ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ჯორჯიის შტატში, უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა: მეტეორიტი სახლს დაეცა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოსმოსური სხეული, სავარაუდოდ, ჩვენს პლანეტაზე გაცილებით ძველია.
NASA-მ დაადასტურა, რომ 26 ივნისს, დღისით, ჯორჯიის შტატის თავზე მეტეორიტი გადაფრინდა, რის შემდეგაც აფეთქდა. ამ მოვლენას ასობით ადამიანი შეესწრო როგორც ჯორჯიაში, ისე მის მეზობელ შტატებში.
ქალაქ მაკდონოში ერთ-ერთი სახლის სახურავი მეტეორიტის ფრაგმენტმა გახვრიტა. ჯორჯიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ქვა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი ტიპის მიხედვით, ის 4,56 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ მეტეორიტი დედამიწაზე დაახლოებით 20 მილიონი წლით ძველია.

მეტეორიტი, რომელსაც მოგვიანებით "მაკდონოს მეტეორიტი" ეწოდა, ჯორჯიის შტატში ნაპოვნი რიგით 27-ე მეტეორიტია. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში მოძრაობისას მისი ზომა და სიჩქარე სწრაფად მცირდებოდა, სახლთან შეჯახების მომენტში მისი სიჩქარე მაინც წამში არანაკლებ 1 კილომეტრს შეადგენდა.
ჰარისის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები და საზოგადოების ყურადღება ხელს უწყობს მეტეორიტების აღმოჩენას, რაც ადრე ათწლეულებში ერთხელ ხდებოდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მეტეორიტის შემადგენლობისა და სიჩქარის შესახებ მიღებული დასკვნები სხვა კოსმოსური სხეულების საფრთხის გაგებაში დაეხმარება.

ჰარისმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში დედამიწაზე დიდი ზომის კოსმოსური სხეული ჩამოვარდეს, რამაც კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. ამიტომაც, მისი აზრით, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ასეთი მოვლენებისთვის და შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა.