ავტორი:

რა არის ცნობილი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილზე, რომელმაც ექიმი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო?

რა არის ცნობილი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილზე, რომელმაც ექიმი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო?

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ ერთ კვირაზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მას განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, სხდომა მოულოდნელად გადადო. გასულ პროცესზე ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

მისი და დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა "ჩაუდეს“. ამასთან, მათი განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • რა არის ცნობილი რომეო ტყეშელაშვილის შესახებ?

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1984 წლის 27 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

განათლება:

2002 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის საერო საშუალო სკოლა "ლამპარი".

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2007-2008 წლებში გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის კურსები.

2007 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2009 წელს ჩააბარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, ამავე წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასაწავლო კურსი.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:

2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი.

2007-2008 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე.

2010 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის (განყოფილების) სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის სპეციალისტი.

2012-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.

2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

მოკლედ, ამ ოფიციალური ინფორმაციების თანახმად, 41 წლის რომეო ტყეშელაშვილი 15 წელია სასამართლოში სისტემაში მუშაობს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე 2022 წლის ნოემბრიდანაა.

"რადიო თავისუფლების" თანახმად, რომეო ტყეშელაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პირველად 2022 წელს გაჩნდა.

მაშინ მან უარი თქვა აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე. მისი თქმით მან და კიდევ ოთხმა მოსამართლემ (ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი და გიზო უბილავა) ასე გააპროტესტეს სპეციალური სასწავლო პროგრამიდან ტელეკომპანია "მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა.

მაშინ მან "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უთხრა, რომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან უსამართლოდ მოხსნეს და ეს მიუღებელია:

"მოსამართლის მიერ მიღებულ რომელიმე გადაწყვეტილებაზე რაიმე ანგარიშის მოთხოვნა არის ყოვლად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად არ მქონდა მორალური უფლება, ამ ყოველივეს შემდეგ მაგ ვიზიტში მიმეღო მონაწილეობა. ამიტომაც მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე.

ბატონი ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორ არაჯანსაღ გარემოებასაც ჰქონდა მის მიმართ ადგილი, რაზეც ლაშა ჩხიკვაძემ თავის განცხადებაში უკვე ისაუბრა. სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 15 ივლისს განცხადება გაავრცელა. მან თქვა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ჩხიკვაძის განცხადებით, საელჩოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.

რომეო ტყეშელაშვილმა კოლეგები დაიცვა მაშინაც, როცა 2023 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს დაუწესა სანქციები - მან "ფეისბუქზე" ამ გადაწყვეტილებას “მორიგი ცრუ ბრალდებები” უწოდა.

ა.წ. 7 ივლისს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი 200 ლარით მაშინ დააჯარიმა, როდესაც ის პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო სხდომას ესწრებოდა.

გუშინ, 5 აგვისტოს კი, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის განკარგულება ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის 200 ლარით დაჯარიმების შესახებ. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ მიიღო.

რომეო ტყეშელაშვილმა ჯარიმა ნინო თარხნიშვილს „"სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის“ დააკისრა. ის ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე დარბაზში შევიდა და დარბაზში მყოფნი, მათ შორის ჟურნალისტები, ფეხზე წამოდგნენ, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი სკამზე სასამართლოს ნებართვის გარეშე, დროზე ადრე დაჯდა.

  • რომეო ტყეშელაშვილის შესახებ Ambebi.ge-ს ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა:

"წელს რომეო ტყეშელაშვილმა ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა საკმაოდ რთულ საქმეზე. გორის პოლიციის გამომძიებელს, რომელსაც მე ვიცავდი, წარუდგინეს ბრალდება იმის თაობაზე, რომ თითქოს მან 15 წლის წინ პედოფილიაში ბრალდებულ პირზე იძალადა, სცემა (პირი დაიჭირეს და ციხეში რომ შევიდა, იქ დაიწყო ჩივილი, მცემესო). 2016 წლამდე ბრალდებული ვერავის ასახელებდა, ვინ სცემა, ამ საქმეზე გამოძიება მიდიოდა და სტრასბურგში გამოვიდა გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

სტრასბურგის შემდეგ ხდება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს ეს საქმე, ვიღაცისთვის ხომ უნდა შეეტენათ და 2022 წელს გამომძიებელი ა.ბ. გადააყენეს თანამდებობიდან, ბრალი წარუდგინეს და ამ საქმის განხილვა 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ჯერ მარტო რომეო ტყეშელაშვილმა დაიწყო საქმის განხილვა და მერე რთულ კატეგორიად ჩაითვალა და კოლეგიურად განიხილეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ რამდენიმე საქმე იხილებოდა კოლეგიურად (ერთი სააკაშვილის და მეორე ეს იყო), ეს გენპროკურატურის გამოძიებული საქმე იყო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა ბრალი. საბოლოოდ, რომეომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, აპელაციამ კი ძალაში დატოვა მისი გადაწყვეტილება. საქმეში არ იყო სათანადო მტკიცებულებები, რაც გამომძიებლის ბრალს დაადასტურებდა. მინდა გითხრათ, რომ ტყეშელაშვილმა საკმაოდ ობიექტურად და გულდასმით განიხილა ეს საქმე.

ზოგადად, ეს მოსამართლე საქმეებს სამართლებრივ ჭრილში იხილავს და თუ სამართლებრივად დასაბუთდება, არც გამამართლებელ განაჩენს ერიდება, მასზე პოლიტიკური გავლენები არ მუშაობს. დღეს რომეომ გიორგი ახობაძის შემთხვევაშიც გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, როგორც ჩანს, ბრალდების მხარემ სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. მასთან უშუალო შეხება მქონდა და იმის თქმა შემიძლია, რომ ტყეშელაშვილი საკმაოდ მკაცრი, ობიექტური და წესრიგის მოყვარული მოსამართლეა.

ჩვენს საქმეშიც იყო სახელმწიფოს ინტერესი, კერძოდ, გენპროკურატურის და ვერც ამან მოახდინა გავლენა - გენერალური პროკურატურა აპელირებდა იმაზე, რომ სტრასბურგმა გამოიტანა გადაწყვეტილებაო. ჩვენ გავაბათილეთ მათი მოტივაცია, რა თქმა უნდა, მოსამართლემ აბსოლუტურად გაიზიარა დაცვის არგუმენტაცია და გამოიტანა კიდეც გამამართლებელი განაჩენი. მისი სხვა გახმაურებული საქმეები არ მახსენდება.

რომეოს პატიოსან ადამიანად ვიცნობდი მაშინაც, როცა დაბალ საფეხურებზე მუშაობდა და დღესაც, არც სხვისგან გამიგია, რომ აი, მტკიცებულებები არ ყოფილა და განზრახ გამოეტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. კი, არის ზოგიერთი მოსამართლე, ადამიანის უდანაშაულობა სათანადო მტკიცებულებებით რომც დაუსაბუთო, მაგრამ მიაყურისძიროს. ზოგი მოსამართლე თავადვე ექცევა ჩარჩოებში, უნდა, ვიღაცას ასიამოვნოს. რომეოზე ეს არ ითქმის, მან დამოუკიდებლად მიაღწია ყველაფერს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლა, საკმაოდ რთულად მიდიოდა პროცესი, ორ წელზე მეტხანს და მოსამართლის მხრიდან არ ყოფილა არანაირი გადახრა ბრალდების (იქ სახელმწიფოს ინტერესი იყო, გენპროკურატურამ გამოიძია და მისი პრესტიჟის საკითხი გახლდათ), ან რომელიმე მხარის მიმართ.

მისი სტილიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მას ვერ უბრძანებდნენ, გინდა თუ არა, ახობაძის მიმართ ესა და ეს გადაწყვეტილება მიიღეო, თვითონაა დამოუკიდებელი და არ მგონია, ვინმესთან იყოს აფილირებული, ან ვინმე მფარველობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფორმაცია მექნებოდა, კარგად ვიცი ეს სფერო და სისტემა. ტყეშელაშვილი არ არის აგრესიული (ზოგიერთების მსგავსად), უბრალოდ, ზედმეტად მკაცრია. ნეტა ყველა მოსამართლე მკაცრი იყოს და ობიექტურობა და დამოუკიდებლობა არ აკლდეთ, თეთრზე შავს არ გვეუბნებოდეს.“

იხილეთ ასევე: