არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოში არავინ იცოდა, რა ფასეულობას წარმოადგენდა ტრიუფელი, ეს სოკო ყველას უსარგებლო ეგონა. მსოფლიოში ტრიუფელი კულინარიაში დელიკატესად ითვლება, მეტად ძვირად ღირებულია და გრამობით იყიდება. წლების წინ ამ სოკოს კახეთში მიაგნეს...
"ტრიუფელი პირველად რომ ვნახე, ინფორმაცია მოვიძიე და შემდეგ რომ ვპოულობდი, უკვე ჯიშებს ვარჩევდი. ოთხმოცამდე სახეობაა, ჩვენთან ხუთი სახეობა შემხვედრია", - ამბობს მამუკა მაისურაძე, რომელიც უკვე შვიდი წელია ტრიუფელის მოპოვება-რეალიზაციით არის დაკავებული.
- თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ვცხოვრობ. პირველად შვიდი წლის წინ ვიპოვე ტრიუფელი, არავის სჯეროდა, რომ საქართველოში ეს სოკო არსებობდა. დღემდე იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, რომ ამ სოკოს ვუწევ პოპულარიზაციას, როგორც შემიძლია. ახლა ვაპირებ ტრიუფელების ფერმაც გავაშენო. მანამდე კალმახა სოკოს სათბურები მქონდა.
- ტრიუფელი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სოკოა, როგორ ახდენთ რეალიზაციას?
- საქართველოში რეალიზაცია ძალიან რთულია და ამიტომაც საზღვარგარეთ გამაქვს. შვიდი წლის წინ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, ორი კილოგრამი უცხოელებს მივყიდე. ფასიც თვითონ დამიწესეს, კილოგრამში 2.000 ლარი გადამიხადეს.
- ამ ფასად საქართველოში არ იყიდება?
- ამ ფასით ქართულ ბაზარზე ვერ ვმუშაობ. არც სტაბილური ფასი აქვს. კარგი შენახვა-მოვლის პირობებში ორ კვირამდე ინახება. ფასი კი საშუალოდ 300-დან 800 ლარამდე მერყეობს.
- საზღვარგარეთ?
- გააჩნია, რა რაოდენობა უნდათ. მე მაინც აქაური ფასებით ვყიდი. აქედან საზღვარგარეთ უცხოელებსაც მიაქვთ და ქართველებსაც.
- დაახლოებით რამდენს პოულობთ?
- ყველაზე ბევრი დღეში 18 კილოგრამი მიპოვია, მაგრამ ყოფილა კვირა, ერთი ცალიც ვერ მინახავს.
- შინაურ პირობებში საქართველოში თუ მოუყვანიათ?
- საქართველოში ჯერ არ მოუყვანიათ, იტალიასა და საფრანგეთში კი, და მინდა აქაც გადმოვიტანო. მინდა ის ხის ნერგები გავახარო, რომლებზეც ტრიუფელის გაზრდა შეიძლება. ტრიუფელი ხომ ხის სოკოა, მიწაში, ხის ფესვებზე ამოდის. საზღვარგარეთ ვეკონტაქტები, ვინც აკეთებს ხეების "დაინფიცირებას" ამ სოკოს მოსაყვანად.
- ტყეში რა მეთოდებით პოულობთ?
- ამბობენ, ღორი პოულობსო, მაგრამ ღორი აფუჭებს კიდეც. ძაღლი, კი ბატონო, ერთი წელია დამყავს სოკოს საპოვნელად.
- თავად თუ შეექცევით ტრიუფელს?
- რა თქმა უნდა, ვამზადებ, საუცხოო გემო აქვს, ბედნიერების ეიფორიას იწვევს.
- ზამთარში თუ პოულობთ?
- ზამთარში ცოტაა, ოღონდ ის სხვა ჯიშია - მელანოსპორუმი. ეს სოკო შიგნიდანაც შავია, ღრმად არის მიწაში. საკმაოდ ძვირია, 2.000 ლარი ღირს. ასეთი ფასი მხოლოდ ამ სახეობას აქვს. შხამიანი ტრიუფელი არ არსებობს, მაგრამ ზოგი საკვებად არ გამოიყენება. ოთხმოცამდე სახეობა არსებობს, ჩვენთან ხუთი სახეობა შემხვედრია.