გუშინ, 8 აგვისტოს თეთრ სახლში შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.თეთრ სახლში შეხვედრის დროს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის - ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ.
"ისინი დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან, მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს".
ტრამპმა ლიდერებს უწოდა "ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი" და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.
ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი AMBEBI.GE-სთან მხარეთა შორის გაფორმებულ ისტორიულ შეთანხმებას აფასებს:
- ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია გადავაფასოთ, ან არასწორად შევაფასოთ ის, რაც ახლახან მოხდა აშშ-ში - კავკასიაში ამერიკელების შუამავლობით გაიხსნა გზა სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ. ყარაბაღის კონფლიქტი იყო ერთ-ერთი პირველი კონფლიქტი, რომელმაც დიდწილად განაპირობა კავკასიაში სიტუაციის არევა და რამაც ჩვენი რეგიონი სერიოზულ ქაოსში გადაისროლა (რაც, სამწუხაროდ, დავინახეთ 90-იანებში, ადრეულ 2000-იანებში და რაც დღემდე გრძელდებოდა). საქართველოსთვის ეს კონფლიქტი იყო ორმაგი გამოწვევა - ერთის მხრივ, საუბარი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე იყო, ასევე, ჩვენც გვაქვს გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.
მეორეს მხრივ, ეს კონფლიქტი ეხებოდა სომხეთს, ასევე ჩვენს მეზობელს, რომელთანაც გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები. ამ კონფლიქტთან მიმართებით საქართველოს ნეიტრალიტეტი იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მოახერხა საკუთარი სუვერენული, რეალური ეროვნული ინტერესების განხორციელება ძალიან მაღალ ფასად, უკვე აშკარა იყო, რომ ეს კონფლიქტი ნელ-ნელა მილევად რეჟიმში იყო, ხოლო ფაშინიანის გადაწყვეტილებამ ეძიოს მშვიდობა კავკასიაში, ასევე რუსეთის ღალატმა (მას ჰქონდა აღებული ვალდებულება სომხეთის მხარდაჭერის, რაც არ გააკეთა და უღალატა სომხეთს) განაპირობა ამ კონფლიქტის მილევად რეჟიმში გადასვლა და ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ პირველად კავკასიის ისტორიაში აშშ-ს შუამავლობით, რუსეთის სრული გათიშვით და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხდება მრავალწლიანი, ძალიან სისხლიანი კონფლიქტის გადაჭრა და სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლის გადაქცევა ეკონომიკური წარმატების მაგალითად. ანუ ამერიკელები კავკასიიდან არსად მიდიან, პირიქით, მათ მოახერხეს კავკასიის სამხრეთ ნაწილიდან რუსეთის სრული განდევნა და ამ რეგიონის განვითარებაში პოზიტიური წვლილის შეტანა.
- მოახერხეს რუსეთის სრულად განდევნა, თუ ჯერ-ჯერობით რუსეთის პოზიციების შესუსტება?
- ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია თავდაპირველად იყო სრულიად განსხვავებული იმ რეალობისგან, რომელიც დადგა. რუსეთი ითხოვდა ამ კორიდორში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის არსებობას, მათ ეს არა მარტო არ გამოუვიდათ, არამედ პირიქით, ვხედავთ, რომ რუსული სამხედროების, რუსული სასაზღვრო პუნქტების, რუსული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, ზანგეზურის ტერიტორიაზე თავიდან ბოლომდე იქნება სომხური, აზერბაიჯანული და აშშ-ს წარმომადგენლობა. ანუ ამ მხრივ რუსეთის ინტერესი რაც იყო, ვერანაირად გამართლდა, პირიქით, ეს შეთანხმება, რომელსაც ვაშინგტონში მოეწერა ხელი, არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო და საზიანოდ მიმართული.

- სამხრეთ კავკასიაში პარალელური დერეფნის ამუშავებით, ბევრი ფიქრობს, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა შემცირდება, მეტიც, ზანგეზური მას ჩაანაცვლებს და რომ საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. სომხეთ-აზერბაიჯანისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის რისი მომტანია?
