ავტორი:

რატომ ალასკა? - მსოფლიო მორიგი სამშვიდობო შეთანხმების მოლოდინში: "საუბარია რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლაზე"

რატომ ალასკა? - მსოფლიო მორიგი სამშვიდობო შეთანხმების მოლოდინში: "საუბარია რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლაზე"

სრულიად ლოგიკურია, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ასეთი მნიშვნელოვანი სამიტი ალასკაზე გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

  • „რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრებიან. სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი დელეგაცია უბრალოდ ბერინგის სრუტეს გადაუფრენს და ორი ქვეყნის ლიდერების ასეთი მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი სამიტი ალასკაზე გაიმართება“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ლიდერები "უკრაინის კრიზისის ხანგრძლივი და მშვიდობიანი მოგვარების ვარიანტებს განიხილავენ“.

ამასთან, უშაკოვის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მომდევნო შეხვედრა, შესაძლოა, რუსეთში გაიმართოს.

"თუ მომავალზეც ვიფიქრებთ, მაშინ მიზანი ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შემდეგი შეხვედრის რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარება უნდა იყოს. შესაბამისი მოწვევა აშშ-ის პრეზიდენტს უკვე გადაეცა“, - აღნიშნა უშაკოვმა.

რა იგეგმება სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ?

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება.

"საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა გამოც სამწელიწადნახევარია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე შეიწირა. ახლა დაგეგმილია ამ მიწების ნაწილის დაბრუნება და ორმხრივი გაცვლის განხორციელება. პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ ტერიტორიების ნაწილს, გარკვეულ გაცვლებს განვახორციელებთ და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დასასრულებლად „რაღაცაზე ხელის მოსაწერად მზად უნდა იყოს“.

"ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მსოფლიო ომად გადაიქცეოდა. ეს მე შევაჩერე. ახლა ერთადერთი კითხვაა დარჩენილი, თუ როდის მოგვარდება ეს. შესაძლოა ეს ძალიან მალე მოხდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 15 აგვისტოს, აშშ-ის ალასკას შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„მაღალი მოლოდინის მქონე შეხვედრა ჩემს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის მომავალ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, აშშ-ის დიდებულ ალასკის შტატში გაიმართება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.