პირველად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ში აუქციონზე გასაყიდად გამოაქვთ რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული, 325 მილიონი დოლარის ღირებულების ლუქს კლასის იახტა, სახელწოდებით “ამადეა“
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონით, რომელიც 10 სექტემბერს სრულდება, დონალდ ტრამპი ცდილობს, გაზარდოს ზეწოლა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინსა და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებზე. ბევრ მათგანს ასევე, უკვე ჩამორთმეული აქვთ ძვირადღირებული იახტები.


106 მეტრის სიგრძის, მაქსიმუმ 18 მეტრის “ამადეას“ კონფისკაცია 3 წლის წინ მოხდა და ამჟამად ხომალდი სან-დიეგოს პორტშია გაჩერებული.

იახტა 2017 წელს გერმანულმა კომპანიამ Lürssen-მა დაამზადა დიზაინერია ფრანსუა ზურეტის პროექტის მიხედვით და მოიცავს მდიდრულ მარმარილოს ინტერიერს, რვა საძინებელ ოთახს, სილამაზის სალონს, სპას, სპორტდარბაზს, ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს, საცურაო აუზს და ლიფტს. ხომალდის ეკიპაჟი 36 წევრისგან შედგება და 16 სტუმრის მიღება შეუძლია.

იახტის რეალური მფლობელობის დადგენა დავის საგანი გახდა. ის კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და კომპანია Millemarin Investments Ltd ეკუთვნის, რომელიც ასევე კაიმანის კუნძულებზეა დაფუძნებული.



აშშ ამტკიცებს, რომ იახტის რეალური მფლობელი სულეიმან კერიმოვია - ეკონომისტი და ყოფილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც 2018 წელს იქნა დასანქცირებული აშშ-ს მიერ, ფულის გათეთრების გამო.

თუმცა ედუარდ ხუდაინატოვი - რუსული სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის Rosneft-ის ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ გემი მისი საკუთრებაა. თავის მხრივ აშშ-ის პროკურორები ამტკიცებენ, რომ ხუდაინატოვი ე.წ. ფიქტიური მფლობელია, რომლის სახელის უკან კერიმოვი იმალება. იახტის მფლობელობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა ამჟამადაც გრძელდება, როგორც ხუდაინატოვის წარმომადგენელი ადამ ფორდი აცხადებს, რუსი ოლიგარქი იახტის გაყიდვით მიღებული თანხის სასამართლოს გზით უკან დაბრუნებას გეგმავს.

ამჟამად მიმდინარე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, 10 მილიონი ევროს დეპოზიტია საჭირო.