ბრძოლის ველი - ჩვიდმეტამდე მძიმედ დაჭრილი და დახოცილი ქართველი ჯარისკაცი, მათ შორის ერთადერთ საღ-სალამათი მებრძოლს მუხლებზე ჰყავს დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლი, მის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და რეკავს - "მიპასუხე, მამაო, მიპასუხე, არ გადის ეს ოხერი..." - ამბობს, მობილურს ჰაერში ისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, "ლიმონკა" მაქვს, თავს ავიფეთქებთ, ეს თვითმკვლელობა არ იქნება! დაჭრილი მებრძოლი მეგობარს სთხოვს, ეს გააკეთოს, რადგან ჯერ კიდევ შეუძლია თავის დაღწევა. წადი, მე მაინც არაფერი მეშველება, შენ უნდა გადარჩე - ამბობს მისუსტებული ხმით, მეგობრის ხელებში მოქცეული ჯარისკაცი. პასუხად მეგობარი მას გულში მაგრად იკრავს და „მამაო ჩვენოს“ კითხულობს... ლოცვის დასრულებას მცირე პაუზა და აფეთქების ხმა მოჰყვა.
სწორედ ამ ბიჭების შესახებ უამბო რუსმა ჯარისკაცმა - საშა დროზდოვმა ქართველ ჟურნალისტს ნინო ბურჭულაძეს გამაოგნებელი ამბავი:
"გასასვლელთან მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო, ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულებიც ჰყავდათ და დაჭრილებიც, ესენი ვინ არიანო, ყვიროდა ჩვენი მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ, უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა, თავისი ტექნიკით. მოკლედ, 2 ჯავშანმანქანა, 1 ტანკი გვყავდა და სამოცი ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ 17 ქართველი გვებრძოდა! აღარავინ გადარჩენილა. ერთს ხელში „ლიმონკა“ შერჩენოდა, ეტყობა, სროლა ვერ მოასწრო. ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა მათ ცხედრებთან. აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა მაშინო... მივხვდი, ჩეჩნეთი გაახსენდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია, ისე ჩაჯდა მანქანაში და ცხინვალში დავბრუნდით“.

დღეს ჩვენ ამ ბიჭებს შინდისელი გმირების სახელით ვიცნობთ.
"ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", "ერთი ყუმბარა Გგვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატარებს" - ეს არის ფრაზები ლექსებიდან, რომლის ავტორი მიშა დვალიშვილია - "შინდისელი ბიჭებიდან" ერთ-ერთი. პატარა ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი მისი ლექსები მშობლებმა - დავით და მედიკო დვალიშვილებმა 17 წლის წინ რედაქციაში მომიტანეს... მაშინ 21 წლის იყო მიხეილ დვალიშვილი. როგორც მშობლებმა მითხრეს, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა, ისევე როგორც ალექსანდრე ონიანს, რუსლან წულაძეს, ზვიად კაცაძეს, ილია გაბუნიას, რომან ზოიძეს, კახა კოშაძეს, ემზარ წილოსანს, ილია შეყლაშვილს, თემურ ბერიძეს, ფელიქს კაკაურიძესა და ვეფხვია ჯიშკარიანს. გმირად დაბადებულ ბიჭებს მშობლებიც რომ გმირები ჰყავთ ამაში ბატონ დავით დვალიშვილთან საუბრისას დარწმუნდებით, ჩვენ მას 17 წლის შემდეგ პირველად შევეხმიანეთ და იმ ავბედითი დღის გახსენება ვთხოვეთ.
დავით დვალიშვილი:
- 2008 წლის იმ ავბედითი დღიდან დღემდე 17 წელი გავიდა, მაგრამ ისევ ძველებურ ტკივილს განვიცდი ამ თარიღის მოახლოებისას. რამდენი ვაჟკაცი წაგვართვა მტარვალმა პუტინმა. ახლაც უკრაინაში რამდენი ქართველი იღუპება. ამას ძალიან განვიცდი, ყოველთვის, როდესაც გავიგებ, რომ უკრაინაში კიდე ერთი ქართველი დაეცა, ჩემი მიშიკო მახსენდება. რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი, რისთვის სპობს დამპალი რუსული იმპერია ამდენი ადამიანის სიცოცხლეს, რა არ ჰყოფნის - მიწა თუ ჰაერი? დიდება უფალს, საქართველოს ჰყავდა და ეყოლება ვაჟკაცები...
- დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ 8 აგვისტოს - ეს შეცდომა იყო თუ გარდაუვალი აუცილებლობა, სამშობლოს დასაცავად?
- ეს იყო ბრძოლა სამშობლოსათვის! სიმართლე თუ გინდათ, ყველა ომი შეცდომაა, არასდროს არ ყოფილა ეს კარგი, მაგრამ როდესაც მტერი თავს გესხმის, რა კაცი ხარ, სამშობლოს მკერდით თუ არ გადაეფარები?! ჩემი მიშიკოს ჩემი დაუსრულებელი ტკივილია, ჩემს სიცოცხლეს ფასი არ აქვს, მაგრამ არასოდეს არ ვიტყვი, რომ ის ვიღაცის შეცდომის მსხვერპლი იყო. არა, ბატონებო, ის ვაჟკაცი იყო, გმირად იყო დაბადებული, თავისი ვალი პირნათლად მოიხადა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. დიდება უფალს!

- როგორი ბიჭი იყო მიშიკო?
- შვილის ღირსებებზე საუბარი მეუხერხულება, თუმცა ერთს კი თამამად ვიტყვი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი მყავდა, პატრიოტი და უშიშარი მებრძოლი. დიდება უფალს რომ მისი მამობა მე მარგუნა წილად, ეს პატივია.
მიშიკო სენაკის ქვეითი ბრიგადის სამხედრო-საინჟინრო ასეულში მსახურობდა. ცეცხლის შეწყვეტისა და პოზიციების დატოვების ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდათ. ჩემს შვილს ტელეფონით ველაპარაკე და მითხრა, რომ უკვე ცხინვალიდან გამოდიოდნენ. ნახევარ საათში ისევ დავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა. მის თანამებრძოლს დავუკავშირდი. მითხრა: რუსებმა დაგვბომბეს. გადარჩა, დავინახე, დანგრეული შენობისკენ გარბოდაო. მოგვიანებით გავიგე, რ60 რუსულ ავიაციას უკანდახეული ბიჭები დაუბომბავს. ზოგიერთები ადგილზე დაღუპულან, ზოგი გამოქცეულა. ეს 17 ბიჭი კი ცხინვალისკენ მობრუნებულა შინდისის გზაზე და ადგილობრივ გლეხებს შეხვედრიათ, რომლებიც გაუფრთხილებიათ: მაგ მხარეს ნუ წახვალთ, რუსები არიანო. რუსები რომ არიან, სწორედ მაგიტომ უნდა წავიდეთო, - უპასუხიათ მათ. ომის დასრულების შემდეგ, პირველად რომ წავედი იმ ადგილის მოსანახულებლად, სადაც ბიჭები დაიღუპნენ, ვნახე, რომ ადგილობრივებს მათთვის ძეგლი ჰქონდათ აგებული. სოფელში დარჩენილ მოხუცებს ბიჭების გმირობის ამბავი საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი. ამ ამბის კიდევ ერთი მომსწრეა - დაჭრილი სამხედრო, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი და გონებაც დაკარგული ჰქონდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლე, ვინმე აჰმედამ იპოვა და გადაარჩინა.
ადგილობრივები მიყვებოდნენ: გვესმოდა, ბიჭები როგორ ყვიროდნენ: "იარაღი მოგვაწოდეთო!“ ვინ მიაწვდიდა?! ეჰ... დანარჩენი კი თქვენც იცით. შინდისელებმა ისიც მითხრეს, რომ რუსული ბატალიონის მეთაური ბიჭების ცხედრებთან მისულა, ქუდი მოუხდია და რამდენიმე ხანს ასე მდგარა. მერე ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ - ვერ იჯერებდნენ, რომ მთელ ბატალიონს მხოლოდ 17 კაცი ებრძოდა. მიშიკო სახლში რომ მომიყვანეს, ყველაფერი თან ჰქონდა - იარაღი, ჯავშანჟილეტი, მობილური ტელეფონიც კი გულზე ეკიდა. ყველა ტყვია მტერს ჰქონდა ნასროლი. მკვდარსაც ვერ აართვეს იარაღი. მოგვიანებით გავიგე, რომ მიშიკოსთვის ჩემს ცოლის ძმას დაურეკავს და უთქვამს: ბიძია, რუსებს ჩვენ ვერ მოვერევით. დაყარე იარაღი და გამოიქეციო. კინაღამ გაგიჟებულა: მაგას როგორ მეუბნებით, ჩემი მიწიდან გავექცე მტერსო?! შვიდიდან თერთმეტ აგვისტომდე იარაღი ხელიდან არ გაუგდია. მერე ვიხსენებდი და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ბრძოლაში სიკვდილი ჰქონდა გადაწყვეტილი.

დედამისს ძალიან არ უნდოდა ჯარში წასულიყო, მაგრამ თვითონ ჰქონდა ამოჩემებული: - ჯარისკაცობა ყველაზე ვაჟკაცური საქმეა. თან ქვეყანას სწორედ ახლა ვჭირდებითო. მაშინ სხვანაირი განწყობა იყო ახალგაზრდებში... ძმაკაცებიც თავისნაირები ჰყავდა - სულ ვაჟკაცობასა და ღირსებაზე ლაპარაკობდნენ. უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, დედამისს უთხრა: ხომ გინდოდა ჩემი დიპლომის ნახვა? ახლა მოგიტან სახლში და უყურე, რამდენიც გინდა, მე მაინც ჯარში წავალო. თავიდან სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ გულის იშემია ჰქონდა და დაბრაკეს.
- საკონტრაქტო სამსახურში ამ მიზეზის გამო პრობლემები არ შეექმნა?
- შეექმნებოდა, ექიმი ორმოცდაათ ლარად რომ არ მოესყიდა.
- ლექსებს ბავშვობიდან წერდა?
- სკოლის მერხიდან. ხატავდა კიდეც. იმდენი ნახატი ჰქონდა, ერთ გალერეას გაავსებდა, მაგრამ სახლი დაგვეწვა და ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა. მხოლოდ ის ლექსები და ნახატები გადარჩა, რომლებიც მიშიკოს სხვებისთვის ჰქონდა ნაჩუქარი. ზოგი ლექსი ცხინვალის ომშიც დაუწერია: "მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო. დამეთანხმება მონატრების, ვინც იცის ფასი. ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით საღამოს და ამ ცრემლებით შეუსვამს ყანწი.“ ერთ ლექსში იმასაც ამბობს: „ათ კაცზე ერთი ვიბრძოდით...“ ზუსტად ასე გამოვიდა, იწინასწარმეტყველა - 17 კაცი 200 კაცს შეებრძოლა. შინდისელმა გლეხებმა გვითხრეს, რომ რუსებს ორი "კამაზით“ გაუყვანიათ თავიანთი დახოცილი ჯარისკაცები.
ვეფხვივით იბრძოლა ჩემმა ბიჭმა. ერთხელ დედამისმა უსაყვედურა: რატომ მომკალი, შვილო, სულ ომზე რატომ ლაპარაკობო? მან კი უპასუხა: რა ვქნა, დედი, თქვენ გამოზარდეთ ასეო. მართალიც იყო. ერთ დროს მეც სამხედრო ვიყავი. ძმაც და ძმისშვილიც სამხედროები მყავს - მთელი ოჯახი საქართველოს ვემსახურებოდით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა ქვეყნის პრეზიდენტი. იქ ვიბრძოდით, სადაც საჭირო იყო. ეროვნული გვარდია შეიქმნა თუ არა, მაშინვე მის რიგებში ჩავეწერე. არც საჭმელი გვქონდა, არც იარაღი, ფორმებსაც თავად ვყიდულობდით, ხელფასზე ლაპარაკიც არ იყო... ასეთ ჯარში 12 წელი ვიმსახურე, აფხაზეთში ბოლომდე ვიბრძოლე და 2004 წელს შემცირების დროს გამომიშვეს.
- რა მიზეზით?
- ასაკოვანი ხარო მითხრეს და შტატგარეშე დამტოვეს. აგვისტოს ომის დაწყებისას რეზერვში წასვლა მინდოდა. სხვა თუ არაფერი, ერთი ტყვია მაინც გავაციებ-მეთქი, მაგრამ არ გამიშვეს - 46 წლის ხარ და წესით პოლკოვნიკი მაინც უნდა იყოო. ცოტა არ იყოს, გამეცინა. აფხაზეთში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ჯერ კიდევ 1993 წელს გავხდი უფროსი ლეიტენანტი, ოქრუაშვილს რომ არ გამოვეშვი. აქამდე კაპიტანი ვიქნებოდი, ისე კი "ზვანია“ არც კი მაინტერესებდა. მართლა გულწრფელად ვიბრძოდი. ძველი მეომრები, მიუხედავად იმისა, რომ 900 ფორმირებად ვიყავით დაშლილები და ხშირად ერთმანეთსაც ექიშპებოდით, მაინც მაგრად ვიბრძოდით. ჩვენ ომი არ წაგვიგია, მაშინდელმა მინისტრებმა და მაღალჩინოსანმა სამხედროებმა გვარცხვინეს. როდესაც საჰაერო და სასაზღვრო პოზიციებიც დავიკავეთ და გზაც ჩვენს კონტროლქვეშ მოვაქციეთ, შევარდნაძის ბრძანებით იარაღი და ტექნიკა ჩამოგვართვეს და უკან გამოგვიყვანეს. მაშინდელმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეცდა. მაგრამ რა დროს იყო ეს?!
- მართლა არასდროს გინანიათ, რომ სამშობლოსადმი სიყვარული, რომელიც შვილს ჩაუნერგეთ, მისთვის ბედისწერად იქცა?
- არა, შვილო, არ ვნანობ, თუმცა, მის სიკვდილს ვერ ვეგუები... ცხინვალში რომ მეცხოვრა, იქიდან ცოცხალს ვერ გამოიყვანდნენ. ჩემი თეონა (ერთი გოგონა დამრჩა) ბიჭი რომ იყოს, ისიც ჯარისკაცი იქნებოდა. დედამისს სულ ეჩხუბება: ნუ ტირი, გმირის დედა ხარო. თვითონ კი ჩუმად იპარება ძმის საფლავზე და ისე ტირის.
- მიშიკო ოცნებების შესახებ თუ გიყვებოდათ, ან შეყვარებული თუ ჰყავდა?
- ჰყავდა შვილო. 2008 წლის ოქტომბერში ცოლის მოყვანას აპირებდა. ბინის ყიდვაც უნდოდა, მრავალშვილიან მამობაზე ოცნებობდა. ამბობდა: „ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები უნდა გავზარდოო,“ მაგრამ აღარ დააცალეს რუსებმა.
- ამ ყველაფრის შემდეგ, რუსებთან დიპლომატიური გზით ურთიერთობის მოგვარება შესაძლებელია?
- მიუხედავად ასეთი ტკივილისა, მე მზად ვარ რუსებს შევურიგდეთ, თუ წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ და თავს დაგვანებებენ, მაგრამ კარგად ვიცნობ მაგათ მოდგმას, ეგენი თავს არ დაგვანებებენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც შეუძლებელია უსისხლოდ.