ავტორი:

"ცის მეშინოდა და რა ვიცოდი, თუ უბედურება დედამიწაზე ელოდებოდაო... გაქცევა ვეღარ მოასწრო" - ქართველი მფრინავის ტრაგედია, რომელიც წლების წინ მოხდა

"ცის მეშინოდა და რა ვიცოდი, თუ უბედურება დედამიწაზე ელოდებოდაო... გაქცევა ვეღარ მოასწრო" -  ქართველი მფრინავის ტრაგედია, რომელიც წლების წინ მოხდა

1968 წელს, 2 ივნისს თბილისში უმძიმესი ტრაგედია მოხდა. ქართველმა მამაკაცმა ავარიას და დაღუპვას დედა-შვილი გადაარჩინა, საკუთარი თავის გადარჩენა კი ვეღარ შეძლო... ის 36 წლის მფრინავი ალექსანდრე (ჟორა) ბედოშვილი გახლდათ. ამ მძიმე ამბის შემდეგ 32 წლის ქალბატონი დაქვრივდა და მცირეწლოვანი გოგონები საყვარელი მამის გარეშე დარჩნენ. ამ საოცარი ადამიანის ამბავს ახლა მისი უფროსი შვილი, ყველასთვის საყვარელი და ცნობილი მასწავლებელი მარინა ბედოშვილი გვიყვება...

მარინა ბედოშვილი

- მამამ 1968 წლის 2 ივნისს ტაშკენტიდან თბილისის "დინამოს“ ფეხბურთელები ჩამოიყვანა... მანამდე ტაშკენტში მიწისძვრა მოხდა და იმის შემდეგ იქ მისი პირველი რეისი იყო. იმ დღეს წასვლა არ ეკუთვნოდა, მაგრამ, სთხოვეს - გვინდა, შენ წახვიდეო. მოკლედ თბილისში ჩამოფრენის შემდეგ, მამა და კიდევ ორი თანამშრომელი რესტორან "უშბაში" შევიდნენ, დღევანდელი გამარჯვება აღვნიშნოთო.

იქიდან გამოსულ მამას დაუნახავს, რომ ძველი "მოსკვიჩი" მათკენ აწყვეტილი მოქროდა. მას გვერდით მდგომი ბიჭებისთვის ხელი უკრავს და უკან, თხრილში გადაუყრია. იქ თვითონაც უნდა გადამხტარიყო, მაგრამ რამდენიმე მეტრში ახალგაზრდა ქალი დაუნახავს, რომელსაც ბავშვი ეჭირა და მისკენ გაქცეულა. მანქანა რომ არ დასჯახებოდათ, ქალს ხელი ჰკრა, თვითონ გაქცევა ვეღარ მოასწრო და მანქანა დაეჯახა. საფეთქელი დაარტყა... დედამ წინა დღეს მე და ჩემ უმცროს დას გვითხრა, ხვალ მამა ჩამოფრინდება და სასეირნოდ წაგვიყვანსო. დილის 7:00 საათზე გავიგეთ, რომ მამა ქალაქის პირველ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რადგან ავარიაში მოჰყვა.

დედა მაშინვე გაიქცა, მთელი ეზო ფეხზე დადგა. მერე კი უკვე ჯოჯოხეთი დაიწყო, რადგან საავადმყოფოდან მამა სახლში გარდაცვლილი მოასვენეს. საფულეში დედაჩემის და ჩემი სურათები ედო ხოლმე. მისი საბუთები როცა ამოუღიათ, დედას სურათი უნახავთ, რა ლამაზი შეყვარებული ჰყოლიაო, მერე ჩემი ფოტო ნახეს, - არა, როგორც ჩანს, ცოლ-შვილის ფოტოებიაო.

- ვინ იყო "მოსკვიჩის" მძღოლი?

- მძღოლი 24 წლის ბიჭი აღმოჩნდა, გვარად კვაღინიძე იყო. მან სასჯელი მოიხადა. როგორც დედა ამბობდა, საჭესთან ნასვამი იჯდა და მანქანა მოტაცებული ჰყავდა. მერე ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მთავარი ის იყო, რომ მამაჩემის გარდაცვალებასთან ერთად სამყაროში რაღაც დაიხურა. 1968 წლის ივნისში დაიღუპა და 9 წლის აგვისტოში გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესიის გამო სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებდა, აქტიურად იყო ჩემს ცხოვრებაში ჩართული. ყველაფერი მას უკავშირდება - პირველი სპექტაკლი, კინო-თეატრში პირველი წასვლა, პირველი წიგნი, კლასიკური მუსიკა (ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი უყვარდა და განსაკუთრებით ფინალი). ჩემი და ირინა 4 წლის იყო, მამა ისე კარგად, როგორც მე არ ახსოვს.

