ავტორი:

"აპრილის ერთ საღამოს, პატარა ენოტი მოგვადგა, საწოვარათი ვცადე გამოკვება, სამი დღე მაწვალა..." - ენოტი ცაცუ, რომელიც ადამიანებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობს

"აპრილის ერთ საღამოს, პატარა ენოტი მოგვადგა, საწოვარათი ვცადე გამოკვება, სამი დღე მაწვალა..." - ენოტი ცაცუ, რომელიც ადამიანებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობს

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელი კამპანიამ მოიცვა - "დააბრუნეთ ცაცუნა“. ცაცუ დედალი ენოტია, რომელმაც სამი თვის წინ ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანში ყაველაშვილების ეზოს მიაკითხა და მას შემდეგ საცხოვრებელი აღარ მიუტოვებია. უმწეო პატარა შეიფარეს, საწოვარათი ჭამა ასწავლეს და იმ დღიდან ნინოს შვილობილად იქცა.

ცაცუს დღე თუ ფარდულის სახურავზე ეძინა, ღამით პატრონის საწოლზე მოკალათდებოდა, დაუმეგობრდა ეზოს ბინადარ ძაღლებს და კატებს და თავი ოჯახის სრულუფლებიან წევრად ჩათვალა. მერე ვიღაცის საჩივრის საფუძველზე (თითქოს გარეული ცხოველი დატყვევებული ჰყავდათ) ცაცუ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წაიყვანეს და ზოოპარკს გადასცეს. როგორც ნინო Amebi.ge-სთან ამბობს, საქმე მინისტრის დონეზე გადაწყდა და მოხდა უპრეცედენტო რამ - საყვარელი ენოტი დედობილს დაუბრუნდა.

  • ცაცუნას ისტორიას მისი პატრონი ინგა (ნინო) ყაველაშვილი მოგითხრობთ:

- ჩვენი ისტორია ცაცუნას აღმოჩენით დაიწყო. აპრილის ბოლოს, ერთ საღამოს, პატარა ენოტი ჩვენს ადგილში (სოფელი ჭაბუკიანი) მოგვადგა, ძაღლი უყეფდა. ძალიან პატარა იყო, ვიფიქრე, სადმე დედაც ეყოლებოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. რძე შევთავაზე, არ ჭამა, ძალიან გამხდარი იყო, თუმცა კონტაქტური აღმოჩნდა. მეორე დღესაც ჩამოვიდა, შიში არ იცოდა რა იყო, იმ ტერიტორიაზე მარტო მოძრაობდა. მერე საწოვარათი ვცადე გამოკვება, მაგრამ იმითაც ვერ ჭამა, სამი დღე მაწვალა, სანამ წოვას დაიწყებდა.

მშიერს ხომ არ მოვკლავდი, ან ხომ არ გავაგდებდი?! უკან ეზოში იყო და არსად მიდიოდა, ჩემს ძაღლებს და კატებს მიეჩვია (33 ძაღლი და 6 ფისო მყავს). ამასობაში ცაცუ წამოიზარდა, სახლის კარი ღიაა, ზაფხულია, დაბოდიალობდა თავისთვის. პატარას სხვა რეჟიმი ჰქონდა, როცა წამოიზარდა, მთელი დღე ეძინა ფარდულის სახურავზე, შებინდებისას გადიოდა და მერე გვიან ბრუნდებოდა. რომ არ გამოჩნდებოდა, თავიდან ისე ვნერვიულობდი, მერე შევნიშნე, რომ ფარდულის სახურავზე ადიოდა და იქ იძინებდა, მერე იქიდან ჩამოყვანას მე მთხოვდა, განა არ შეუძლია, მაგრამ მე მაწუხებს. ზოგადად, ლაგოდეხში ძალიან ბევრი ენოტი ბინადრობს, ეზოებში შედიან, სახლის სახურავებში ცხოვრობენ...

- როგორი ზნე-ხასიათისაა ცაცუნა?

