ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში სტიქიის საშიშროება ჯერ არ განეიტრალებულა. მიწის ნაპრალები ყოველდღე ფართოვდება. ამ სოფლებში ვითარება ისე გართულდა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. პირველადი დასკვნით, მეწყერის მიზეზი ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობები გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაპრალები უცებ გაჩნდა და მსგავსი რამ სოფელში მანამდე არავის უნახავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებშიც კარგად ჩანს, როგორი დახეთქილია მიწა. სტიქიამ სოფლის წყაროებიც მოშალა, დაზიანდა სოფლის გზები. ხალხმა უკვე დატოვა საკუთარი სახლები და ახლა იმაზე ფიქრობს, ცხოვრება თავიდან როგორ დაიწყოს. სოფელში ბევრს საქონელი ჰყავდა და ამის გაყიდვაც მოუხდათ. ხარაგაულის მერიაში ამბობენ, რომ ორივე სოფელში მუდმივად აკონტროლებენ ვითარებას და იმასაც, ვინ, რა მიზნით და რამდენი ხნით შედის სტიქიის ზონაში, რადგან ვითარება სახიფათოა. ქალბატონი მზია დევდარიანი ერთ- ერთია დაზარალებულებს შორის, რომელსაც საკუთარი სახლ - კარის დატოვება მოუხდა.
მზია დევდარიანი:
- სამწუხაროდ, მოგვიხდა სახლის დატოვება. ჩემი სახლიდან 8 მეტრში ძალიან დიდი ნაპრალია. ფაქტობრივად, დაიცალა სოფელი. ორი ოჯახი იყო დარჩენილი და ისინიც უკვე გადიან. ვუყურებ ამ ყველაფერს და არ ვიცი, რა გავაკეთო. ძალიან ცუდი მდგომარეობაა სოფელში. გეოლოგებსაც უკვირთ ასეთი მასშტაბი. ამბობენ, აქ ცხოვრება აღარ შეიძლებაო. უცებ მოხდა ეს ყველაფერი, საერთოდ არანაირი წინაპირობა ამას არ ჰქონია. 8 ივნისიდან შევატყვეთ, რომ ნაპრალები გაჩნდა. ყოველდღე ვინიშნავდით მის სიღრმეს. მერე ავტეხეთ განგაში, 112-ში დავრეკეთ, ყველანი მოვიდნენ - ხარაგაულიდანაც, თბილისიდანაც, ქუთაისიდანაც.

- მერიამ გაავრცელა განცხადება, მოსახლეობის ნაწილი არ გადისო. საფრთხე დიდია და მაინც არ ეშინიათ?
- ვინც არ გადიოდა, ისინიც მიდიან. არ გასვლის მიზეზი ის იყო, რომ საქონელი ჰყავდათ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. მეც ძალიან მენანებოდა აქაურობის დატოვება. 43 წელი ვიცხოვრე ამ სახლში, მაგრამ რა მექნა?! ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. ახლა ხარაგაულში ვართ, ნაქირავებში, მთავრობა იხდის ქირის თანხას. მე კორპუსში ვარ. არც ფრინველი მყავს, არც ცხოველი - რაც მყავდა, ყველაფერი ჩემს გოგოს გავატანე.

- ხელისუფლება კერძო სახლების ყიდვას გპირდებათ, თუ თანხას მოგცემენ?
- არ ვიცი, დანამდვილებით რა თანხაზეა საუბარი. მაგალითად, მე თუ შევარჩიე სახლი ან ბინა, იმ ქონების პატრონს ჩაურიცხავენ თანხას. მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ, სესხი მაქვს გამოტანილი, 150 ლარი მექვითება ყოველთვე, სახლის რემონტისთვის გამოვიტანე სესხი და ახლა ეს სახლი დავტოვე. მეუღლემ სამსახური დაკარგა, სკოლაში ბავშვები დაყავდა მანქანით... გამოდის ჩვენი სოფელი ხემაღალი აღარ იარსებებს...
- ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს მეწყერი გამოწვეულია რკინიგზის მშენებლობით...
- შეიძლება ამანაც გამოიწვია... ალბათ, ამას სპეციალისტები იტყვიან. ჯერჯერობით ამბობენ, აქ ცხოვრება შესაძლებელი ვერ იქნებაო, იმიტომ, რომ მოძრაობს მიწა და მიდის მდინარისკენ. პატარა მდინარეა და არის საშიშროება, რომ ჩაიხერგოს და გადაიკეტოს, მერე რკინისგზასაც ცუდი დღე დაადგება და ქვევით მცხოვრებ მოსახლეობასაც. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული პროცესში. ყველაფერს აკონტროლებს, ეხმარება ადამიანებს, დგას ბლოკპოსტები... გააგრძელეთ კითხვა