ავტორი:

სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო: რის გამო დასაჯა რუსულმა სასამართლომ მომღერალი - "ვაღიარებ, რომ არ შეიძლება ადამიანზე ხელის აწევა"

სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო: რის გამო დასაჯა რუსულმა სასამართლომ მომღერალი - "ვაღიარებ, რომ არ შეიძლება ადამიანზე ხელის აწევა"

"ვარსკვლავების ფაბრიკის" ორ ყოფილ მონაწილეს, მომღერალ ირაკლი ფირცხალავასა და მიხეილ გრებენშიკოვს შორის კონფლიქტი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ინციდენტი 13 ივნისს, მოსკოვში გამართულ საფეხბურთო-მუსიკალურ ფესტივალზე „არტ-ფეხბურთი“ მოხდა. ინფორმაცია ჩხუბის შესახებ მოგვიანებით 7 აგვისტოს გავრცელდა, როდესაც სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.

კონფლიქტის სხვადასხვა ვერსია

გრებენშიკოვის ვერსიით, რომელიც მედიაში გავრცელდა, ის სასტუმრო "ალფასთან“ იდგა, როდესაც ფირცხალავამ ჩაუარა. ირაკლიმ, სავარაუდოდ, რუსეთის ნაკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეურაცხყოფა დაიწყო, რაზეც გრებენშიკოვმა იხუმრა, რის შემდეგაც ფირცხალავა ფიზიკურად გაუსწორდა. შოუმენმა პოლიციას მიმართა.

თავის მხრივ, ირაკლი ფირცხალავამ, რუსულ მედიასთან კომენტარში განმარტა, რომ ის არ აპირებდა კონფლიქტის საჯარო სივრცეში გამოტანას, მაგრამ დამახინჯებული ფაქტების გამო იძულებული გახდა, მომხდარზე რეაგირება მოეხდინა. მისი განცხადებით, კონფლიქტის რეალური მიზეზი მისი შენიშვნა გახდა „აკრძალულ ნივთიერებებთან“ დაკავშირებით, რომლის სუნიც მან კოლეგასთან სიახლოვეს იგრძნო. საუბარია მარიხუანაზე, რომელსაც სასტუმროს წინ მდგარი გრებენშიკოვი მოიხმარდა.

"საპასუხოდ ჩემს მიმართ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი მოვისმინე ეროვნული ნიშნით,“ - აცხადებს ირაკლი ფირცხალავა. - „ამან როგორც ადამიანი და მამაკაცი, შეურაცხყოფილი დამტოვა".

სასამართლოს გადაწყვეტილება და მომღერლის პოზიცია

იზმაილოვოს რაიონის სამშვიდობო სასამართლომ ირაკლი ფირცხალავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.1.1 მუხლით (ცემა) და 15 ათასი რუბლით (188 დოლარი) დააჯარიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცემას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია და მომღერლის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ფირცხალავამ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო და არ გაასაჩივრა.

"ჩემი რეაქცია ემოციური იყო, შესაძლოა, ზედმეტად მკაცრიც - ამის გამო თავს არ ვიმართლებ, მაგრამ არც ის მინდა, რომ ამ ამბიდან პოლიტიკური სენსაცია შექმნან,“ - განაცხადა მან.

"ვაღიარებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანზე ხელის აწევა. ეს სიტუაცია ჩემთვის გაკვეთილი გახდა. მაგრამ მთავარია - ჩვენ მრავალეროვანი ქვეყანა გვაქვს, ერთმანეთი პატივი უნდა ვცეთ და გვიყვარდეს. ეროვნება ადამიანს არ აუმჯობესებს და არც აუარესებს. საჭიროა, ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლები ვიყოთ და არ დავეშვათ შეურაცხყოფამდე და სიძულვილამდე.“

მომღერალმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ეთნიკურად ქართველია, მაგრამ მოსკოვში დაიბადა, ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, რომელსაც საკუთარ სახლად მიიჩნევს.

წაიკითხეთ ასევე: