ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მერის წარმომადგენლის ძმაა.
დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე გადაყვანილია კლინიკაში.
ბებნისელები გვიყვებიან, რომ იმერლიშვილი 8 წლის განმავლობაში საფრანგეთში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ახლა სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ პირს, თანასოფლელები ჰყვებიან, რომ ის ალკოჰოლის მიღების შემდეგ აგრესიული ხდებოდა ადამიანების მიმართ.
"ზურა 8 წელი საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა. ორმოცზე იმყოფებოდა თავისი თანასოფლელიც, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. ამ ადამიანს ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ აგრესიას ავლენდა ადამიანების მიმართ. აუხირდა ზურას. შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა" - გვიყვებიან ბებნისელები.
რა განცხადებას ავრცელებს შსს მომხდართან დაკავშირებით?
"გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, 1981 წელს დაბადებულმა ზ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი - 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა.
ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ნ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: