ავტორი:

ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მსვლელობა იმართება

ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მსვლელობა იმართება

ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

  • მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”.

თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, კოლეგები, მეგობრები, რომლებიც დღეს, ბათუმში იმყოფებოდნენ, მაშინ, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის განაჩენი გამოუტანა.

გარდა ამისა, მსვლელობაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქცია-მსვლელობის მონაწილეებს ფილარმონიასთან შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან იყვნენ შეკრებილები. მათ ასევე შეუერთდებიან „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა