ავტორი:

"ბევრი იმედგაცრუების შემდეგ ღმერთს მივენდე და..." - რას ჰყვება ქალი, რომელსაც 20-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინა

"ბევრი იმედგაცრუების შემდეგ ღმერთს მივენდე და..." - რას ჰყვება ქალი, რომელსაც 20-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინა

"20 წლიანი მოლოდინის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ. დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. ეს არ არის მხოლოდ დაბადება - ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა... ექიმი: ზაზა სინაურიძე". - ვკითხულობთ "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" "ფეისბუქგვერდზე".

ტყუპის დაბადებით გამოწვეული უდიდესი სიხარული ახალბედა დედიკომ გაგვიზიარა...

ნინო ჩადუნელი:

- ზარებზე ასე ვპასუხობ - ტყუპის დედა გისმენთ-მეთქი - ეს ხუმრობით... არ ვიცი, ეს სიხარული, ემოციები როგორ უნდა გადმოგცეთ, სიხარულისგან წნევა მაქვს აწეული, ვერ ვირეგულირებ, ისეთ დღეში ვარ. ვერაფრით ვიჯერებ, რაც ახლა ჩემს თავს ხდება და არ ვამეტებ, მართლაც ემოციების, სიხარულის შედეგად მაქვს წნევა, საავადმყოფოში ამიტომაც დავრჩი.

- ოცი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე იყო?

- რა თქმა უნდა! ამ 20 წელს იყო ძალიან ბევრი მოლოდინი, შემდეგ იმედგაცრუება. უამრავ ცნობად ექიმს ვეწვიეთ, მაგრამ შედეგი არ დადგა. 2012 წლიდან თეონა ანთიასთან ორჯერ ვცადეთ ხელოვნური განაყოფიერება. მესამე და სამართალიო, რომ იტყვიან, ასე გამოვიდა... თეონას მეთვალყურეობით მივედით 12 კვირამდე და შემდეგ მან ზაზა სინაურიძეს გადამაბარა, რომელმაც იმ დღიდან მოყოლებული ბოლომდე მართა ჩემი ორსულობა. ძალიან კარგი ორსული ვიყავი, უბრალოდ, თავს ძალიან ვუფრთხილდებოდი. თავიდან ვცდილობდი, უმეტესად მწოლიარე მდგომარეობაში ვყოფილიყავი. დიდად არც წამლები დამჭირდა, მხოლოდ ვიტამინები... ბოლოს ისე გავთამამდი, რესტორანში ვცეკვავდი. არც დამცავი ქამარი მეკეთა და არც რეზინები. როდესაც ადამიანი ჯანმრთელი ხარ, ალბათ ყველაფერი ჯანსაღად მიდის, ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა. ხუთ თვემდე გადავლახე შიშები და შემდეგ ბოლო წუთამდე სულ ვსეირნობდით, აქტიურად ვიყავით..

- სრულიად ჯანმრთელი შვილები შეგეძინათ...

- დიახ... ნორმალური წონით, ჯანმრთელები დაიბადნენ, ინკუბატორი არ დაგვჭირდა. ნია და ნუკა თავს მშვენივრად გრძნობენ. ნუკა დედამთილის პატივსაცემად დავარქვი, ოცი წელი რომ რძალს დედამთილი ასეთი სიყვარულით და პატივისცემით შეინახავს, ალბათ უიშვიათესია. თავიდან ნუნუკა დავარქვი, მაგრამ თავად დედამთილმა მთხოვა, მოდი გავუპრანჭოთ სახელიო და ნუკა დავტოვეთ.

- თქვენს მეუღლეზე რას იტყვით?

- ჩემი მეუღლის სიხარული იმდენად განუზომელია, ამას სიტყვებით ვერაფრით აღვწერ. მშობიარობას ჩემი და დაესწრო, თავად თეონა ანთიაც, რომელიც ამდენი წლებია გვგულშემატკივრობდა. 2012 წლიდან ამბობდა, მანუჩარის სახეზე მინდა ღიმილი დავინახო, თქვენი ბედნიერებისთვის ვიბრძოლებო. მართლაც იბრძოლა, გაგვაბედნიერა.

- რას ურჩევდით სხვა წყვილებს?

- სრულიად უცხო ხალხი მირეკავს და ალალად ვყვები ყველაფერს, არაფერი დამიმალავს. ყველას ვაძლევ რჩევას, რაც მე ძალიან დიდი გამოცდილების შედეგად დამიგროვდა. ბოლოს ღმერთს მივენდე, ვამბობდი, თუ ეს ღმერთის ნება იქნება, უშვილოდ დავრჩები-მეთქი... ალბათ დაგვიფასდა ის სიკეთე, რასაც სულ გავცემდით. მე პროფესიით სოციოლოგი ვარ, მაგრამ ბაღის პედაგოგად ვმუშაობ. თეონა ანთიამ მიმითითა, იქნებ ბავშვებთან გქონდეს შეხებაო... მაზლიშვილები, დისშვილები, ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდნენ, ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან კარგად გამომდიოს.

მართლაც ჩავაბარე გამოცდები და თავიდან კერძო ბაღში ვმუშაობდი, დღეს კი საჯაროში ვარ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ვმუშაობდი და ახლა იმდენმა მშობელმა დამირეკა მოსალოცად, ალბათ იმათი ლოცვაც შემეწია. ყოველთვის დიდი სიყვარულს გავცემდი, უანგაროდ გაცემული სიკეთე არ იკარგება.. ყველას შვილი მიყვარს, მინდა ყველა უბედნიერესი იყოს. მე და ჩემი მეუღლე მოსალოცადაც ვიყავით წასულები, წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს შეწევნა ვთხოვეთ. თითო-თითოჯერ ავიტანეთ აკვანი მოსალოცად წინა წლებში. შარშან დედაჩემმა გამოგვიგზავნა ერთი აკვანი თავის თოჯინათი, ერთი ჩვენ გვქონდა, ორი აკვნით ავედით და მოვილოცეთ...

უფლის სასწაულია დღეს რომ ორი ბავშვით ხელში გამოვედით კლინიკიდან. სულ ვამბობდით, რომ უფლის წყალობა მოვიდოდა. ოცი წელია მოვყვებით დიდი სიყვარულით, მოთმინებით და ურთიერთპატივისცემით. ყველამ მინდა გაიხაროს, ყველას ოჯახში იყოს ბავშვების ჟრიამული, ოღონდ უფრო დროულად. მთელ საქართველოს ვუსურვებ ოჯახში ასეთ ნამატს. იმდენად დიდი სიყვარული ვიგრძენი ამ დღეებში ხალხისგან, გაოგნებული ვარ და ყველას მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა... მქონია სტრესული პერიოდები, მაგრამ როდესაც ფიქრებით ბავშვობას დავუბრუნდები, გამახსენდება ჩემი მშობლები, ბორჯომში გატარებული ულამაზესი დღეები, უდიდესი ძალა მეძლევა. ადამიანს მშობლისგან ნაჩუქარი ყოველი ბედნიერი წუთი, წამი აძლიერებს და მეც მინდა, იმდენად დიდი სიყვარული გავცე, იმდენად მყარი საძირკველი შევქმნა, ჩემი შვილები უბედნიერესები რომ იყვნენ.