- საუბრის დაწყებამდე მითხარით, რომ რუსეთში დაიბადეთ. ესეც მამის პროფესიას უკავშირდება?

- კი. შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორსკის მხარის სოფელ ჩერნიგოვკაში სამხედრო გარნიზონი იდგა, სადაც მამა მსახურობდა. თავიდან სამხედრო მფრინავი გახლდათ... გასაოცარი იყო ჩემი მშობლების სიყვარულის ისტორია. ერთხელაც სამხედრო ნაწილიდან თბილისში შვებულებით ჩამოვიდა და ბოჭორიძის ქუჩაზე მეგობარ არჩილთან მივიდა, სადაც დედაჩემი უნახავს. მაშინ დედა მეთერთმეტეკლასელი იყო. იხსენებდა ხოლმე, "კერასინკა" მენთო და კარტოფილის "პერაშკებს“ ვაცხობდი, სულ ფქვილში ვიყავი ამოგანგლული, რომ ეზოში ძალიან სიმპათიური სამხედრო ბიჭი შემოვიდა და არჩილი იკითხაო.

დედა ძალიან ლამაზი იყო და დანახვისთანავე მამას მოსწონებია. მერე არჩილისთვის უკითხავს, ის ანგელოზივით გოგო, ფქვილში ამოგანგლული რომ ვნახე, ვინ არისო? არჩილისგან გაიგო მისი ვინაობა. შემდეგ უკვე სკოლაში აკითხავდა და მთელი სკოლის გოგოები სამხედრო მფრინავს გაკვირვებულები უყურებდნენ. სკოლა რომ დაამთავრა, თბილისიდან იმ შორეულ აღმოსავლეთში წაიყვანა. ბებიაჩემ თალიკოს ვეუბნებოდი, რანაირად გააყოლე ანგელოზივით გოგო აქედან იქ, მე რომ ვყოფილიყავი, არ გავატანდი-მეთქი... მოკლედ, დავიბადე რუსეთში. მერე მამა ყველასთვის საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა.

- რამდენ ხანს იყვნენ შორეულ აღმოსავლეთში?

- 2 წელი. ერთი წლის ვიყავი, რომ ჩამომიყვანეს. დედამ იქ ვერ გაძლო, რუსეთში ვერ ვიცხოვრებ, თბილისში უნდა წავიდეო. მამას დედა ისე უყვარდა, მისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მერე დემობილიზაცია მიიღო და სამოქალაქო ავიაციაში გადმოვიდა. ჩვენს აეროპორტში მუშაობდა, "ტუ 104“-ით დაფრინავდა. იმ პერიოდში ბავშვის რუსულ სკოლაში შეყვანა მის მომავალზე ზრუნვად ითვლებოდა. 1966 წელს სასკოლო ვიყავი. ერთხელაც მამა რეისიდან რომ დაბრუნდა, დედას ჰკითხა, - სკოლაში საბუთები შეიტანეო? მე-20 სკოლამ არ მიიღო, ჩვენი მიკრორაიონი არ არის და პლეხანოვზე 32-ე სკოლაში შევიტანეო (ორივე რუსული სკოლა იყო). მამა ჯერ გაჩუმდა და მერე დედაჩემს ჰკითხა - საქართველოდან წასვლას სადმე ვაპირებთო? არა, ძლივს ჩამოვედით, სად უნდა წავიდეთო?! მაშინ რუსულ სკოლაში რატომ შეგყავს ბავშვიო? მისი მომავლისთვისო - უთხრა დედამ. მისი მომავლისთვის კარგი განათლების მიღება მშობლიურ ენაზეა. საბუთები უკან გამოიტანე და ნებისმიერ ქართულ სკოლაში შეიტანეო. ასე დავიწყე სწავლა 31-ე ქართულ სკოლაში.

მამა თუ სახლში იყო და წასაყვანად მომაკითხავდა, ბედნიერი ვიყავი, რომ მარინას მფრინავი მამა აკითხავდა... მელნით ვწერდით, ქართული წარმოების რვეულებს მელანი ძალიან დღაბნიდა, ამიტომ, მამას მოსკოვის ცნობილი რვეულები ჩამოჰქონდა მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი ჩემი კლასისთვის. მარტო მარინას ხომ არ ექნება ხარისხიანი რვეულიო. ბავშვები კლასობანას რომ ვთამაშობდით, ცარცით ვხაზავდით, ხან დაბრეცილი გამოდიოდა, ხან იმ დახაზულს წვიმა რეცხავდა. მამას ამაზე უფიქრია და ტრაფარეტები გამოჭრა, თეთრი ზეთის საღებავი მოიტანა და ის "კლასიკები“ დახაზა. მანამდე ახალციხის ქუჩაზე ასფალტი დააგებინა. ბავშვები კლასობანას სათამაშოდ ჩვენს ეზოში მოდიოდნენ... ტელევიზორიც მთელ ქუჩაზე თითქმის ჩვენ გვქონდა. მამა ტელევიზორს ფანჯრის რაფაზე დადგამდა, გააღებდა ფანჯარას და მთელი ეზო თუ ნახევარი ქუჩა, ვისაც ეცალა, პატარა სკამებით ტელევიზორის საყურებლად მოდიოდა.

- მზრუნველი ადამიანი ყოფილა...

- სხვისთვის ხელის გამართვა სიამოვნებდა. იმით საზრდოობდა, როდესაც ვიღაცას კეთილ საქმეს გაუკეთებდა, უსაზღვროდ ბედნიერი იყო. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ასეთი ჩვევა ჰქონდა, გამოიტანდა წებოს, ლურსმნებს, ჩაქუჩს, შუა ეზოში დაჯდებოდა და მეზობლებისთვის ფეხსაცმელების შეკეთებას უსასყიდლოდ იწყებდა. დაიძახებდა, გამოიტანეთ ძველი ფეხსაცმელები, განახლება უნდა. მათაც გამოჰქონდათ... პატარა ობოლი ბიჭი იყო, სოფლიდან ქალაქში რომ წამოვიდა. მისი ვარდო მამიდა ბოჭორიძის ქუჩასთან პატარა აღმართზე ცხოვრობდა.

მასთან იყო ხოლმე, მაგრამ ძალიან უჭირდა, ღამე შაქარს წყალში ჩავყრიდი, დილით მოვურევდი, დავლევდი და მთელი დღე იმაზე ვიყავიო. მერე ვიღაცას ურჩევია, ნიჭიერი ბიჭი ხარ, საფრენოსნო სასწავლებელში სცადე და სახელმწიფო ჩაგაცმევს და გაჭმევსო. ნათესავების შეგროვებული ფულით მაშინდელ ლენინგრადში ჩაფრინდა. დროულად ჩასვლა ვერ მოასწრო, საბუთების მიღება დამთავრებული იყო. იქ ურჩევიათ, ჩკალოვში ჯერ კიდევ არ არის საბუთების მიღება დამთავრებულიო და იქ გადაფრენილა. თურმე 100 ქართველს ჰქონდა საბუთები შეტანილი და იმ 100-დან მარტო მამა ჩარიცხულა. ასე დაამთავრა საფრენოსნო სასწავლებელი და შეუყვა სამხედრო კარიერას.

- მამაზე ახლაც და ამა თუ იმ გადაცემაშიც ყოველთვის თბილად ჰყვებით. ფაქტია, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს...

- ასეა... მამამ მარტივად მითხრა სიყვარული რა არის - სიყვარულია, როცა იმისთვის ცხოვრობ, ბედნიერი იყოს ის, ვინც გიყვარს და გაახარო. მე იმისთვის ვცხოვრობ, რომ შენ, ირა და დედიკო გაგახაროთ. ეს იყო კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც შეეძლო არაფრისგან შეექმნა დღესასწაული, პირველ მარტს ეზოში მიმოზის დიდი თაიგულით შემოდიოდა, შუა ეზოში დადგებოდა, დაიყვირებდა, გოგოებო, გამოდით, გაზაფხული მოვიდა. და გამორბოდნენ გოგოები, ზოგი ბავშვი და ზოგიც 80 წლის ბებო. ყველას თითო ტოტ მიმოზას აწვდიდა - გაზაფხული მოვიდაო... მამას გარდაცვალება ძალიან განვიცადე. მერე კი მისი ხატება დედამ ძალიან კარგად და მთელი ღირსებით შემოგვინახა. მთელი ბავშვობა მეუბნებოდა - შენ რომ კარგად ისწავლი და კეთილი გოგო იქნები, მამას გაუხარდებაო... ახლა 66 წლის ვარ, არ ვიცი, რა ასაკში მომიწევს მასთან წასვლა, მაგრამ დღეს მამაზე 30 წლით უფროსი ვარ. არ ვიცი, როგორ შევხდები მას, როგორ დამხვდება ჩემი 36 წლის მამა. იქნება თუ არა კმაყოფილი ჩემით, გავახარებ თუ არა მას?!

- ასეთი და ასე ახალგაზრდა მამის დაკარგვა მართლა დიდი ტკივილია შვილებისთვის...

- მისი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ მამას სიკეთე, სახელი და მადლი სულ წინ მხვდებოდა... მეშვიდე კლასში ბოტკინი შემხვდა, ინფექციურ საავადმყოფოში ვიწექი, ჩემს დას კი იმ პერიოდში რაღაც ვირუსი შეეყარა და 40 სიცხით სახლში იწვა. მაშინ ქალაქის ტელეფონები ყველას არ გვქონდა შინ. მეზობელ კორპუსთან ორი ჯიხური იდგა, სადაც დარეკვა ორკაპიკიანით ხდებოდა. დედამ შუაღამისას ორკაპიკიანი ვისთვის გამომერთმია და გამახსენდა, რომ 3 წლის გარდაცვლილი მამაჩემის კოსტიუმი, ფორმა - ყველაფერ გარდერობში გვეკიდა. მამას ორკაპიკიანები სულ ჯიბეში ეყარა ხოლმე - რაღაცებს რომ აბარებდნენ, სულ სადღაც დასარეკი ჰქონდა. დედა მივიდა, გარდერობი გამოაღო და კოსტიუმის ჯიბიდან ორკაპიკიანი ამოიღო. ირინა სახლში დატოვა და სასწრაფოში დასარეკად გაიქცა. მოვიდა სასწრაფო. ექიმი ახალგაზრდა კაცი იყო. ოთახში მამას დიდი პორტრეტი რომ დაინახა, გაშრა. ჟორას ოჯახში ვარ? - დედამ ტირილი ამივარდაო. მამას გარდაცვალება არ იცოდა და ძალიან შეწუხდა. დემობილიზებული სამხედრო ექიმი იყო და სასწრაფოზე მუშაობდა. მოკლედ ირინას მიხედა და მეორე დღეს საავადმყოფოში, მთავარი ექიმით დაწყებული მე დამეხვა თავს ინფექციურის სამედიცინო პერსონალი. დედასგან იმ კაცს რომ გაუგია, მეორე ბავშვი ინფექციურში მიწევსო, მას თავის სანაცნობო დაუტრიალებია და საავადმყოფო თავს მევლებოდა.

90-იანებში სინგაპურში ჩემი და მეგობართან ერთად წავიდა. რომ ბრუნდებოდა, იქიდან დარეკა, ამა და ამ დღეს მოსკოვში ვინმე დამხვდესო. ჩემი მეუღლე წავიდა და დახვდა, მაგრამ უკან ვეღარ მოფრინავდნენ, ბილეთები არ იყო. გასასვლელში იდგნენ, ეკიპაჟი რომ გამოსულა. ირინასთვის ჩემს მეუღლეს უთქვამს, უთხარი, რომ ჟორა ბედოშვილის შვილი ხარ, რაღაცას გვიშველონო. ეკიპაჟი წინ წავიდა, მაგრამ ეკიპაჟის მეთაური უცებ შემოტრიალდა. რომელმა ახსენეთ ჟორა ბედოშვილიო? ირა ატირებულა, - მეო. ვინ ხარ ჟორა ბედოშვილისო? ჩემს მეუღლეს უთქვამს, - ეს შვილია და მე სიძე ვარო. რა პრობლემა გაქვთო? უთხრეს. მოკლედ, თვითმფრინავში უბილეთო მგზავრებად აიყვანა. რომ ჩამოვიდნენ, - სტიუარდესა დასწევიათ, - ვინ ბრძანდებით, რომ ამ მკაცრმა მეთაურმა უბილეთო მგზავრები ასე წამოგიყვანათ. ეს არასდროს გაუკეთებიაო. ჩემმა ქმარმა მხრები გავშალე და ამაყად ვუთხარი, - მე ჟორა ბედოშვილის სიძე ვარო. ბევრი ასეთი რამ ყოფილა...

- დიდი სითბო დაუტოვებია ამქვეყნად...

- თემქაზე საცხოვრებლად რომ გადავედით, ჩვენი ძველი ხელოსანი მეზობლები ძია კოტიკა ფარაჯანოვი და ძია ფირუზ აკოპოვი ჩვენთან მოვიდნენ. დედას უთხრეს, გოგო ჯან, მოდი, მარტო მასალა ვიყიდოთ და ჟორას სიყვარულში რემონტს უფასოდ გაგიკეთებთო და გააკეთეს... კოტე ბიძია მეშუშე იყო და ზამთარში შემოგვივლიდა და გვეტყოდა ხოლმე, - აბა, გოგოებო, შუშები მთელია?! მათი შვილები კი ბევრი წელი მამას ჩამოტანილ ტანსაცმელს ინახავდნენ და იმ მამას დახაზულ კლასს კი ეზოს ბიჭები აახლებდნენ. 36 წლის ბიჭმა დიდი სიყვარული დატოვა.

ყველაფერთან ერთად საოცრად გულჩვილი გახლდათ. უმამოდ იყო გაზრდილი, მამა, შალვა ბედოშვილი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და ომზე ფილმებს რომ ვუყურებდით, ცრემლები ღვარად მოსდიოდა. მეც ასეთი ვარ, ფილმებზე გული მიჩუყდება. ერთხელ დედამ თიჯინების თეატრში წამიყვანა "სამი გოდორა“ ვნახე და იმ სპექტაკლზე ისე ვინერვიულე, სიცხემ ამიწია. დედა მეუბნებოდა, მარინა, რასაც უყურე, ეგ სპექტაკლია, სინამდვილე არ არის და მშვიდად დაიძინეო. მამა იშვიათად ბრაზდებოდა, მაგრამ მაშინ დედას ძალიან მკაცრად უთხრა, არასდროს დამანახო, ჩემი შვილი ვიღაცის ტკივილის იზიარებდეს, თანაუგრძნიბდეს, ამის გამო წუხდეს და შენ უქარწყლდებდე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს შეუძლლია სხვისი ტკივილის გამო ტირილი. დღეს თოჯინა არ შეეცოდება, ხვალ კატა და ზეგ ადამიანს ვეღარ შეიბრალებსო. იტიროს მარინამ ყველა სპექტაკლზე, წიგნზე - ეს იმას ნიშნავს, რომ გული აქვს. მინდა, ჩემი შვილი გულიანი გოგო გაიზარდოს. თანაგრძნობით გულმკვდარი ადამიანი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ამ უნარის გარეშე გაბოროტებული ბევრი კი მინახავსო.

- როგორ კარგად გახსოვთ...

- მისი საოცარი ფრაზები ჩემთვის დაუვიწყარია. მარინა იცეკვე, ცეკვა თავისუფლებაა, იცეკვე ყოველთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ხარ, ეს სულ დაგეხმარება... ერთად ვცეკვავდით, მისი ცეკვა ყოველთვის გამოსაჩენი იყო. ჩარლსტონიც მამამ მასწავლა. დაიმახსოვრე, არსებობს ენა, როემლიც დედამიწის ყველა კუთხეში გასაგებია ყველა ადამიანისთვის და ეს არის მუსიკა... მარტივი ადამიანური ჭეშმარიტებები ჩამიდო, რამაც ჩემში ფესვები გაიდგა. მთელი ცხოვრების გზა გამიკვალა. ერთხელ მითხრა, ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა მშვენიერია ზეციდან დედამიწა, უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ მას და ერთმანეთსო... დედა ყოველთვის ამბობდა, მამა რომ სამსახურში მიდიოდა და ისე ვაცილებდი, თითქოს ვემშვიდობებოდიო, რადგან არ ვიცოდი, დაბრუნდებოდა თუ არა. ცის მეშინოდა და რა ვიცოდი, უბედურება თუ დედამიწაზე ელოდებოდაო. დედა იყო ერთგულების ეტალონი. მამას გარდაცვალების შემდეგ 34 წელი იცოცხლა... ასეთი იყო ჩემი 36 წლის მამიკო, ჩემთვის საფიცარი ადამიანი.