ავტორი:

“მარჯნის რიფები" მარსზე? - NASA - ს აპარატმა წითელ პლანეტაზე გადაიღო კადრები, რაც აჩვენებს, რომ პლანეტაზე არსებობდა მდინარები, ტბები და შესაძლოა ოკეანეებიც

“მარჯნის რიფები" მარსზე? - NASA - ს აპარატმა წითელ პლანეტაზე გადაიღო კადრები, რაც აჩვენებს, რომ პლანეტაზე არსებობდა მდინარები, ტბები და შესაძლოა ოკეანეებიც

NASA - ს მიერ მარსზე გაგზავნილმა Curiosity-ის სახელწოდების მქონე საკვლევმა აპარატმა, დედამიწაზე ახალი, “მარჯნის“ ფორმის ქანის კადრები გამოაგზავნა.

მეცნიერების განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ კადრებზე აღბეჭდილი ქანის ფრაგმენტი დედამიწის ზღვის ფსკერზე მყოფ მარჯანს წააგავს, სინამდვილეში ეს ქვის ნაგლეჯია, რომელიც, სავარაუდოდ, მილიარდი წლის წინ არის წარმოქმნილი.

Live Science-ის აღწერით, ეს პატარა, დაახლოებით 2,5 სანტიმეტრის სიგანის, ღია ფერის, ქარისგან დამუშავებული ქვა გეილის კრატერში იქნა აღმოჩენილი, რომელიც თავის მხრივ, მარსის ზედაპირთან დიდი ზომის მეტეორის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.

აპარატის ტელესკოპურმა კამერამ შავ-თეთრი კადრები გადაიღო, სადაც ადამიანის თვალისთვის ნაცნობი ფორმის ობიექტია გამოსახული, მიუხედავად იმისა რომ, ახალი აღმოჩენა მეცნიერული თვალსაზრისით ფრიად საინტერესოა, ის უნიკალური ნამდვილად არ არის, მსგავსი ობიექტებისთვის ფოტოები Curiosity-ს ადრეც არაერთხელ გადაუღია.

NASA- ს განმარტებით, ეს ქანები “მილიარდობით წლის წინ შეიქმნა, იმ დროს როდესაც წითელ პლანეტაზე ჯერ კიდევ არსებობდა თხევადი წყალი. წყლის მინერალები ხსნარის სახით ქანების ბზარებში შეჰქონდა და შემდეგ შრებოდა, რის შედეგადაც მყარი მინერალი წარმოიქმნებოდა".

“იგივე პროცესი დედამიწაზეც ფართოდ არის გავრცელებული, მარსზე კი თავის დროზე სხვადასხვა, უცნაური ფორმის ქანებს წარმოქმნიდა“, - განმარტავენ მეცნიერები.

ამ ზაფხულს NASA-ს აპარატმა კიდევ ერთი საინტერესო გეოლოგიური სტრუქტურა გადაიღო, რომელსაც მკვლევრებმა, მისი ფორმის გამო, “ობობას ქსელი” შეარქვეს.

‘”მარჯნის რიფი” ,”ობობას ქსელი“ ყვავილის ფორმის წარმონაქმნები.... ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ მარსზე ოდესღაც წყალი არსებობდა, რომელიც შემდგომში მყარ მასად გადაიქცა.

მეცნიერების განცხადებით ოდესღაც, მილიარდობით წლის წინ, “წითელ პლანეტაზე“ მდინარეები, ტბები და, შესაძლოა, ოკეანეებიც კი არსებობდა, რაც დიდი ალბათობით სიცოცხლის არსებობაზეც მიუთითებს. თუმცა დღემდე არ არსებობს ზუსტი პასუხი იმ კითხვაზე, თუ რამ გააქრო წყალი მარსის ზედაპირიდან და იგი იმ ცივ უდაბნოდ აქცია, როგორსაც დღეს ვხედავთ.

წყარო