ავტორი:

დიდი რეჟისორის ორი ქორწინება და შთამომავლობა - ვინ აგრძელებს შენგელაიების ოჯახის კინემატოგრაფიულ ტრადიციას?

დიდი რეჟისორის ორი ქორწინება და შთამომავლობა - ვინ აგრძელებს შენგელაიების ოჯახის კინემატოგრაფიულ ტრადიციას?

საქართველო დიდ რეჟისორს, ელდარ შენგელაიას ემშვიდობება, რომელიც 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა. მან დატოვა უკვდავი მემკვიდრეობა არა მხოლოდ ფილმების სახით, არამედ ოჯახური სიყვარულის, ტკივილისა და ბედნიერების სულის შემძვრელი ამბებითაც.

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. მისი ცხოვრება თავიდანვე კინოს სამყაროს უკავშირდებოდა - მამა ნიკოლოზ შენგელაია, ცნობილი რეჟისორი იყო, დედა კი - ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის“ რეჟისორი გახდა. მისი ფილმები, როგორებიცაა "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "შერეკილები“, "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ქართული კინოხელოვნების ოქროს ფონდში შევიდა და სამუდამოდ დაიდო ბინა მაყურებლის გულში.

ლეგენდარული კინორეჟისორი იშვიათად საუბრობდა პირად ცხოვრებაზე, რომელიც უდიდეს წარმატებებთან და შემოქმედებით სიხარულთან ერთად, სავსე იყო ტრაგედიებითაც.

10 წლის იყო, როდესაც მამა დაკარგა, ნიკოლოზ შენგელია 1943 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა ცდილობდა შვილებისთვის არაფერი მოეკლო, ყველაფერს აკეთებდა მათი კეთილდღეობისთვის.

20 წლის იყო, როდესაც ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე ტრაგიკულად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მის ცხოვრებაში ტრაგედიები ამით არ დასრულებულა, 2009 წელს მან ასევე ტრაგიკულად, ავტოავარიაში დაკარგა ნაბოლარა ქალიშვილი, 23 წლის ელენე.

"არ მინდა ამაზე ხშირად ვილაპარაკო. ზოგჯერ სიჩუმეში მეტი იკითხება, ვიდრე სიტყვებში… უბრალოდ, არ არსებობს დღე, როცა არ ვიხსენებ. ვცდილობ, ძლიერი ვიყო, მაგრამ ვერ ვივიწყებ", - ამბობდა რეჟისორი...

ელდარ შენგელაია ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე იყო არიადნა შენგელაია (ქალიშვილობის გვარი - შპრინკი). ისინი სტუდენტობისას დაქორწინდნენ და და თითქმის 20 წელზე დიდ ხანს იყვნენ ერთად. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა - ნატო (ნატაშა) და ეკატერინე შენგელაიები.

შეიძლება ითქვას, რომ მის ცხოვრებაში ორი მთავარი ქალი იყო - ორი მეუღლე.

  • არიადნა შენგელაია - "ქართული კინოს დაუვიწყარი სახე“ და პირველი დიდი სიყვარული

ელდარ შენგელაიას პირველი მეუღლე ბრწყინვალე მსახიობი, არიადნა შენგელაია იყო. მათ ვგიკ-ში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც არიადნა სამსახიობოზე სწავლობდა, ელდარი კი – სარეჟისორო ფაკულტეტზე. ახალგაზრდა, ულამაზესმა ქალმა, გვარი მეორე კურსზევე შეიცვალა, როდესაც ელდარ შენგელაიაზე დაქორწინდა.

არიადნა, წარმოშობით რუსი გახლდათ, გერმანული ფესვებით. მან მთლიანად მიუძღვნა თავი მეუღლეს და საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. წყვილს ორი ქალიშვილი - ნატაშა და ეკატერინე შეეძინა. მოგვიანებით არიადნა გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი გახდა. ის ერთგულად იზიარებდა ქმრის ცხოვრების რიტმს და, როგორც თავად ამბობდა, "თბილისში მათ სახლში თითქმის პატრიარქატი სუფევდა, რაც მსახიობმა მორჩილად მიიღო და დაემორჩილა ქართულ წესებს.“ წყვილი ერთად 22 წელი ცხოვრობდა.

ნატაშასთან და ეკატერინესთან ერთად

მაგრამ, როგორც ბევრ ოჯახში ხდება, მათი გზები საბოლოოდ გაიყო. ქალიშვილის, ეკატერინეს თქმით, მშობლები "რთულად დაშორდნენ“. ამის დეტალებზე საუბარი არავის სურდა, რადგან როგორც ეკატერინე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: "ბევრი წელი გავიდა და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა".

  • ნელი დავლიანიძე – სიყვარული, ერთგულება და უდიდესი ტრაგედია...

პირველი ქორწინების შემდეგ, ელდარ შენგელაიამ მეორე სიყვარული ნელი დავლიანიძის სახით იპოვა.

რეჟისორის მეორე ცოლი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია. მუშაობდა რუსთაველის თეატრში სერგო ზაქარიაძის მდივნად. შემდეგ რობერტ სტურუას თანაშემწედ.

ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ჰყვებოდა:

"ნელი აქამდე იყო ცოლი, თორემ ბოლო ხანს ვხუმრობ ხოლმე, რომ ის ჩემი დედაა. მან იცის როდის უნდა ვჭამო, როდის რა წამალი მივიღო, როდის წავიდე შეხვედრაზე და რა მაქვს დაგეგმილი. ის მედეა ჩახავას დაბადების დღეზე გავიცანი, იქიდან გამოვაცილე. შემდეგ ვხვდებოდით, ერთხელ ნარდი ვითამაშეთ და მომიგო. მე არ მიყვარს წაგება, ჰოდა, ვიფიქრე, მოდი, ცოლად მოვიყვან, აღარ მომიგებს, დამითმობს -მეთქი..."

წყვილი იხსენებდა, რომ მათ თანაცხოვრებაში იყო კონფლიქტები და შეხლა-შემოხლაც, მაგრამ ელენეს გარდაცვალებამ ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა და ისინი ერთ მთლიანობად აქცია...

ნელი 2018 წელს "სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელდარზე ამბობდა:

"ის შესანიშნავი ადამიანია, იუმორით სავსე, თბილი, დამთმობი, მოსიყვარულე. ადრე ცოტა უფრო მკაცრი იყო, ახლა სრულიად დარბილდა. აბსოლუტურად, თავისუფალია ბოროტი, ქვენა აზრებისა და სამაგიეროს გადახდის სურვილისგან. ელდარს არ შეუძლია, რომ ვინმემ გაწყენინოს და მას არ მიესალმოს. ყოველთვის გაუღიმებს და მოიკითხავს. ყველაფერზე მაღლა დგას".

  • შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები

2017 წელს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ელდარ შენგელაიას შუათანა ქალიშვილი ეკატერინე (კატია) ჰყვებოდა:

"მე და ჩემს უფროს დას ორ-ორი შვილი გვყავს, ამასთანავე, ნატალიას უკვე ოთხი შვილიშვილი ჰყავს. ჩემი ქალიშვილი (მასაც ნატალია ჰქვია) ბებიის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა. მყავს კიდევ ვაჟი - ლუკა. ჩემი დის ვაჟს ანდრია ჰქვია, ხოლო ქალიშვილს, თუ დამიჯერებთ, ასევე ნატალია ჰქვია. რატომ გვყავს ოჯახში ამდენი ნატალია? ეს ჩვენი შესანიშნავი ბებიის, ნატო ვაჩნაძის პატივსაცემად ხდება, ის იყო ჩვენი მამის დედა და ცნობილი ქართველი არტისტი. ჩემი და, სხვათა შორის, თავადაც მუშაობდა სცენაზე, თუმცა ახლა, მძიმე სისხლძარღვოვანი დაავადების შემდეგ, პენსიაზეა გასული. ხანდახან მოსკოვშიც ჩავდივართ. დედას იქ ბინა აქვს დარჩენილი კინოს სახლთან ახლოს. როცა ჩავდივართ, სწორედ იქ ვჩერდებით. მართალია თბილისშიც ყველას საკუთარი ცალკე საცხოვრებელი გვაქვს, ყოველდღე ვრეკავთ ერთმანეთს. ჩვენთან ძალიან ფასობს მშობლების პატივისცემა, და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დიდ და მეგობრულ ოჯახად ვცხოვრობთ..."

როგორც ეკატერინეც ამბობს ნატაშა შენგელაია - ელდარის და არიადნას უფროსი ქალიშვილი, პროფესიით მსახიობია. ის დაიბადა 1958 წლის 1-ელ იანვარს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო).

1979 წლიდან მუშაობდა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. კინოში იღებენ 1973 წლიდან. მნიშვნელოვან როლებს შორის აღსანიშნავია: ნელი ("და მაშინ ვთქვი არა", პ. არსენევი, რუსეთი, 1973), მარიამი ("დაჭრილი ქვები", 1986, უკრაინა), ნატო ("მამა, შვილი და ნიავი", გ. ჭყონია, 1988), ნუცა ("იქ, ჩემთან", ზ. ხალვაში, 1990). მონაწილეობს ფილმებში: "ფლეიტა" (გ. დადიანი, 1976); "ქართლოსიანთა საკურთხეველი" (ა. აბაშმაძე, 1982), "ქართველები ცაში" (ო. გვასალია, 1982); "თბილისი ჩემი სახლია" (ე. ბადურაშვილი, 1994), "წარსულის არჩდილები" (ლ. თუთბერიძე, 1996) და სხვ.

მისი ვაჟი, ანდრია ბასილაია, რომელიც მამის მხრიდან ანსამბლ "ივერიას“ დამფუძნებელი ალექსანდრე ბასილაია შთამომავალია, არც მუსიკას გაჰყვა და არც რეჟისურას. ფილადელფიაში მიღებული განათლების შემდეგ, ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა და წლებია ქალაქის მერის ერთ-ერთი მოადგილეა.

ანდრია ბასილაია მეუღლესთან ერთად

ეკატერინე შენგელაიას ქალიშვილია ნატალია ჯუღელი - ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობი. ის წარმატებით აგრძელებს კინემატოგრაფიულ ტრადიციას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არენაზე. ამბობს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება აზრს, რომ მსახიობი ყველაფერს უნდა დათანხმდეს და ხარისხს რაოდენობაზე მაღლა აყენებს. დღეს ნატალია ლონდონსა და თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

ელდარ შენგელაია, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში, დიდ ტკივილსა და ტრაგედიას ატარებდა, მაგრამ მისი უახლოესი ადამიანები - მეუღლე, შვილები და შვილიშვილები, ყოველთვის მის გვერდით იყვნენ.

იხილეთ ასევე: