ივლისიდან მოყოლებული, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ჩიკუნგუნიას ვირუსის 7000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პროვინციაში Covid-19-ის პანდემიის დროს მიღებული ზომების მსგავსი ზომები მიიღეს.
ეს არის ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. ვირუსით დაავადებულებს ვალდებულება აქვთ, რომ გამოჯანმრთელებამდე კლინიკაში დარჩნენ.
ვირუსი იწვევს ცხელებას და სახსრების ძლიერ ტკივილს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ჩვეულებრივ სასიკვდილო არ არის.

ჩინეთში ეს ვირუსი აქამდე იშვიათი იყო, თუმცა ის ხშირად ვრცელდებოდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ზოგიერთ ნაწილში.
ინფიცირებული კოღოს მიერ ნაკბენი ადამიანების უმეტესობას ჩიკუნგუნიას სიმპტომები სამიდან შვიდ დღემდე უვითარდება. ცხელებისა და სახსრების ტკივილის გარდა, ახასიათებს გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და სახსრების შეშუპება.
უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები თავს უკეთ გრძნობენ ერთ კვირაში. თუმცა, მძიმე შემთხვევებში, სახსრების ტკივილი შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
ჩიკუნგუნიათი სიკვდილიანობა იშვიათია.
ვირუსი პირველად 1952 წელს ტანზანიაში აღმოაჩინეს. შემდეგ ის გავრცელდა აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.
დღემდე, ის 110-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზაა იმ წყლის გუბეების შემცირება, რომლებიც კოღოებს გამრავლების საშუალებას აძლევს.