ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჭაობის დასახლებაში: ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე. წყლის მასა, კერძო სახლების ეზოებსა და სარდაფებშიც შევიდა. უხვი ნალექის გამო, სატრანსპორტო მოძრაობას აფერხებს. მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მიმართავს.


"დაიწყო ძლიერი წვიმა, რამაც პრობლემები შექმნა, დაფარულია სამანქანო გზები, ტროტუარები, რთული ვითარებაა ჭაობის დასახლებაში. ვითხოვთ დახმარებას"- ამბობენ ადგილობრივები.


სინოპტიკოსების ცნობით, 10 აგვისტოს ჩათვლით ხანმოკლე წვიმა იქნება, 9 აგვისტოს შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს +26, +27 გრადუსამდე. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი და შესაბამისად, ზღვაზე დიდი ტალღები იქნება.
"11 აგვისტოდან კი გამოიდარებს. 11 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით შავი ზღვის სანაპიროს უმეტეს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ანაკლიაში და აფხაზეთის სანაპირო ზოლში 11 და 13 აგვისტოს მცირე, ხანმოკლე წვიმა იქნება. 11-16 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს +30. +31 გრადუსამდე" - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.