ავტორი:

ურთულესი სამაშველო ოპერაცია ანტარქტიდაზე - 3 ამერიკელის უსაფრთხოდ გამოყვანას თითქმის 20 საათი დასჭირდა: ძლიერი ყინვა, სრული სიბნელე, ყინულზე დაშვება...

ურთულესი სამაშველო ოპერაცია ანტარქტიდაზე - 3 ამერიკელის უსაფრთხოდ გამოყვანას თითქმის 20 საათი დასჭირდა: ძლიერი ყინვა, სრული სიბნელე, ყინულზე დაშვება...

სამაშველო ოპერაციის წყალობით, რომელსაც ახალი ზელანდიის საჰაერო ძალები ძლიერი ყინვისა და სრული სიბნელის პირობებში ახორციელებდნენ, ანტარქტიდიდან სამი ამერიკელი მკვლევრის გამოყვანა მოხერხდა.

ევაკუაციის ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა თხოვნით მიმართა ახალ ზელანდიას, მაკმერდოს სადგურიდან ის სამი თანამშრომელი გამოეყვანათ, რომლებმაც ადგილზე ვერ შეძლეს აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი საჭიროებდა სასწრაფო დახმარების აღმოჩენას, ხოლო დანარჩენმა ორმა, უბრალოდ, სიფრთხილე გამოიჩინა და სამედიცინო პერსონალს გამოჰყვა.

ამ პერიოდში ანტარქტიდისკენ ფრენა ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა მუდმივად ცვალებადი ამინდის, უკიდურესი სიცივისა და სიბნელეში ყინულზე დაფრენის აუცილებლობის გამო. როგორც საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, კომოდორ ენდი სკოტმა განაცხადა, “მაშინაც კი, როცა ფრენა უსაფრთხოდ ითვლება, ღამის ხედვის მოწყობილობის საშუალებით გეზის გაგნება უკიდურესად რთულ გარემოში ხდება. ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება და ზუსტი პროგნოზირება რთულია, როგორც კი თვითმფრინავი სამხრეთით გარკვეულ წერტილს გადალახავს, ეკიპაჟისთვის უკვე აღარ არსებობს არცერთი აეროდრომი, სადაც დაშვება იქნებოდა შესაძლებელი, რაც დამატებით რისკებს ქმნის. ამიტომაც ამ მისიებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან".

ევაკუაციის მსვლელობისას მაკმერდოს სადგურზე ტემპერატურა -24°C-მდე დაეცა, რის გამოც საწვავის შევსების დროს გაყინვა თავიდან აცილების მიზნით მფრინავები იძულებულნი გახდნენ თვითმფრინავის ძრავები მთელი ღამე ჩართული დაეტოვებინათ. ოპერაცია ჯამში 19.5 საათს გაგრძელდა და თვითმფრინავი 6 აგვისტოს, დილით ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე, ქალაქ კრაისტჩერჩში დაბრუნდა.

წყარო