ავტორი:

"დიდი შანსია, რომ გზის დასასრულს მივუახლოვდეთ" - სამმხრივი შეხვედრის მოლოდინში: რას ამბობს ტრამპი კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ

"დიდი შანსია, რომ გზის დასასრულს მივუახლოვდეთ" - სამმხრივი შეხვედრის მოლოდინში: რას ამბობს ტრამპი კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ

ვლადიმერ პუტინთან ძალიან მალე შეხვედრის კარგი შანსი არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • "პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და დიდი შანსია, რომ დასასრულს მივუახლოვდეთ, ამ გზის დასასრულს. ეს გზა გრძელი იყო და კვლავ გრძელი გზაა, მაგრამ დიდი შანსია, რომ შეხვედრა ძალიან მალე გაიმართოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ გუშინ, კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა "ძალიან კარგად" წარიმართა, თუმცა მას „გარღვევას“ ვერ უწოდებს.

კითხვაზე, დათანხმდნენ თუ არა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის „ძალიან კარგი პერსპექტივა არსებობს“.

მისი თქმით, პოტენციური შეხვედრის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ ტრამპი მომდევნო კვირას გეგმავს პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times გეგმის მცოდნე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ტრამპი პუტინთან პირადი შეხვედრის გამართვას უკვე მომდევნო კვირას აპირებს და შეხვედრიდან მალევე გეგმავს უკვე სამმხრივი შეხვედრის გამართვას ზელენსკისთან და პუტინთან.

გამოცემის ინფორმაციით, თავისი გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრებს არ დაესწრებიან.

გამოცემისთვის უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.

ასევე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.