- თბილია, ძაღლივით კუდს არ გიქიცინებს, მაგრამ ყოველწუთიერი კონტაქტი სჭირდება იმისთვის, რომ იყოს კონტაქტური. როგორც კი ხმას აუწევ, მაშინვე აგრესიას გამოხატავს, ბრაზდება. როცა ვეტყვი, მოდი, გაკოცო დადუნა-მეთქი და სახეს მივუტან, მაშინვე თათოებს მომიცაცუნებს და გიჟივით მკოცნის. გარეული ცხოველია და თამაშ-თამაშში კბენა მის ბუნებაშია, თამაშის დროს მკბენს, ოღონდ, ნაზად. ღამით ჩემს საწოლზე ამოდის და იქ იძინებს. როცა მოშივდებოდა, მოვიდოდა, მძინარეს სახეზე მიცაცუნებდა და თუ არ ავდგებოდი, პირდაპირ საკბენად დამეტაკებოდა, ამიტომ საწოვარა სულ გამზადებული მქონდა. თავიდან კარგად მიირთმევდა ხორცს (საქონლის ხორცს, ქათმის ფილეს), ახლა არ ვიცი, სიცხეების გამოა თუ რა, ხორცზე აღარ იწევს, ძაღლის ხარისხიან კორმს მიირთმევს, საზამთროზე და პურზე გიჟდება, უყვარს კიტრი, ნაყინი და ტკბილეული, ფაქტობრივად, ყველაფერს ჭამს. ამ ცხოველს შენს ჭკუაზე ვერ ატარებ, მთელი დღე სძინავს და ძახილით რომ გასკდე, სანამ მისი ნება არაა, არ ადგება და არ გამოგხედავს. ძირითადად მე და დედა ვართ სახლში და ჩვენთანაა მიჩვეული, ისე, უცხოობა იცის. ძაღლებთან მიჩვეულია, ეთამაშება, კბენს, მაგრამ უცხო ძაღლის ხმაზე იმალება. დასდევს ხოჭოებს და ბუზებს...ცაცუ ხეზე ადიოდა და იქიდან ვაშლებს მიყრიდა, ხან წიწაკებს წყვეტდა ბოსტანში. ერთი კნუტი მყავს, მუდმივად იმას დაათრევს, ეთამაშება, ისიც არ გაურბის, გაქცევა შეუძლია, მაგრამ არ გარბის, კივის და წივის.

- როგორ და რატომ წაიყვანეს ცაცუ?

- ცაცუ 3 თვეა, რაც მყავს, აქ გაიზარდა. როგორც კი ცაცუ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, გაჩნდა მისი ვიდეოებიც, სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი და ბევრი ფანიც გამოუჩნდა. მისი დატყვევება, ან რამეში გამოყენება არც არასდროს მიფიქრია. დიდი რომ ყოფილიყო, ალბათ მისით არც დავინტერესდებოდი, რადგან პატარა, უმწეო და უსუსური იყო, მოვუარე. რომ არ ჩავრეულიყავი, ალბათ დაიღუპებოდა. ამ ამაგში, მოვლასა და ღამეების თევაში კი შემიყვარდა, რაც ადვილია ჩემისთანა ადამიანისთვის, ვისაც ცხოველები ძალიან უყვარს. ვოლიერიც მაქვს, მაგრამ არასდროს ჩამისვამს, აქვს სრული თავისუფლება, ასე კუდში დავდევ და რაც ის მყავს, ნორმალურად არც მიძინია. ცაცუ ძალიან ინტერესიანია, მაგრამ ასე თუ მიიჩვევ, არაფერი უნდა, სადაც უნდა წავიდეს, არ დაიკარგება და უკან ბრუნდება. მისთვის საფრთხე გარესამყაროა, ადამიანი და ცხოველი. ჩვენთან მას საფრთხე არ ემუქრება. ერთ მეზობელს ცოტა აგრესიული ძაღლი ჰყავს, სულ მქონდა შიში, იქით არ გასულიყო, მაგრამ ერთხელაც, ცაცუ ღობეზე ამოძვრა, გამოტანტალდა და არც ვიცი, როგორ - იმ ძაღლმა ცაცუ დამიგლიჯა, ძაღლს პირიდან გამოვგლიჯე, მაგრამ თათი და გვერდი დაუზიანდა. თვითონაც ვეტერინარი ვარ, მაგრამ იმხელა პრაქტიკა არ მაქვს. ჩემი ვიდეოების მერე, ერთმა ვითომ ცხოველთა დამცველმა იჩივლა, თითქოს მე დატყვევებული მყავდა ცხოველი, შედეგად, გარემოს დაცვიდან მოვიდნენ და ცაცუ წაიყვანეს, მერე ზოოპარკში გადაიყვანეს.

- მერე დაიწყო კამპანია "დააბრუნეთ ცაცუნა“... რამ განაპირობა მისი დაბრუნება, არაა ეს იოლი საქმე...

