თუ კაცობრიობა ოდესმე უცხო ვარსკვლავებისკენ გაემგზავრება, ეს მოგზაურობა, ალბათ, არაერთი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში გასტანს. თაობები ისე დაიბადებიან და დაიღუპებიან, რომ ახალ პლანეტაზე ფეხსაც არ დაადგამენ - მათი ერთადერთი სამყარო ის კოსმოსური ხომალდი იქნება, რომელზეც დაიბადებიან.

“ჰიპერიონი პროექტის“ დიზაინერული კონკურსი, რომელსაც სათავე გასულ წელს დაედო, სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება. მისი საშუალებით მეცნიერების, ინჟინერიის, არქიტექტურისა და სოციალური თეორიის წარმომადგენელთა გუნდებს საშუალება მიეცათ იმ ე.წ. “თაობათა ხომალდის“ დეტალური გეგმები შეემუშავებინათ, რომლითაც 1 000 ადამიანს ერთი მიმართულებით, 250 - წლიანი მოგზაურობა შეეძლებოდა.
“ჰიპერიონი პროექტმა“ წარმოაჩინა დაახლოებით როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის უზარმაზარი, ასეულებით ადამიანზე გათვლილი თვითმყოფადი გარემო, რომელიც საკუთარი თერმობირთვული სინთეზის ძრავებით, ხელოვნური მიზიდულობითა და სოციალური სისტემებით იქნება აღჭურვილი და საუკუნეების განმავლობაში სიმშვიდის შენარჩუნებას მოემსახურება.
კონკურის პირობებით, მონაწილეებს დაპროექტების დროს მხოლოდ არსებული ან უახლოეს მომავალში შესაძლებელი ტექნოლოგიების გათვალისწინება შეეძლოთ, ისეთის, მაგალითად, როგორც თერმობირთვული სინთეზის პრინციპზე აგებული ძრავებია, იგივე პროცესები “ამუშავებს“ ჩვენს მზესაც.
აკრძალული იყო სინათლის სიჩქარეზე სწრაფი გადაადგილების დაშვება, ასევე ეკიპაჟის “ანაბიოზის“ მდგომარეობაში გადაყვანაც. ამის ნაცვლად ნელი მოძრავი ხომალდები, მრავალსაუკუნოვანი მოგზაურობისთვის უნდა ყოფილიყო დაპროექტებული.
ექსპერტთა ჟიურიმ, რომელშიც NASA-ს მეცნიერებიც შედიოდნენ, თითქმის 100 განაცხადი შეაფასა, ყურადღება ექცეოდა არა მხოლოდ ისეთ ტექნიკურ მხარეებს, როგორიც ძრავების და მთლიანად ხომალდის კონსტრუქციული თავისებურებები იყო, არამედ იმ საკითხებსაც თუ რამდენად შეძლებდნენ ეკიპაჟის წევრები ამ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების შენარჩუნებას.
გამარჯვებული Chrysalis სახელწოდების პროექტი გახდა, 58 კმ-იანი ცილინდრული ხომალდი, რომელიც თავისი ფორმით ცისფერ მარკერს წააგავს. კონსტრუქციის უდიდესი ნაწილი საწვავის ავზს წარმოადგენს, რომელიც ჰელიუმ-3-სა და დეიტერიუმს შეიცავს, ჯერ კიდევ ტექნოლოგიურად არარსებულ თერმობირთვული სინთეზის ძრავაში მათი ურთიერთქმედების შედეგად ის ენერგია წარმოიქმნება, რომელიც ხომალდს მთელი მოგზაურობის განმავლობაში “გამოკვებავს“. დანარჩენი ნაწილი თანმიმდევრული განთავსებულ ბრუნვად ცილინდრებს უკავია, მათი წრიული მოძრაობა ხელოვნური მიზიდულობის შესაქმნელად გამოიყენება, სწორედ ამ ცილინდრების შიდა კედლებზე იქნება განთავსებული საცხოვრებელი ზონები, ფერმები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, რომლებიც მგზავრების სიცოცხლის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.
ჟიურის განსაკუთრებული ქება პროექტის გამორჩეულმა სიზუსტემ დაიმსახურა. მასში გათვლილი იყო არა მხოლოდ ტექნიკური მხარეები, არამედ, მაგალითად, ის საკითხიც, რომ ეკიპაჟის შერჩევა ათწლეულების განმავლობაში იზოლირებულ ანტარქტიდის ბაზებში მოხდებოდა. სოციალურ სისტემას რომლითაც მომავალი ხომალდის მგზავრები იცხოვრებენ, ავტორებმა "სოციოკრატია“ დაარქვეს, რომლის მიხედვითაც მმართველობით სისტემაში, ყოველი ადამიანის ხმა იქნება გათვალისწინებული, გადაწყვეტილებები შეთანხმებით მიიღება და ადამიანები მცირე, ერთმანეთთან კავშირში მყოფ გუნდებად მოახდენენ ორგანიზებას, თითოეულ ადამიანს შვილების ყოლის უფლება ექნება, მათ შორის სხვადასხვა პარტნიორისგანაც, მოსახლეობის სტაბილური რაოდენობის შენარჩუნების მიზნით.

მეორე ადგილი WFP Extreme პროექტმა დაიკავა, კოსმოსურმა ხომალდმა ,რომელიც ორი, ურთიერთდაკავშირებული 500-მეტრიანი “მბრუნავი ბორბალი“ პრინციპით იყო შექმნილი.

მესამე ადგილზე გასული Systema Stellare Proximum კონსტრუქციის ორიგინალობით გამოირჩევა. ავტორებმა მბრუნავი სექციების განთავსება ასტეროიდის შიგნით გადაწყვიტეს, რაც მათი აზრით, ეკიპაჟს კოსმოსური რადიაციის გავლენისგან დაიცავს, თავად ხომალდ კი მედუზის ფორმა ექნება.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა, საკმარისია კი 250 წელი დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად? უახლოესი ალფა კენტავრის სისტემა 4 სინათლის წლით - ანუ დაახლოებით 40 ტრილიონი კილომეტრით არის დაშორებული დედამიწიდან. შედარებისთვის: თუ ხომალდი იმავე სიჩქარით იფრენს, როგორც "აპოლოს“ მისიები მთვარისკენ, მას იქ მისასვლელად თითქმის 118 000 წელი დასჭირდება - იმაზე მეტი, რაც ჩვენი სახეობა ევროპაში არსებობს. ამიტომ ამ ეტაპზე, ასეთ მანძილზე მოგზაურობა კვლავ მეცნიერული ფანტასტიკის პრეროგატივად რჩება.