ავტორი:

"აგვისტოს ომის დროს ზვიადი "ჯეოსელის" მთავარი ინჟინერი იყო, 2 კაცი დასთანხმდა ფრონტზე მუშაობას: ზვიადი და ერთი თანამშრომელი" - რას წერს დაკავებული პოეტის მეუღლე?

"აგვისტოს ომის დროს ზვიადი "ჯეოსელის" მთავარი ინჟინერი იყო, 2 კაცი დასთანხმდა ფრონტზე მუშაობას: ზვიადი და ერთი თანამშრომელი" - რას წერს დაკავებული პოეტის მეუღლე?

23 ივნისს პარლამენტის სიახლოვეს დაკავებული პოეტისთვის, ზვიად რატიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა, ორ დღეში გამართულ პროცესზე 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. რატიანს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

  • დღეს, 7 აგვისტოს, ზვიად რატიანის მეუღლე, თეონა ბექიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის თავისი მეუღლის შესახებ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე უცნობ ისტორიას იხსენებს.

პოსტში ბექიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ რატიანი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. ამ დროს ის "ჯეოსელის" მთავარი ინჟინრის პოზიციას იკავებდა. მისი თქმით, მაშინ, როცა გორში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მუფთები ფეთქდებოდა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის კავშირი წყდებოდა, მხოლოდ ორმა ადამიანმა თქვა თანხმობა ფრონტის ხაზზე მუშაობაზე, მათ შორის კი ერთი ზვიად რატიანი იყო.

მისი თქმით, რატიანი ამ თემაზე არასდროს საუბრობდა. ერთადერთხელ უტირია მთვრალს, როცა გაიხსენა, რომ ქართველ ცხედრებზე უწევდა გავლა და არ ჰქონდა საშუალება, ერთი ცხედარი მაინც წამოეღო ჭირისუფლისთვის

თეონა ბექიშვილი:

- დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო:

რეჟიმის ტყვე, ზვიად რატიანი, აგვისტოს ომის მონაწილეა. მაშინ ის "ჯეოსელის" მთავარი ინჟინერი იყო. როცა გორში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მუფთები ფეთქდებოდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთთან კავშირს კარგავდა. მთელი ქართული კავშირგაბმულობიდან 2 კაცი დასთანხმდა ფრონტზე მუშაობას: ზვიადი და კომპანია "ჰოფნეტის" ერთი თანამშრომელი.

მთელი ომის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ სძინებია, რომ ვურეკავდით, აფეთქებების ხმა ისმოდა, ერთხელ, ეტყობა, ბევრი მომივიდა რეკვა და მითხრა, ან სიცოცხლე მაცალე, ან - სიკვდილიო.

მერე რომ ვკითხე, ამდენი როგორ გაქაჩე-მეთქი, რას ამბობ, ასე საჭირო ქვეყნისთვის არასდროს ვყოფილვარო, მიპასუხა.

იმ ავბედით დღეებში ოჯახის წევრებს თუ უკავშირდებოდი, ჯარისკაცების ამბებს თუ იგებდი, ტელევიზორს თუ უყურებდი, იცოდე, ზვიად რატიანის დამსახურებით იყო.

ის ამაზე არასდროს არ ლაპარაკობს (ყოველ შემთხვევაში, არ ლაპარაკობდა, სანამ ერთად ვიყავით ).

ერთადერთხელ იტირა მთვრალმა, ქართველ ცხედრებზე გადმოვდიოდი და იმის საშუალება არ მქონდა, ერთი ცხედარი ჭირისუფლისთვის წამომეღოო!

მაშინ საერთაშორისო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი, ტყვიების ქვეშ აღადგენდა კავშირს. ერთი ავსტრიელი მილიონერი დაგვიკავშირდა (ის ქალი ყოველ წელს 2 მილიონ ევროს ლიტერატურულ ფესტივალში დებს ), ჩამოდით, სახლს, კარს, სამსახურებს, ყველაფერს უზრუნველვყოფო.

რა თქმა უნდა, არ წავედით.