- ჩემს პოსტს მოჰყვა ყველაფერი - დავწერე, რომ წაიყვანეს ცაცუნა და ახმაურდა ყველა. გარემოს დაცვამაც გაითვალისწინა ეს, დიდი მადლობა ყველას. მითხრეს, ჩუმად გყავდა ენოტიო, ჩუმად როგორ მყავდა, საჯარო იყო ჩემი ვიდეოები, მინდა, რომ ადამიანებმა შეიყვარონ ცხოველები და სხვანაირად შეხედონ მათ. რატომ მოიშინაურეო... საჭმელი რომ ვაჭამე, რამე დავაშავე? ჩამერტყა, მომეკლა, ან გამეგდო, უკეთესი იქნებოდა? აზრს ვერ ჩავწვდი, რატომ მედავებოდნენ. ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიძე ძალიან გულისხმიერია, რჩევებს მაძლევდა, მითხრა, ყველაფერს თავისი წესი აქვს, გარემოს დაცვამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე ვერაფერს ვიზამო. ისიც მითხრა, რომ ცაცუ ძალიან მოწყენილი ყოფილა ზოოპარკში. ჩემმა შვილმა მოინახულა ზოოპარკში და მითხრა, მიცნო და მაშინვე ჭამა დაიწყოო. ბოლოს, როგორც გავიგე, მინისტრი სონღულაშვილი ჩაერია საქმეში, მის დონეზე გადაწყდა ცაცუს დაბრუნების საკითხი, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, წაყვანით ბევრი წაუყვანიათ, მაგრამ უკან არავინ დაუბრუნებიათ. ცაცუ 7 აგვისტოს წაიყვანეს და 9-ში დამიბრუნეს. ცაცუ არანაირი ტყვე არაა, ის ღია სივრცეში გადაადგილდება. ვფიქრობ, ხალხის აზრიც გაითვალისწინეს და თვითონაც მიხვდნენ, რომ ასე აჯობებდა ცხოველისთვის.

- როგორი რეაქცია ჰქონდა შინ, ნაცნობ გარემოში დაბრუნებულ ცაცუს? ეს საყვარელი ენოტი მთელმა საქართველომ გაიცნო და, ფაქტობრივად, ვარსკვლავად იქცა...

- ძალიან დასტრესილი იყო, ამ სიცხეში მთელი 3 საათი ღია პიკაპით მოჰყავდათ. დამინახა თუ არა, მომახტა და კისერზე ჩამომეკიდა, მერე ძაღლებს მიეფერა, ნელ-ნელა მოვიდა აზრზე, გაცეტებული დარბოდა, დახტოდა, კოტრიალობდა, ხან ფარდებს ჩამოეკიდა, ემოციებს ვერ მალავდა. ჭკუაზე არ იყო, მთელი ეზო შემოირბინა, მერე უკანა ეზოში გავიდა, სხვა ძაღლები მოინახულა და ბოსტანს მიაკითხა. ახლა უნდა მივხედო ჩემს ცაცუს, კლინიკაში მიმყავს, არ ვიცი, ოპერაცია დასჭირდება, თუ მკურნალობა.

ნახევარ საქართველოს შევაყვარე ჩემი ცაცუ, სუპერ-ვარსკვლავი გახდა. მიყვარს, ადამიანებს დადებით ემოციებს რომ აწვდი. მიხარია, ამდენი გულშემატკივარი რომ ჰყავს, ასე გვერდით რომ დამიდგნენ... როცა აქ არ იყო, გათიშულს მეძინა, მანამდე სულ ძილ-ღვიძილში ვიყავი. დილით რომ გამეღვიძა, სულ ცაცუს კრუალის ხმა ჩამესმოდა, თავისებურ ხმებს გამოსცემს, საყვარლად. კრიალა გოგოა ჩემი ცაცუ.

- ამდენი ცხოველის მოვლას ეხუმრებით? რა სახსრებით აბამთ თავს ამ კეთილშობილურ საქმეს?

- მაქვს ჩემი შემოსავალი, კარგი ხელფასი, ბინაც გაქირავებული მაქვს. ვაკეთებ ჩირეულს, ვყიდი, მომყავს ეკოპროდუქტები. კარგი სათბური მქონდა, იქიდანაც კარგი შემოსავალი, მაგრამ ამ ზამთარს გამიყინა - თბილისში ვიყავი, ქარს ჩამოუტეხია კარი და მთელი სათბური გამიყინა, არადა, კარგად მეხმარებოდა. ფაქტობრივად ჩემი შემოსავალი ცხოველებს ხმარდება, არა მარტო საკუთარს, ქუჩისებსაც - ქუჩაშიც 200-მდე ძაღლი მყავს მისახედი. მე ვიკლებ და ამათ არ ვაკლებ არაფერს. იურისტი ვარ და რადგან ამდენი ცხოველი მყავს, მათი სიყვარულით მეორად პროფესიად ვეტერინარია ავირჩიე. ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები, კომუნისტების დროს დათვის ბელიც კი მყავდა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალს ჩავაბარეთ. მყოლია გარეული ფრინველებიც... ნეტა იმდენი საშუალება მქონდეს და საქართველოში გაჭირვებულ და მიუსაფარ ძაღლს ვერ ნახავდით...