ?

- არა, საყვედური არ მიმიღია, იმიტომ, რომ ამ ისტორიებში ხშირად არც სქესი ემთხვევა, არც ასაკი და ძნელია, ადამიანმა საკუთარი თავი ამოიცნოს... ყოფილა შემთხვევები, ჩემი მოყოლილი ამბავი რომ მოუსმენიათ, უთქვამთ, ჩემი მსგავსი ისტორია სხვასაც გადახდენიაო. ვერც კი მიხვედრილა, რომ ეს მისი ამბავი იყო.

ნიკა:

- სტრესული სამუშაო გაქვთ. ამის დასაბალანსებლად მგონი, მთაში დადიხართ, თუმცა მთაში სიარულიც რისკებს შეიცავს... ბევრ მწვერვალზე ხართ ასული?

- თითქმის ყოველ დღე გვიწევს ოპერაციების ჩატარება, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. სულ მიკვირს იმ ექიმების ნათქვამის, რომლებიც აცხადებენ, რომ ცივი გონებით, ემოციების გარეშე შედიან საოპერაციოში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ასე მგონია, ემოციების გარეშე, ვერცერთ ოპერაციაზე ვერ დავდგები. ალბათ ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველთვის გიბიძგებს, რომ ფორმაში იყო და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ამ დროს ბევრი რამ არის შენზე დამოკიდებული.

სამუშაო სტრესულია, რადგან გინდა, არ გინდა, არა მარტო მორალურად, ფიზიკურად იღლები, ხვდები განსაკუთრებულ ტრაგედიებს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს შენზე და რაღაცის სახლშიც წაღებაც გიწევს. რაც არ უნდა, დიდი დრო გავიდეს, ამ ყველაფერს ვერ ეჩვევი. წლების შემდეგ შეიძლება ისე მწვავედ ვერ აღიქვამდე, როგორც დასაწყისში, რადგან ეს სიმწვავე ოდნავ იკლებს, თუმცა მთლიანად არ ქრება. მერე ცდილობ, ეს სტრესი რაღაცნაირად გაანეიტრალო თვითონ სამსახურის პირობებში, გზაში, სახლში. ალბათ ყველაზე მეტად იუმორი მშველის, სამსახურში ყოველთვის ვცდილობ, იუმორით გამოვიდე მდგომარეობიდან და შევამსუბუქო ის საკუთარი მორალური დატვირთვა და ასევე პაციენტებისთვის ტანჯვა.

თითქმის ჩემი ყველა ჰობის ნაწილი, ადრენალინთან და რისკთან არის დაკავშირებული. შესაძლებელია, ესეც იყოს მიზეზი, მათ შორის, მთაში სიარული. თუმცა მთაში სიარული სამსახურის დაწყებამდეც მიყვარდა, რადგან ულამაზესი მთები გვაქვს. მიხარია, რომ იქ ქართველს ნახავ და არა მარტო უცხოელს, რომელიც ტკბება ჩვენი მთების სილამაზით.

ბესო:

- რომ არა ექიმი, ალბათ მხატვარი იქნებოდით. რას იტყვით?

- დიდი ალბათობით ასეც არის. ხატვაც მიტაცებდა და დღემდე ვხატავ, ვძერწავ, რკინაზე ვმუშაობ, თუმცა გადაჭრით თქმა მაინც რთულია. ვიმეორებ, დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ კიდევ კარგი ეს პროფესია ავირჩიე და კიდევ კარგი ექიმი ვარ. ეს იმდენ სიამოვნებას მანიჭებს, ისეთ აღტაცებას მგვრის, ისეთი აზარტი ახლავს ამ ყველაფერს, ხანდახან მიკვირს კიდეც, ხელფასს რაში მიხდიან.

თიკა:

- თქვენს კარიკატურებს ვინმე ხომ არ გაუნაწყენებია. ყოველი კარიკატურის შექმნის წინ იმპულსს რა გაძლევთ?

- პიროვნულ კარიკატურებს იშვიათად ვხატავ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა კარიკატურის ადრესატი არადა, სხვები განაწყენებულან. მაგალითად, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის კარიკატურით, რომელსაც მოღუნული ცხვირი ჰქონდა, საოცრად აღშფოთდა ერთ-ერთი მკითხველი, - ასეთი ცხვირი არ აქვს მერაბსო. დიალოგში აღარ შევედი, მაგრამ ისეთი სიმძაფრით აღიქვა, რომ თითქოს მერაბისთვის უდიდესი შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ჩემი ნამუშევარი უტრირება იყო და კარიკატურაც ხომ ეგ არის?!

არ ვიცი, თავისთავად მიდის, კარიკატურების ხატვის სურვილი, რაც ჩემი მეორე გოგონას დაბადებასთან არის დაკავშირებული. დავიწყე მაშინ, როცა მეუღლე ორსულად იყო. ალბათ ეს ქვეცნობიერად ბავშვობიდან მოდის, რადგან "ნიანგი“ იყო ჩემი საყვარელი ჟურნალი, ბაბუას ტომრებით ჰქონდა რაჭაში დაგროვებული ძველი "ნიანგის“ ჟურნალები. ამ ჟურნალთან ერთად ვატარებდი მთელ ზაფხულს. ჩვენი ცნობილი და სახელოვანი კარიკატურისტების ნამუშევრებით ვტკბებოდი. ალბათ იქიდან ქვეცნობიერად ჩამყვა ეს ყველაფერი.

დოდო:

- ლეღვის ფოთლის ნახარშისგან დამწვარი პაციენტი როდესაც პირველად ნახეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- 2 წელია, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა... ამ უცნაურმა "ტრადიციამ“ 12 წელი გაძლო. მიმაჩნია, რომ პირველი შემთხვევა განსაკუთრებული იყო, რადგან არანაირი გამოცდილება არა მარტო ჩვენ, არავის ჰქონდა.. სულ რამდენიმე მცენარეა, რომელიც ასეთ ქიმიურ დაზიანებას იწვევს... თუმცა ასეთი მასშტაბური თვითდაზიანება, დიდ ფართობზე მაშინ პირველი შემთხვევა იყო და გაოცებულები ვიყავით.

ის პაციენტი დღესაც მახსოვს, ახლა უკვე დიდი ქალბატონი იქნება, ოჯახსაც შექმნიდა და ბავშვებიც ეყოლება. ეს იყო 15 წლის წინ.

სხვათა შორის, ამ პაციენტებს შორის იყვნენ ბიჭებიც, გოგონებიც, ხანდაზმული ქალბატონიც მახსენდება, რომელიც 60 წელს იყო გადაცილებული და ბოლომდე ამბობდა, რომ ვაშლის ხეზე ავიდა და იქ მიიღო მზისგან დამწვრობა. ჩვენი გამოცდილება კი გვიჩვენებდა, რომ ის ხელოვნურად მიღებული დაზიანებები იყო.

ბოლო დროს ალბათ მოჰბეზრდათ, ბოლო-ბოლო მიხვდნენ, რომ ეს არ შეიძლება... საერთოდ ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, ჰგონია, რომ მას ეს არ დაემართება, როგორც ჰემინგუეის აქვს ნათქვამი, ყველა ჯარისკაცს ჰქონია, რომ ტყვია მას არ მოხვდება, მაგრამ როგორც პირველ ჭრილობას მიიღებს, მაშინვე ხვდება, რომ თვითონაც ჩვეულებრივი მოკვდავია.

გიორგი:

- საერთოდ როგორ მოვუაროთ კანს და I-II ხარისხის დამწვრობისას პირველადი დახმარება რა უნდა იყოს?

- ჯობია, რომ დამწვრობა არ მივიღოთ. გარემო შევაფასოთ ზედმეტად კრიტიკულად, ახლა ზაფხულის პერიოდია და მაქსიმალურად მოვერიდოთ მზის გულზე ყოფნას, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები, რათა არ დაგვიზიანდეს კანი. დავიმახსოვროთ, რომ ყველაზე მეტად სახლში ვიწვებით. სახლი ამ მხრივ ყველაზე სახიფათო ადგილია, განსაკუთრებით, სამზარეულო და არა მარტო დამწვრობისთვის, საერთოდ, ტრავმის მისაღებად. ბევრი ელექტრული საგანია, გაზი, ცხელი წყალი, ბასრი, მძიმე საგნები, სხვადასხვა ქიმიურად აქტიური ნივთიერებები.