- ჩვენ გვექნება ორი კორიდორი - ერთი, რომელიც გავა ჩრდილოეთით და მეორე - სამხრეთით. აშკარაა, რომ სამხრეთის კორიდორი - ზანგეზური იმუშავებს ამერიკელების და პირადად დონალდ ტრამპის სერიოზული ჩართულობით. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორიდორს, მისი მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთი არ აღიქვამს სანდო პარტნიორად, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ყურადღება გადავიდეს სამხრეთ კორიდორზე. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში სიტუაცია შეიცვლება და თუ ანაკლიის პორტიც აშენდება, საქართველო მოიპოვებს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას და ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა შუა დერეფნის პროექტში არანაირად არ იქნება გაუქმებული, ან გათიშული.
მეორე თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თუ კავკასიის რეგიონი აღქმული იქნება როგორც სტაბილური მშვიდობის არეალი და მისი სამივე სახელმწიფო დასავლეთისა და ჩინეთის მიერ აღქმული იქნება როგორც სანდო პარტნიორები, ამ შემთხვევაში ტვირთების აბსოლუტური რაოდენობამ მნიშვნელოვნად გაიზრდება და შეიძლება პროცენტულად გადანაწილდეს ორ კორიდორზე. აბსოლუტურ ციფრებში ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და, შესაბამისად, როგორც ჩრდილოეთის კორიდორი საქართველოს გავლით, ასევე სამხრეთის კორიდორი ზანგეზურის გავლით, გამოიწვევს ტვირთების ჯამური რაოდენობის ზრდას და ორივე მხარე მოგებული დარჩება, თუმცა ამისთვის აუცილებელია: საქართველოს მიერ ანაკლიის პორტის აშენება, გაუმჯობესდეს ჩვენი ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან და ამ შემთხვევაში ორივე ნაწილი ამ კორიდორის ისარგებლებს იმ გაზრდილი ტვირთბრუნვით, რაც არის მოსალოდნელი.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანაკლიის პორტია, ასევე, რკინიგზის მოდერნიზება, რომელსაც წლების მანძილზე ვერ მოვაბით თავი, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა - თბილისში ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია როგორც დასავლეთთან, ასევე ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ნორმალური და არაკონფრონტაციული ურთიერთობების დამყარება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე და არა კონსპიროლოგიურ თეორიებზე, "დიფ სტეიტზე" და სხვა მავნებლურ სისულელეებზე, რაც დასავლეთს გვაშორებს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გამოიჩენს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კეთილგონიერებას, ამ შემთხვევაში შუა დერეფნის ჩანაცვლება არ მოხდება, მაგრამ თუ საქართველო გააგრძელებს პატარა სოფლის პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატარებდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია თუ გაგრძელდება, "ოცნება“თუ გააგრძელებს ევროპელი პარტნიორების ძაგებას და ევროპელ ელჩებზე თავდასხმას, ამ შემთხვევაში ევროპელები გაცილებით მეტ ყურადღებას სომხეთსა და ზანგეზურის კორიდორს დაუთმობენ. საერთაშორისო ურთიერთობების კანონია, როდესაც დასავლეთის პოზიტიური გავლენა მცირდება, რა თქმა უნდა, იზრდება სხვა რეგიონული ძალის გავლენა. საქართველოს შემთხვევაში რუსეთი არის ის რეგიონული ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდებით. ასე რომ, რაც უფრო მეტად გაუარესდება საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან, მით უფრო მეტად გაიზრდება რუსული გავლენები და მეტად შემცირდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლიც.
- რეგიონში აშშ-ს შემოსვლა და სამხრეთის დერეფნის კონტროლის ექსკლუზიური უფლება რუსეთისთვის დამაზიანებელი რომაა, სავარაუდოდ, ის რაღაც მავნებლობას შეეცდება, საბოტაჟი იქნება, ვითარების ესკალაცია სამეზობლოში და სხვა. შეთანხმების ჩაშლა ალბათ ნაკლებსავარაუდოა და რას უნდა ველოდოთ ოკუპანტისგან?
