შავი ზღვისპირეთში უამინდობამ სულ უფრო და უფრო შეაწუხა დამსვენებლები. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე Ambebi-ge-სთან საუბრობს, თუ როგორ ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში.
- ზღვისპირეთში, ხვალ, 7 აგვისტოს გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +29, +30 გრადუსს მიაღწევს. 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი ისევ გაუარესდება და 10 აგვისტოს ჩათვლით ხანმოკლე წვიმა იქნება, 9 აგვისტოს შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს +26, +27 გრადუსამდე.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი და შესაბამისად, ზღვაზე დიდი ტალღები იქნება.
- მოსახლეობა გაფრთხილებულია ამის შესახებ?
- არა. ჯერ კიდევ ვაკვირდებით პროცესს, თუ როგორი ინტენსივობის ნალექი იქნება და თუ უახლოეს პერიოდში, ხვალ, ზეგ მკვეთრი ცვლილება არ იქნება და პროცესი არ შესუსტდება, რა თქმა უნდა, გაფრთხილებასაც გავცემთ. თუმცა 8 აგვისტოს დღის ბოლოდან 11 აგვისტომდე ხანმოკლე ხასიათის წვიმა ნამდვილად იქნება და ამ მხრივ, არაფერი შეიცვლება,
სამწუხაროდ, ამ პერიოდში დამსვენებლებისთვის არასასურველი ამინდი იქნება.
11 აგვისტოდან კი გამოიდარებს. 11 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით შავი ზღვის სანაპიროს უმეტეს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ანაკლიაში და აფხაზეთის სანაპირო ზოლში 11 და 13 აგვისტოს მცირე, ხანმოკლე წვიმა იქნება. 11-16 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს +30. +31 გრადუსამდე.