I-II ხარისხის დამწვრობისას კარგი იქნება თუ რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლას გამოვიყენებთ, რათა სწრაფად მოხდეს გაგრილება. შემდეგ ანტიბაქტერიული დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო წავისვათ და ნახვევი გავიკეთოთ.

დათა:

- როგორ დავიზღვიოთ თავი ნებისმიერი ტიპის დამწვრობისგან?

- ძირითადად დამწვრობა და ზოგადად ტრავმის მიღების 80% გაუფრთხილებლობაა. ცოტა ზედმეტი ყურადღება რომ გამოვიჩინოთ და ოდნავ კრიტიკულად შევხედოთ გარემოს, დამწვრობას და ნებისმიერ ტრავმას აუცილებლად ავიცილებთ.

ნინო:

- თავად თუ მიგიღიათ დამწვრობა?

- კი, მთაში. სახეზე დავიწვი, მახსოვს, ჩამოსვლის შემდეგ, პაციენტმა ოპერაციის წინ შემომხედა და მკითხა, - შენ რაღა დაგემართა, გუგა ექიმოო. ბევრს ჰგონია, რადგან დამწვრობის ცენტრში ვმუშაობ, საერთოდ არ ვიწვები. კრემი მესვა, მაგრამ დაუდევრობის ბრალია, მთლიანად გადანაწილებული არ მქონდა... არადა, სხვას ვაფრთხილებ ხოლმე.

ნინი:

- ვისთვის არ შეიძლება რუჯი და ამ ცხელ დღეებში მზით დამწვარი ბევრი პაციენტი გყავთ?

- ვფიქრობ, რუჯი არავისთვის არ შეიძლება. მისი მიღება გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. ის კანის უჯრედებისთვის გარკვეული დაზიანებაა და უკვალოდ არ ქრება. იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭებს, კანის გამოშრობას და ა.შ. ასევე არსებობს დაავადებები, რომლისთვისაც პირდაპირი უკუჩვენებაა მზის აბაზანები, მზეზე ხშირად ყოფნა. სერიოზული რისკის ქვეშ არის ეს ყველაფერი. "პლუსი“ ის აქვს, რომ გოგოებს მოსწონთ გარუჯული ბიჭები და ბიჭებს მოსწონთ გარუჯული გოგოები. ასე ერთმანეთის დევნაში კი კანს იზიანებენ.

წელს შედარებით მომატებულია მომართვიანობა და ჩვენდა სამწუხაროდ, არიან პატარა ბავშვებიც. ახლა მზით დამწვარი 4 წლის ბავშვი გვიწევს, ხანგრძლივი დრო გაატარა აუზზე. მზის დამწვრობასთან ერთად, ჰქონდა გადახურება და მზის დაკვრა.

ზურა:

- ბატონო გუგა, ფეხბურთის მოყვარული ხართ. თავადაც ხომ არ თამაშობდით ფეხბურთს და რა არის ეს სპორტი თქვენთვის?

- მოყვარულის დონზე ვთამაშობდი ისე, როგორც ყველა ბავშვი - ვერც წარმომიდგენია ჩემი ბავშვობა ფეხბურთის გარეშე - მოხარული ვარ, რომ ახლა ისეთ პერიოდში მომიწია ცხოვრებამ, როცა ჩვენმა სახელოვანმა ფეხბურთელებმა ამ სპორტს სულ სხვა დატვირთვა შესძინეს. ერთ რამეზე მწყდება გული, რომ მამაჩემი ვერ მოესწრო რიგ თამაშებს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. ვინმემ რომ მკითხოს, მამას იმქვეყნად რას წაუღებდიო, ჩვენი დღევანდელი ნაკრების რამდენიმე თამაშის ჩანაწერს...

ვერც კი წარმომიდგენია, კაცები რომ ამობობენ, ფეხბურთი არ მაინტერსებს, არ ვუყურებო. ასე მგონია, მე რომ არ მაინტერესებდეს, ხმამაღლა ამის თქმა მომერიდებოდა...

მარი:

- დამწყებ ექიმებს რას ურჩევთ?

- ვეტყოდი, რომ მათ აირჩიეს ყველაზე მაგარი პროფესია. ექიმობის მსგავსი მეორე პროფესია არ არის. გაუმართლათ... ეს არის პროფესია, სადაც წვრილმანი და მსხვილმანი არ არსებობს - ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.