- დღეს რუსეთს არ აქვს არც პოლიტიკური, არც სამხედრო რესურსი საიმისოდ, რომ პირდაპირ ჩაერიოს ზანგეზურის კორიდორის საკითხში, თუმცა აბსოლუტურად მოსალოდნელია ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენება და რუსეთის გააქტიურება როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში. ჩვენ ნათლად დავინახეთ დაპირისპირება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, რაც სრულიად წარუმატებელი იყო. აზერბაიჯანის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე ტიპის წარმატება, რადგან აზერბაიჯანი სრულიად სუვერენულ, დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და მას ჰყავს მნიშვნელოვანი მოკავშირე თურქეთის სახით. თუმცა ამ შემთხვევაში თურქეთი გადამწყვეტი არაა, აზერბაიჯანმა მოახერხა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით საგარეო პოლიტიკის წარმოება. რაც შეეხება სომხეთს, აქ სიტუაცია ცოტა უფრო საინტერესოა იმიტომ, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა ფაშინიანის ხელისუფლების დამხობას, რუსეთი აფინანსებდნენ სხვადასხვა დაჯგუფებებსა და პარტიებს სომხეთის შიგნით, ასევე, გაზრდილია რუსეთის მხრიდან ეკონომიკური წნეხი სომხეთზე.

ამასთან, სომხეთში უახლოეს მომავალში გველოდება საპარლამენტო არჩევნები და რუსეთი ყველანაირად ეცდება პრორუსულ, მისთვის სასურველ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი. ვხედავთ, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს სომხეთის ეკლესიის საკითხს და მის შიგნით არსებული რუსული აგენტურა ასევე ცდილობს ფაშინიანის ხელისუფლება შეკვეცოს, ან დაამხოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ფაშინიანი ახერხებს ამ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას, მისი ხელისუფლება მყარია, რაც გასული წლის განმავლობაში ვნახეთ - ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ მოახერხა მისი ხელისუფლების შერყევა. ასე რომ, რუსეთი რა თქმა უნდა, ეცდება ჩაშალოს ახლად დადებული ხელშეკრულება, თუმცა მას არ გააჩნია პოლიტიკური თუ სამხედრო რესურსი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ წარმატებას მიაღწიოს.
რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტს ყოველთვის იყენებდა როგორც ბერკეტს სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ახლა, როდესაც მას ეს ბერკეტი აღარ აქვს, ის ეცდება გამოიყენოს მათდამი კეთილგანწყობილი "ქართული ოცნება", როგორც ბერკეტი სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სამწუხარო, ეს მოვლენების სრულიად ლოგიკური განვითარებაა და ჩვენ უკვე გვაქვს ამის ნიშნები: მაგ. ცოტა ხნის წინ სომხური ტვირთისთვის საბაჟოზე პრობლემების შექმნა, მეორე საკითხია, როცა რუმინეთში საქართველოზე გამავალ ბუნებრივ რესურსებში ქლორის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს, რაც ქმნის რუსული საბოტაჟის სერიოზულ ეჭვებს. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ რაც უფრო მეტად დაახლოვდება რუსეთთან, ხოლო ჩვენი მეზობლები რაც უფრო მეტად დაშორდებიან რუსეთს, საქართველოსთვის მით მეტად გაიზრდება საფრთხე, რომ რუსეთმა გამოგვიყენოს როგორც იარაღი მეზობლების წინააღმდეგ. ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა, ძალზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ჩავიდნენ იქ და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო სრულიად გათიშულია იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელიც კავკასიაში მიმდინარეობს.
„ქართული ოცნება“ გვპირდებოდა აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენი მეზობლები, პირველი პირები ჩავიდნენ ვაშინგტონში, შეხვდნენ აშშ-ს პრეზიდენტს, ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, ხოლო „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი იქ არ ჩასულა, პირიქით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობით. საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის აშშ-სთან და დასავლეთთან პარტნიორობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ისინი უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან საკუთარი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებით ყველაფრის ფასად, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ამას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ეწირება.
წაიკითხეთ ასევე: